რუსული სპორტის კატასტროფა

ალექს ოვეჩკინი
რუსეთში სპორტული რეგრესი 2-3 წლის წინ დაიწყო და საერთაშორისო არენაზე ცუდი, უფრო ხშირად კი კატასტროფული შედეგებიც მთავარ თემად იქცა. უკუსვლა რუსებისთვის ყველაზე აქტუალურ, საინტერესო და პოპულარულ სახეობებს შეეხო.
ჩოგბურთით დავიწყოთ.
2004-ში რუსული ჩოგბურთის ყველაზე გავლენიანი ფიგურა, დევისის თასზე ნაკრების კაპიტანი შამილ ტარპიშჩევი ქალების ჩოგბურთში ახალ რევოლუციაზე ალაპარაკდა. ალაპარაკდა და სეზონის ბოლომდე არც გაჩუმებულა. პრინციპში, ამის მიზეზი ჰქონდა. როლან გარო ანასტასია მისკინამ, უიმბლდონი მარია შარაპოვამ, ამერიკის მეიჯორი კი სვეტლანა კუზნეცოვამ მოიგეს. პირველი ოცეული რუსებით გადაიტვირთა და ჩოგბურთის ფედერაციამაც რუსეთის ფედერაციისგან მომდევნო სამი სეზონისთვის 35 მილიონი დოლარი მიიღო.
2007-ში შვედმა ვეტერანმა მაგნუს ლარსონმა ავსტრალიის ღია პირველობამდე ტურნირის ორგანიზატორებთან საუბარში აღნიშნა, რომ მას აქვს ინფორმაცია 7 ჩოგბურთელის შესახებ, რომლებიც ბოლო 24 თვის განმავლობაში აკრძალულ პრეპარატებს იყენებდნენ და თუ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია დაინტერესდებოდა, მტკიცებულებებს წარადგენდა. ლარსონმა არ დაასახელა გვარები, მაგრამ BBC-სთან ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ სპორტსმენების უმრავლესობა რუსი ქალები იყვნენ. შვედისთვის ამ თემაზე (ოფიციალურად) არავის აღარაფერი უკითხავს.
2008-ში რუსებს WTA-ს რეიტინგის პირველ ოცეულში 7 სპორტსმენი ჰყავდათ, პირველ ათეულში - 5 (საფინა, დემენტიევა, ზვონარევა, კუზნეცოვა, შარაპოვა). 2009-ში ოცეულში უკვე 6 რუსი ქალბატონია და ათეულში - 4. პროტურის მიმდინარე რეიტინგში ოცეულში 4 რუსი ქალია, ათეულში კი - მხოლოდ ვეტერანი ელენა დემენტიევა. სექტემბრამდე დემენტიევა ტრავმის გამო ვერ ითამაშებს და რუსებს, პირველად 2002 წლის შემდეგ, შეიძლება ათ საუკეთესოში არც ერთი წარმომადგენელი არ ჰყავდეთ.
ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე და ამ მეგაფორუმის მერეც ყველაზე ხშირად ერთმანეთთან მიმართებაში ახსენებდნენ სიტყვებს „რუსეთი” და „სირცხვილი”. კანადაში რუსეთმა 3 ოქროს მედლით პირადი ანტირეკორდი დაამყარა, ხოლო ფიგურულ სრიალში, პირველად ისტორიაში, ვერც ერთი ოქრო ვერ აიღო.
ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინმა მოკლედ შეაფასა ნაკრების ცუდი შედეგი და ორი სიტყვით შემოიფარგლა - „ბუდემ რაზბირატსა”. პუტინის „რაზბორმა” მეორე დღესვე 7 სპორტული ფედერაციის პრეზიდენტი შეიწირა, შეკვეცა ამ ფედერაციების წლიური ბიუჯეტი და მხოლოდ ბიატლონის ფედერაციას გადაუსვა თავზე ხელი. ოლიმპიადაზე აღებული სამი ოქროდან ორი ბიატლონისტებს ეკუთვნოდათ.
ამ ფედერაციის პრეზიდენტად 2008-ში დანიშნეს პუტინის მეგობარი მილიარდერი მიხაილ პროხოროვი, რომელიც წელს საკალათბურთო გუნდის ნიუ ჯერსი ნეთსის მფლობელი გახდა. პროხოროვამდე ბიატლონისტებს ბოსად ჰყავდათ ლეგენდარული ბიატლონისტი ალექსანდრ ტიხონოვი, რომელიც 2007-ში ორი გავლენიანი რუსი პოლიტიკოსის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. სამჯერ დაპატიმრებული პროხოროვი არჩევნებამდე საფრანგეთში, კურშეველში დააკავეს და არასრულწლოვანი მეძავების იმპორტი წაუყენეს ბრალად. ბრალდება ორ დღეში მოიხსნა, თემა დაიხურა, სამ თვეში კი საფრანგეთის ბიატლონის ფედერაციას რუსებმა მეგობრული ჟესტით 3 მილიონი ევრო „ათხოვეს”.
პროხოროვი აქტიურად ჩაერთო ბიატლონში. არსებობს უამრავი გზა, რითაც კონკრეტულ პერსონას მწვერვალზე ასვლა და იქ ბოლომდე დარჩენა შეუძლია - პროხოროვის ეს განცხადება 2008 წლის 18 ნოემბერს, მსოფლიო თასის ეტაპის წინ გაკეთდა. ყველა გზამ ვერ გაამართლა და ოთხ თვეში რუსების ლიდერები დმიტრი იაროშჩენკო, ალბინა ახატოვა და ეკატერინა იურიევა სეზონის ბოლომდე ყველა ტურნირიდან მოკვეთეს. სამივემ დოპინგტესტი ჩააგდო.
რუსეთში ყველაზე პოპულარული სახეობა ჰოკეია. იქაურ ლიგაში გრძელდება NHL-ის მოთამაშეების გადასვლა, გუნდები არანორმალურ თანხებს ხარჯავენ და ვანკუვერშიც რუსეთმა თავის ისტორიაში უდიდესი ნაკრები ჩაიყვანა. ალექს ოვეჩკინი, ევგენი მალკინი, პაველ დაციუკი (NHL-ის 2009 წლის საუკეთესო მოთამაშეების პირველი ტრიო), ილია კოვალჩუკი, ილია ბრიზგალოვი... მთელი ნაკრების ჩამოთვლა შეიძლება. ეროვნულ გუნდში ლეგენდარული სერგეი ფიოდოროვიც დაბრუნდა. ერთადერთი ტურნირი, რომელიც ფიოდოროვს არასოდეს მოეგო, ოლიმპიადა იყო.
ტურნირის მსვლელობისას კანადურ, რუსულ, ჩეხურ მასმედიაში სტაბილურად აქვეყნებდნენ საინტერესო ფოტოებს - ოვეჩკინი კალიანს ეწევა, მალკინი კაზინოში ორ მანდილოსანთან ერთად რულეტკას უზის, კოვალჩუკი ჩეხ ქალ მოთხილამურეებთან ერთად რესტორანშია და არაყს ურტყამს. უბრალოდ, რუსეთი იგებდა და რუსები ამას ყურადღებას არ აქცევდნენ. მერე კი იყო პლეი-ოფი, რუსეთი-კანადა და 3:7. ოვეჩკინმა ყინულზე ვეღარ იცელქა, კანადამ საუკუნის მატჩში რუსეთი გაანადგურა და ოლიმპიურ სოფელში ოვიმ ჯერ რუს ტელეოპერატორს კამერა დაუმტვრია, მერე კი წაგებაში მსაჯები დაადანაშაულა.
მდგომარეობა აირია კალათბურთშიც. ეროვნული ნაკრები ნორმალურად კი გამოვიდა ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ საკლუბო დონეზე, სადაც რუსები ევროპაში ყველაზე მეტს ხარჯავენ, რუსეთი უტიტულოდ დარჩა და წლის მთავარი სკანდალიც რუსულ სუპერლიგას ეხება.
მეოთხედფინალური სერიის მსვლელობისას, რომელშიც ლოკომოტივი და დინამო ხვდებოდნენ ერთმანეთს, გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც სუპერლიგის პრეზიდენტი მაქსიმ ასტანინი სამსაჯო ბრიგადის ხელმძღვანელს ჯერ დინამოს მოგებაში „ადანაშაულებს”, მერე კი პირდაპირ ეუბნება, თუ ლოკომოტივი სერიას ვერ მოიგებს, პრობლემები შეგექმნებაო.
ასტანინმა ჩანაწერს გაღიზიანებული და უსაქმური ჟურნალისტების ფანტაზია უწოდა, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგეი ჩერნოვმა ასტანინს თავზე ხელი გადაუსვა და ისიც არავის გახსენებია, რომ მატჩი, რომელსაც ასტანინისა და სამსაჯო ბრიგადის შეფის საუბარი შეეხო, მართლა ლოკომოტივმა მოიგო.
ცსკა ფულს ათეთრებს? შეიძლება ათეთრებს და შეიძლება - არა. უბრალოდ, როდესაც რუსმა ჟურნალისტებმა ევროპული კალათბურთის გრანდი ფულის გათეთრებაში (საეჭვო კონტრაქტების გაფორმებასთან დაკავშირებით) დაადანაშაულეს, ჩერნოვს გაეცინა - რუსულ არმიას ფულის გათეთრება არ სჭირდებაო. ფაქტია, კლუბმა დამტვრეულ, ბებერ მატიაშ სმოდიშს ახალი სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომლითაც სლოვენიელი ფორვარდი სეზონში 5 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს. წინა სეზონში სმოდიშმა მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ფეხბურთში რომან აბრამოვიჩმა პირადი ფონდიდან დააფინანსა მთელი ნაკრები და გუს ჰიდინკი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა. რუსებმა შესარჩევში გერმანიასთან ორივე მატჩი წააგეს და პლეი-ოფში სლოვენიაზე გავიდნენ. მოსკოვში ფავორიტებმა 2:1 მოიგეს და მერე გაუგებარი ამბები მოხდა.
განმეორებითი შეხვედრის წინ მედვედევმა რუსეთის მთელი საფეხბურთო კავშირი გაათავისუფლა, არშავინი, ერთ-ერთი ბერეზუცკი და აკინფეევი კი ფილიპ კირკოროვთან ერთად მთელი ღამე დისკოთეკაზე იყვნენ. მედვედევი თამაშზე ჩავიდა, vip-ში ჩამოჯდა და... მერე დედიჩმა ერთი შეაგდო, არშავინი და ჟირკოვი გააგდეს და რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე დარჩა. ჰიდინკისა და მისი სამწვრთნელო შტაბის შენახვა აბრამოვიჩს დაახლოებით 17 მილიონი დოლარი დაუჯდა...
ასეთი დაფინანსება და ასეთი კრიზისი? ეს მხოლოდ რუსეთში შეიძლება მოხდეს.



 

კომენტარები