ჰილარი კლინტონი საქართველოს ეწვევა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, საქართველოს იმ ტურნეს ფარგლებში ეწვევა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში სტაბილურობის მხარდაჭერას და 1-5 ივლისამდე გაგრძელდება. საქართველომდე კლინტონი უკრაინას, პოლონეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ესტუმრება.
„სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერის კონკრეტული გამოხატულება იქნება”, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ 25 ივნისს და დასძინა, რომ საქართველო ამერიკისთვის ძვირფასი მოკავშირეა.
კლინტონის ვიზიტს დამატებით მნიშვნელობას სძენს ისიც, რომ მას წინ უძღოდა მედვედევის ვიზიტი აშშ-ში. ამ ვიზიტისას აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა ღიად გამოხატეს უთანხმოება საქართველოს საკითხზე. მეტიც, ობამას ადმინისტრაციამ რუსეთს ოკუპანტი უწოდა და ოკუპაციის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.
თბილისში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ სააკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და, ასევე, ქალ ლიდერებს შეხვდება, - განაცხადა ფილიპ გორდონმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.
გორდონმა ისიც აღნიშნა, რომ კლინტონი უკრაინასა და საქართველოში, სავარაუდოდ, რუსეთზეც ისაუბრებს. „თუმცა, ეს საკითხი ამ ვიზიტის მიზეზი არ არის, - განაცხადა მან, - არ გვგონია, რომ აშშ-ს უკეთესი ურთიერთობები რუსეთთან ვინმესთვის შეშფოთების საგანი უნდა იყოს”. მან ისიც განაცხადა, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესება პარტნიორების ხარჯზე რომ არ ხდება, ეს ისედაც ცხადია და ამაზე კლინტონი ბევრს არ ისაუბრებსო. თუმცა, იქვე განმარტა, რომ თუ ვინმეს კვლავ აქვს ეჭვები ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო მდივანი სიამოვნებით განიხილავს საკითხს.
გორდონმა კვლავ დაადასტურა აშშ-ს უკმაყოფილება რეგიონში არსებული ვითარებით, მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაუშვას საერთაშორისო მისიები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ფილიპ გორდონის თქმით, ჰილარი კლინტონი საქართველოში აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის მიმდინარეობასა და 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების შედეგებს განიხილავს.
სახელმწიფო მდივანი, სავარაუდოდ, საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასა და მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრებს. 2009 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე, კლინტონმა მას ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საქართველოსადმი მხარდაჭერა დაუდასტურა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდა. მან სააკაშვილს სტრატეგიული მოთმინების გამოჩენაც ურჩია, ვინაიდან შეუძლებლად მიიჩნია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემის მალე მოგვარება.
ჯერ კიდევ სენატორობის დროს კლინტონი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და დემოკრატიულ განვითარებას. თავის დროზე სწორედ ის იყო ინიციატორი, ჯონ მაკკეინთან ერთად, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნების პროდასავლური ლიდერები - მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშჩენკო - ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარედგინათ.
შემდგომში ის უკვე აშშ-რუსეთს შორის გადატვირთვის პოლიტიკის ერთ-ერთ შემოქმედად მოგვევლინა, როგორც ობამას ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი. რუსეთთან აშშ-ს ურთიერთობის დათბობამ ბევრი შეაშფოთა, მათ შორის, ქართველებიც. თუმცა, ჰილარი კლინტონი თავის გამოსვლებში შემდგომაც ყოველთვის ღიად გამოხატავს თავის მხარდაჭერას საქართველოსადმი.
2010 წლის 29 იანვარს, პარიზის კონფერენციაზე, კლინტონმა ევროპაში უსაფრთხოების ძირითად პრინციპებზე საუბრისას განაცხადა: „ჩვენ უარს ვამბობთ, ვაღიაროთ რუსეთის პრეტენზიები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. უფრო ფართო კონტექსტში კი ჩვენ ვეწინააღმდეგებით ევროპაში გავლენის რამე სფეროებს, სადაც ერთი ქვეყანა ცდილობს, გააკონტროლოს მეორე ქვეყნის მომავალი”.
კლინტონის თქმით, ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იმ ძირითად პრინციპებს შორისაა, რომლითაც აშშ ხელმძღვანელობს ევროპის უსაფრთხოების ფორმირებაში, გაძლიერებასა და შენარჩუნებაში, ასევე მისი როლის განხილვისას.
მომავალ კვირას დაგეგმილია კიდევ ერთი პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში. 14 ივლისს, იმ დღეს, როცა ფრანგები დამოუკიდებლობას აღნიშნავენ, თბილისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა 29 ივნისს განაცხადა. ვიზიტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.


 

კომენტარები