ახლა ყველანი კეინსიანელები ვართ?

ეკონომიკური თავისუფლების აქტის თანახმად, სახელმწიფო ხარჯი - მშპ-ს 30%, დეფიციტი - მშპ-ს 3% და საგარეო ვალი - მშპ-ს 60% უნდა იყოს. დღევანდელი მდგომარეობით, სამივე პარამეტრი დარღვეულია. საქართველოს მთავრობამ შარშან ქამრების მოჭერის პოლიტიკა გამოაცხადა. 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს ეს პოლიტიკა თითქმის არ ემჩნევა.
წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 6.8 მილიარდი ლარია ანუ მშპ-ს 35.5% (რაც ეკონომიკური თავისუფლების აქტის შესაბამის პარამეტრს 1.2-ჯერ აღემატება).
ბიუჯეტის მიხედვით, მცირდება თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და სოციალური დაცვის დაფინანსება. მეორე მხრივ, შრომის ანაზღაურების, საქონლისა და მომსახურების შეძენის ხარჯები მნიშვნელოვნად არ შემცირებულა - ზოგიერთ მხარჯავ დაწესებულებაში გაიზარდა კიდეც, რაც ეწინააღმდეგება ქამრების მოჭერის პოლიტიკას.
საქართველოს საბიუჯეტო დეფიციტი 6%-ია (და ეკონომიკური თავისუფლების აქტის შესაბამის პარამეტრს 2-ჯერ აღემატება), რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე შემოსავალს ღებულობს.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გადასახადების, გრანტებისა და სხვა შემოსავლებისგან შედგება. 2010 წელს, შარშანდელთან შედარებით, ზრდა მხოლოდ გადასახადებზე მოდის, ხოლო გრანტები და სხვა შემოსავლების პროგნოზები 2009 წლის შესაბამისი მაჩვენებლების ტოლია.
ქონებისა და აქციზის გადასახადები, რომლებზეც ეკონომიკური თავისუფლების აქტი არ ვრცელდება, ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, უკვე გაზრდილია.
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის შეფასებით, 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 24% არ წარმოადგენს შემოსავლებს და იგი ძირითადად ვალდებულებების ზრდის ხარჯზე მიიღება.
წელს უცხოეთიდან მიღებული კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებული პროექტების საერთო ღირებლება შეადგენს 769 მილიონ ლარს, რაც 84 მილიონი ლარით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს.
სახელმწიფოს მიერ სესხების აღებით, 2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული იქნება 1.3 მილიარდი ლარი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 19.4%-ია. საგარეო ვალდებულებების მატება გათვალისწინებულია 1.2 მილიარდი ლარით, ვალდებულებების დაფარვა - 135 მილიონი ლარით.
საშინაო ვალის ზრდა დაგეგმილია სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით, რომელთა ემისია საქართველოს მთავრობამ შარშან განაახლა. 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით მისაღები სახსრების საპროგნოზო მოცულობა შეადგენს 100 მილიონ ლარს.
სახაზინო ვალდებულებების შესყიდვის სქემის მიხედვით, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე გასცემს რეფინანსირების სესხებს. ამის შემდეგ კომერციული ბანკები სახაზინო ვალდებულებებს შეისყიდიან. ამით მთავრობა ფულის მასასა და ინფლაციას ზრდის. წელს ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი განისაზღვრა 6%-ით, რაც 2009 წლის შესაბამის მაჩვენებელს 1%-ით აღემატება. იზრდება ვალიც.
დღეს საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 8.6 მილიარდი აშშ დოლარი ანუ მშპ-ს 80%-ია (რაც ეკონომიკური თავისუფლების აქტის შესაბამის პარამეტრს თითქმის 1.5-ჯერ აღემატება). ამ ვალის მესამედზე ცოტა მეტი სახელმწიფო სტრუქტურების ვალია.
2013 წელი, ვალდებულებების გასტუმრების მხრივ, ყველაზე მძიმე წელი იქნება. საგარეო ვალის დასაბრუნებლად საჭიროა 1.3 მილიარდი ლარი, რაც 2009 წლის ბიუჯეტის შემოსავლების 25.2%-ს შეადგენს. ამავე წელს უნდა დაბრუნდეს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიც, რომლებიც 2008 წელს 5 წლის ვადით გამოუშვეს. 2010 წლის ბიუჯეტის თანახმად, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით არსებული ვალდებულება 850 მილიონი ლარია.
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის შეფასებით, ამ ვალდებულების აღების პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მის ხარჯებს აღემატებოდა და, ამდენად, დამატებითი ვალდებულების აღება მიზანშეწონილი არ იყო. ამასთან, ევროობლიგაციების მომსახურების პროცენტი ყოველწლიურად 7.5%-ია, რაც ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპის პირობებში საკმაოდ მაღალი განაკვეთია.
წელს საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2%-დან 4%-მდე გააუმჯობესა. თუმცა, ეს პროგნოზი საეჭვოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა. 2010 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, მხოლოდ 76 მილიონი დოლარია, რაც, შარშანდელთან შედარებით, 42%-ით ნაკლებია.



 

კომენტარები