ევროპა საბიუჯეტო ასკეტიზმს ირჩევს

თურქეთის პრემიერი ერდოღანი
უკვე ორი წელია მსოფლიო ცდას არ იშურებს გლობალურ რეცესიასთან გასამკლავებლად. მეთოდებიც განსხვავებულია. ტრადიციულად, უფრო ლიბერტარიანულმა ამერიკამ და შედარებით მემარცხენე ევროპამ თითქოს როლები გაცვალეს: აშშ, რამდენიმე განვითარებად ქვეყანასთან ერთად - როგორიცაა ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი - ეკონომიკის ფისკალური სტიმულირების მომხრეა, მაშინ, როდესაც ევროპა ქამრების შემოჭერაში ხედავს გამოსავალს.
საბერძნეთისა და ესპანეთის კრიზისების ფონზე კონტინენტური ევროპა ცდილობს, შეზღუდოს ხარჯვა, შეამციროს სახელმწიფო ვალი და ამისთვის მზადაა, შეანელოს კრიზისიდან გამოსვლის პროცესი. ევროპა ეკონომიკური ზრდის მოკრძალებული მაჩვენებლით კმაყოფილდება, სამაგიეროდ, გადაწყვეტილების მომხრეთა აზრით, უზრუნველყოფს ფისკალურ სტაბილურობასა და კაპიტალის ევროპული ბაზრების მდგრადობას.
ობამას ადმინისტრაციის ხედვა კეინსიანურია. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ბიუჯეტის დეფიციტი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა, თეთრი სახლისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტიურობის სტიმულირება და, ამგვარად, უმუშევართა რეკორდული რაოდენობის შემცირება. მშპ-ს 10,7%-იანი საბიუჯეტო დეფიციტის, ორი მიმდინარე ომისა და მზარდი ადგილობრივი სოციალური ვალდებულებების პირობებშიც კი, აშშ აგრძელებს საერთაშორისო ბაზრებზე ფულის სესხებას. ახალ ადმინისტრაციაში ალბათ იმედოვნებენ, რომ კლინტონის პრეზიდენტობისას, მსგავს პოსტკრიზისულ მდგომარეობაში მონეტარისტული ეკონომიკური პოლიტიკის წარმატება უბრალო შემთხვევითობა იყო.
პოსტკრიზისული ფისკალური პოლიტიკა, საბანკო და საფინანსო ინდუსტრიის გლობალური რეფორმა, მდგრადი და განგრძობადი გლობალური ეკონომიკური ზრდა - ეს არასრული ჩამონათვალია საკითხებისა, რომლებიც გასულ კვირას ონტარიოში გამართულ G20-სა სამიტზე განიხილეს. მიღებული გადაწყვეტილებები, სავარაუდოდ, წინასწარ განსაზღვრავენ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გლობალური ეკონომიკის ზრდის სტიმულირების მეთოდებსა და პოსტკრიზისულ ეკონომიკურ სტრატეგიებს.
სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებული კომუნიკეს მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, „უზრუნველყონ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფისკალური კონსოლიდაცია, 2013 წლამდე გაანახევრონ საბიუჯეტო დეფიციტი და 2016 წლამდე დაასტაბილურონ სახელმწიფო ვალი/მშპ ინდიკატორები”.
სამიტის დაწყებამდე მონაწილე მხარეებს განსხვავებული ხედვები ჰქონდათ. აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, ტიმოტი გაიტნერმა, სინანული გამოთქვა ევროკავშირის ქვეყნების მიერ ფისკალური სტიმულირების მოცულობის შემცირების ტემპებთან დაკავშირებით: „ევროპას შეუძლია, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და განახორციელოს რეფორმები, რომლებიც მომავალში უზრუნველყოფენ ეკონომიკის ზრდის უფრო კარგ მაჩვენებლებს, - განაცხადა მან, - ყველასთვის გასაგებია, რომ დროთა განმავლობაში დეფიციტების მოცულობა შესამცირებელია... მაგრამ დანარჩენი მსოფლიო ვეღარ დაეყრდნობა აშშ-ს ჩვეული ხარისხით”.
აღსანიშნავია, რომ ევროზონის ქვეყნებში მოთხოვნის ზრდა და კრიზისის უსწრაფესი დაძლევა კრიტიკული მნიშვნელობისაა ობამას ადმინისტრაციის ეკონომიკური პროგრამისთვის. 27 ივნისს G20-ის სამიტის პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა კიდეც, რომ შემდეგი 5 წლის განმავლობაში აშშ გააორმაგებს ექსპორტირებული პროდუქციის ჯამურ ღირებულებას. ამ გეგმის განხორციელება წარმოუდგენელია ევროკავშირის ქვეყნების ჯანსაღი და მუდმივად მზარდი ადგილობრივი ბაზრების გარეშე. იდენტური ინტერესებითაა განპირობებული ბრაზილიის, ჩინეთის, ინდოეთისა და სხვა განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერა ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკის მიმართ. მათი ეკონომიკური ზრდა პირდაპირ კავშირშია აშშ-სა და ევროზონის ქვეყნების ადგილობრივ მოთხოვნასთან.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის კოალიციური მთავრობის მიერ 22 ივნისს გამოქვეყნებული ახალი ბიუჯეტი კიდევ ერთი დასტურია, თუ რამდენად აქტუალურია ფისკალური დეფიციტის საკითხი ევროპაში. ახალი ბიუჯეტის ფარგლებში, კოალიციური მთავრობა აპირებს მნიშვნელოვნად შეამციროს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, გაათავისუფლოს რამდენიმე ათეული ათასი საჯარო მოხელე, გაზარდოს დამატებითი ღირებულების გადასახადი 20%-მდე და დააწესოს ახალი გადასახადი საბანკო საქმიანობაზე.
ესპანეთმა ხელმომჭირნეობის საკუთარ გეგმას უკვე მეორედ გადახედა. თავდაპირველად, 2013 წლის ბოლომდე, 11.2%-იანი დეფიციტის 3%-მდე შესამცირებლად ქვეყანა გეგმავდა საპენსიო ასაკის 65-დან 67 წლამდე გაზრდას, საჯარო სამსახურებისთვის ხარჯების 7.4 მილიარდი დოლარით შეკვეცას და საჯარო სამსახურებში დასაქმების შეზღუდვას. მაისში ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა: ესპანეთის მთავრობამ თითქმის 3 მილიონამდე საჯარო მოხელის ხელფასი 5%-ით შეამცირა და ერთი წლით გაყინა. მინისტრების ხელფასები 15%-ით შემცირდა. ასევე გაიყინა პენსიების ზრდა და გაუქმდა ჩვილთა ერთჯერადი დახმარება.
საშუალოდ, პენსიის ყველაზე მკაცრად შემცირება მაინც საბერძნეთს მოუხდა - თითქმის 21%-ით; 20%-ით შემცირდა საჯარო მოხელეთა ხელფასებიც.
ლიტვამ, რუმინეთმა, ისლანდიამ და ირლანდიამ დეფიციტის შესამცირებლად გადასახადების გაზრდას ხარჯების შემცირება არჩიეს.
რუმინეთის ხელმომჭირნეობის პოლიტიკა ევროსტანდარტების მიხედვითაც კი უმკაცრესია: 2 მილიონამდე საჯარო მოხელისთვის ხელფასის 20%-ით შემცირება; 200 ათასი საჯარო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა, პენსიებისა და უმუშევართა შეღავათების 15%-ით შეკვეცა. რუმინეთის ფინანსთა მინისტრმა, სებასტიან ვლადესკუმ, ამ ზომების გამოცხადებისას აღნიშნა, რომ მთავრობას ჰქონდა რესურსი, კიდევ 6 თვის მანძილზე „მოეტყუებინა” თავისი ხალხი. თუმცა, მაშინ დეფიციტი 9%-ს მიაღწევდა და მთავრობა ხელფასებისა და პენსიების გადახდას საერთოდ ვერ შეძლებდა.
ექსპერტთა უმრავლესობა თვლის, რომ ნაკლებად წარმატებული მომდევნო ათწლეულის მოლოდინში არასწორია დეფიციტური ფისკალური პოლიტიკის წარმოება. ამის კარგი მაგალითია გერმანიისა და ინგლისის პოზიცია G20-ის სამიტზე. აღსანიშნავია ისიც, რომ G20-ის მონაწილე ქვეყნების უმრავლესობას აქვს მნიშვნელოვნად დეფიციტური ბიუჯეტი (მშპ-ს 3%-დან 9%-მდე), უარყოფითი მიმდინარე ანგარიში (მშპ-ს 1%-დან 4%-მდე) და სახელმწიფო ვალის მნიშვნელოვანი მოცულობა (მშპ-ს 30%-დან 100%-მდე). ამ სტატისტიკის და, ამავე დროს, ესპანეთისა და საბერძნეთის კრიზისის ფონზე, ფისკალური კონსოლიდაცია სამიტის მონაწილეთა უმრავლესობისათვის საუკეთესო გამოსავალი აღმოჩნდა.
მიუხედავად ფისკალური კონსოლიდაციის გადაწყვეტილებისა, G20-ის კომუნიკეს ტექსტი ითვალისწინებს ობამას ადმინისტრაციის მიდგომასაც. კერძოდ, კომუნიკეს მიხედვით, „არსებობს რისკი იმისა, რომ რამდენიმე მსხვილ ეკონომიკაში ერთდროულად და სინქრონულად განხორციელებული ფისკალური ცვლილებები ნეგატიურ გავლენას მოახდენენ [გლობალურ] ეკონომიკურ ზრდაზე”. აღსანიშნავია ისიც, რომ კომუნიკეში მოცემული გადაწყვეტილებების შესრულება არ არის სავალდებულო, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ თითოეული მონაწილე ქვეყანა გადაწყვეტილებას ადგილობრივი ეკონომიკის თვისებებსა და მახასიათებლებს მოარგებს.
სამიტამდე იმედოვნებდნენ, რომ ეკონომიკური კრიზისი გამოიწვევს გლობალური ეკონომიკის სტრუქტურის დაბალანსებას: კრიზისმა ცხადყო - მიმდინარე ანგარიშის მნიშვნელოვანი დეფიციტის პირობებში აშშ ვერ გააგრძელებს მოხმარებაზე დაყრდნობილი ეკონომიკის შენებას. დაბალანსება ამ შემთხვევაში გულისხმობდა მზარდ მოხმარებას გერმანიაში, რუსეთში, ჩინეთსა და სხვა დადებითი მიმდინარე ანგარიშის მქონე ქვეყნებში და კლებად მოხმარებას აშშ-ში. სამწუხაროდ, კოორდინირებული გადაწყვეტილება ჩაიშალა. შედეგად, დაბალანსებული გლობალური ეკონომიკის გარეშე, შემდეგი ათწლეული გაგვახსენდება, როგორც პროტექციული, ინდუსტრიული სავაჭრო პოლიტიკის გამოცოცხლების ერა.


 

კომენტარები