Chantrapas

0 კომენტარი

„შანტრაპა” ოთარ იოსელიანის ახალი ავტობიოგრაფიული ფილმია, რომელიც მან წელს კანის ფესტივალზე წარადგინა. ფილმი ჯერ არ მინახავს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც ყოველთვის, კარგი და სასიამოვნო სანახავი იქნება, „მთვარის ფავორიტებივით”, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ, 26 წლის წინ ვნახე.

ახალი ფილმი ჯერ არ მინახავს, სამაგიეროდ, დაახლოებით იმ დროს, როცა პარიზში საქართველოს კულტურის დღეები იმართებოდა, ჩვენს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩავიხედე და გავიგე, ვინ არიან ჩვენი მთავრობის ფავორიტები - ისინი, ვინც „შანტრა” “პა”.

„შანტრაპა” რუსულში (და შემდეგ ქართულშიც) ფრანგულიდან მოხვდა და ნიშნავს „არ იმღერებს” (ne chantera pas). იმღერებს თუ არ იმღერებს ნიშნით მე-18 საუკუნის რუსეთში ყმებს განასხვავებდნენ. ისინი, ვინც ვერ მღეროდნენ, იყვნენ მეორეხარისხოვანი, დაბალი კატეგორიის წარმომადგენლები. მოკლედ, შანტრაპა.

გაგიკვირდებათ, მაგრამ ისინი, ვინც არ მღერიან, ჩვენი სახელმწიფოსთვისაც ნაკლებად მნიშვნელოვანნი არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ ავხსნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან კულტურისა და მეცნიერების დაფინანსების მოცულობათა შორის დისბალანსი?

2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოყოფილი აქვს 80 მილიონ ლარზე ოდნავ მეტი. ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების (რუსთაველის) ფონდსა და მეცნიერებათა აკადემიას კი, მთლიანად, 25 მილიონ ლარზე ოდნავ მეტი. მართალია, ბოლო დროს მომხდარი რეორგანიზაციების შედეგად, კულტურის სამინისტროს სპორტის სამინისტრო გამოეყო, ხოლო ეროვნული სამეცნიერო ფონდი რუსთაველისას შეუერთდა, მაგრამ შესაკრებთა გადანაცვლების შემდეგაც ჯამი იგივე დარჩა - წელს სახელმწიფო (ანუ, იგივე მე და თქვენ!) იმათზე, ვინც მღერიან, 3-ჯერ უფრო მეტ ფულს დახარჯავს, ვიდრე იმათზე, ვისაც სიმღერა არ შეუძლია.

სიმართლე გითხრათ, მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ რომელიმე „კულტურის” ან „მეცნიერების” ბიუჯეტიდან დაფინანსებისა. არ არის ეს სახელმწიფოს საქმე. მაგრამ, რაკი ვაფინანსებთ (რა გაეწყობა?!), პრიორიტეტები მაინც განვსაზღვროთ სწორად. რა გვირჩევნია, ქართული ხალხური ცეკვა-სიმღერის ბევრი ანსამბლი გვყავდეს თუ ბევრი მსოფლიო დონის ფიზიკოსი ან ბიოლოგი?

ეს შეიძლება კერძო გემოვნების საკითხად მიიჩნიოთ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ჩვენი მიზანი, რომელსაც, მგონი, ყველა ეთანხმება, არის საქართველოს გადაქცევა განვითარებულ, მდიდარ სახელმწიფოდ. ეკონომიკური თვალსაზრისით, ისტორიული ძეგლები, ღვინო და „კულტურა” კარგია ტურიზმისთვის, მაგრამ მხოლოდ ტურიზმის განვითარება ამ ჩვენი მიზნის მიღწევას არ ეყოფა. ისევე, როგორც არ ეყოფოდა მხოლოდ ბორჯომისა და ჩაის ექსპორტი, რომლის იმედი 90-ში გვქონდა.

საქართველო ვერასდროს გახდება ეკონომიკურად ძლიერი, მდიდარი ქვეყანა, თუ აქ მეცნიერება და ტექნოლოგიები არ განვითარდა. ამის მიღწევა კი შეუძლებელია შანტრაპას გარეშე - ანუ იმათ გარეშე, ვისაც სიმღერა არ შეუძლია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები