...და ღმერთმა შექმნა კომენტატორი

0 კომენტარი

ალჟირის ნაკრების ფეხბურთელები მოძრაობდნენ ქალაქში და ეთამაშებოდნენ სხვადასხვა ტიპის ეგზოტიკურ ცხოველებს, მაგალითად, ისეთებს, როგორიცაა ნიანგი - გიკვირს, როცა ამას ისმენ.
გამარჯვებული დიდი დოზით გარკვეულია - გუნება წაგიხდება, როცა ასეთ ფრაზას გაიგებ.
შესანიშნავი კომპლექტაციის ფეხბურთელია - გაღიზიანდები მსგავსი უაზრობის მოსმენისას.
ბრაზილიელთა ნახევარმცველი განლაგებულია მოედნის ცენტრში - უკმაყოფილებას ვერ ფარავ ამ საშინელებაზე.
ცვლილება განახორციელა... დარტყმა განახორციელა... შეტევა განახორციელა... ჩაწოდება განახორციელა... - რეპორტაჟის მოსმენის სურვილი საბოლოოდ გიქრება.
მოედნის ცენტრში დანაშაული ჩაიდინა... კუთხური არის... აუტი არის... ჯარიმა არის... - ხვდები, რომ ამ კოშმარის ატანა შენს ძალებს აღემატება
და პულტის ღილაკზე თითის დაჭერით კომენტატორს ხმას აკმედინებ.
რა სჯობს უხმო ტელერეპორტაჟის ცქერას?
გულახდილად რომ ვთქვათ, საშინელებაა, მაგრამ თუ საქართველოში ვცხოვრობთ და ხშირად ასე გვიჯობს?
სამწუხაროდ, დღეს ჩვენში კვალიფიციური საფეხბურთო კომენტატორი სანთლითაა საძებარი. ეს რომ ასეა, ალბათ, დაგვეთანხმება ყველა გულშემატკივარი, ვისაც თუნდაც ერთხელ მაინც მოუსმენია ტელერეპორტაჟისთვის ქართულად. განსაკუთრებით ამ მუნდიალის დროს.
მსოფლიოში ძნელი მოსაძებნია ჟურნალისტი, ქართველი კომენტატორივით რომ ამახინჯებდეს მშობლიურ ენას.
ერთი-ორი ელემენტარული გრამატიკული შეცდომა რომ მოსდიოდეთ, კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ საათ-ნახევრის მანძილზე ვითომ ქართულს თან ერთვის არაერთი ფაქტის და, რაც ყველაზე დასანანია, გვარ-სახელის დამახინჯება, ტურნირისა და გუნდების არათუ შორეული, ახლო წარსულის ზედაპირული ცოდნა (ხშირ შემთხვევაში, არცოდნა) და საბოლოოდ ვისმენთ საშინელებას. საშინელებას - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
მსოფლიო ჩემპიონატი გულშემატკივართათვის ზეიმია: ერთი თვის მანძილზე თითქმის ყოველდღე თვალს ვადევნებთ საუკეთესო მოთამაშეებს და გუნდებს.
წესით, უნდა გვიხაროდეს და, ალბათ, ასეცაა, მაგრამ, მეორე მხრივ, რა ვქნათ, თუ კომენტატორი ყოველ ხუთ წუთში ერთხელ გვაწვდის არაფრისმომცემ სტატისტიკურ მონაცემებს და გვეუბნება, რომ:
ბურთის ფლობის პროცენტი 59-41-ზეა ან 72-28-ზე;
ნომინალურად მასპინძელმა გუნდმა ხუთი კუთხური მოაწოდა, მეტოქემ - სამი;
ერთის მცველმა ცხრა კილომეტრი ირბინა, თავდამსხმელმა კი - შვიდი;
პირველის მეკარემ ოთხჯერ აიხედა ცაში, მისმა ვიზავიმ (ესეც ჩვენი ტელეკომენტატორების კიდევ ერთი შედევრი) კი - მხოლოდ ორჯერ;
ამ გუნდის მწვრთნელმა სამჯერ ჩამოივარცხნა ულვაში, კონკურენტმა - ერთადერთხელ...
გეგონება, არაფერია ამაზე საინტერესო.
არადა, არის. რომელი ერთი მოვიგონოთ?
ჯგუფურ ტურნირში აშშ-ის ნაკრები ინგლისს დაუპირისპირდა. მატჩის წინ უცხოური პრესა მსოფლიოს 1950 წლის პირველობას და ამერიკელების სენსაციურ გამარჯვებას იხსენებდა, მასთან დაკავშირებულ ძალიან საინტერესო ამბავს. როგორ ფიქრობთ, მოაგონდათ ის ამბავი ჩვენში? ცხადია, არა.
გერმანია-ინგლისის მერვედფინალს უცხოურ გამოცემებში მათი დაპირისპირებების გასაოცარი ისტორია უძღოდა წინ. სამწუხაროდ, მატჩის რეპორტაჟისას თანამემამულე კომენტატორმა გაკვრით მოიგონა 1966 წლის ფინალი, სხვა პაექრობები კი, თითქოს არ ყოფილაო, არც უხსენებია.
მოდი და ამის მერე ნუ იფიქრებ, რომ ადამიანს, რომელიც საათ-ნახევრის მანძილზე საუბრობს და სათქმელს ვერ ამბობს (შიგადაშიგ კი, სრულიად გაუმართლებლად, დასცინის სახემოხატულ ქომაგს და ჰგონია, რომ ხუმრობს), თავისი საქმე არ უყვარს.
არ უყვარს და, რაც ყველაზე გამაღიზიანებელია, ვერც ხვდება, რომ უნდა შეიყვაროს (წინააღმდეგ შემთხვევაში შეცდომებს გამოასწორებდა). უბრალოდ, მეტს არავინ სთხოვს და მორჩა. ისიც კმაყოფილია და, ცხადია, თავს არ იწუხებს - იცის, ოთხი წლის შემდეგ, როცა კვლავ გათამაშდება ფიფა-ს ოქროს თასი, ისევ უხმობენ საკომენტატორო პულტთან.
რა გახდა კონკურსის ჩატარება და ახალი, მცოდნე, გამართულად მოლაპარაკე კომენტატორების პოვნა? როგორ შეიძლება წლების განმავლობაში გრძელდებოდეს ეს სამარცხვინო ამბავი? მონოპოლია აქვთ ხელში ჩაგდებული?
სჯობს კვლავ ჩავუწიოთ ტელევიზორს.
ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც, სანამ მწვალებლები არ მიხვდებიან, რომ ბურთი ღელავს და ხალხი ბადეშია!

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები