TOFIFEST

0 კომენტარი
ფოტო: გაღმა ნაპირი

„ეს რას გავს, ტო?!” - დათო იაშვილის გმირის ამ სიტყვებით მთავრდება ზაზა ურუშაძის ფილმი “სამი სახლი”. სიტყვებით, რომელიც ყველაზე ზუსტად ესადაგება 90-იანების ქართულ კინოს. ამ პერიოდის ფილმების ერთმანეთისგან გარჩევა ხომ თითქმის შეუძლებელი იყო: ერთი და იგივე თემები, სუსტი ტექნიკური მხარე, მსახიობების ხელოვნური, თითქოს ყალბი მანერით ნათამაშები როლები…
28 ივნისს - 2 ივლისს პოლონეთის ქალაქ ტორუნში გამართულმა კინოფესტივალმა ქართულ კინოს საერთაშორისო ასპარეზზე დასაბრუნებლად მშვენიერი შანსი მისცა. პოლონეთში საქართველოს საელჩოს, ეროვნული კინოცენტრისა და ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის (BIAFF) დამფუძნებლების ძალისხმევით, TOFIFEST-ზე ახალი ქართული კინოს დღეები გაიმართა.
ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ნაჩვენები იყო არაერთ ფესტივალზე პრიზირებული ლევან კოღუაშვილის პირველი მხატვრული ნამუშევარი „ქუჩის დღეები”. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის თემა - ნარკომანია, 90-იანების ქართული კინოს უშრეტი შთაგონების წყარო იყო, ეს გაცვეთილი თემატიკა კოღუაშვილთან ახლებურად აჟღერდა და, მთავარი როლის შემსრულებლის - გუგა კოტეტიშვილის დახმარებით, ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი გახდა.
ახალი ქართული კინოს პროგრამის ფარგლებში პოლონელ მაყურებელს ბოლო წლებში გადაღებული ქართული დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ნახვის საშუალება მიეცა: სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი პატრიოტთა ბანაკებზე „ლიდერი ყოველთვის მართალია”; თორნიკე ბზიავას „აპრილის სუსხი”; ლევან კოღუაშვილის დოკუმენტური ფილმი ამერიკაში მომვლელებად წასულ ქალებზე „ქალები საქართველოდან”; ზაზა ურუშაძის სხვადასხვა დროის სამი დამოუკიდებელი ისტორია „სამი სახლი”; გიორგი ოვაშვილის 12 წლის გმირი თედოს გულისამაჩუყებელი თავგადასავალი - „გაღმა ნაპირი” და ნუცა ალექსი-მესხიშვილის სატირა „Felicità”, ფილმი, რომელშიც იტალიაში მომვლელად წასული ქალი საქართველოში გარდაცვლილ ქმარს ტელეფონით დასტირის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფესტივალზე ნაჩვენები ფილმების რეიტინგში, გამოკითხულმა მაყურებელმა პირველი ადგილი „Felicità”-ს მიანიჭა, ხოლო საუკეთესო ათეულში მოხვდა კოღუაშვილის „ქალები საქართველოდან”.
„თავისთავად მნიშვნელოვანია ის, რომ უცხოურ კინოფესტივალზე ახალი ქართული კინოს პროგრამაა წარმოდგენილი. პოლონელი კინომოყვარულები კარგად იცნობენ ძველ ქართული კინოს. ამიტომ ბუნებრივია, მათ აინტერესებდათ ჩვენი თანამედროვე ნამუშევრებიც ენახათ. რაც მთავარია, ის თემები, რომელსაც ქართული სექციის ფილმები ეხება - ნარკომანია, ემიგრანტები, კონფლიქტების შედეგები და ა.შ. გარკვეულწილად ნაცნობია პოლონელი მაყურებლისთვისაც. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ახალი ქართული კინოს პოპულარიზაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, - განაცხადა ტაბულასთან ინტერვიუში BIAFF -ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზვიად ელიზიანმა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტორუნში, TOFIFEST-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, დაიგეგმა ბათუმის და პოლონეთის კინოფესტივალებს შორის თანამშრომლობის, ერთობლივი პროექტების ორგანიზების საკითხები. ზვიად ელიზიანის განცხადებით, პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში ქართული კინოფილმების ჩვენებების ორგანიზება იგეგმება, რაც სხვადასხვა ტიპის მასტერკლასების, ვორქშოფებისა და სემინარების ჩატარებას გულისხმობს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები