Words

თემო ჯავახიშვილის ნამუშევარი
ისინიც, ვინც თვლის, რომ პირველად სიტყვა იყო და სამყაროს დასასრულსაც სიტყვა აღასრულებს, ისინიც, ვინც ფიქრობს, რომ ადამიანები მალე რობოტებივით ამეტყველდებიან ან სულაც შეხებებით ილაპარაკებენ, ხუთშაბათს, 1 ივლისს შეიკრიბნენ. მიზეზი სწორედ სიტყვა იყო, ადგილი - ბოლო დროს სახელოვნებო თავყრილობების მექად ქცეული ლიტერატურის მუზეუმი. პოეტები, რეჟისორები, მხატვრები, პერფორმერები ერთობლივად შექმნილი ნამუშევრებით წარდგნენ დამთვალიერებლის წინაშე - მუზეუმის მთელი სივრცე აითვისეს, შენობაში ჭერ-იატაკის და ეზოში კედლების ჩათვლით.
მონაწილეობდნენ: ბესა ქართლელიშვილი, კოკა ვაშაკიძე, ალექს ჩიღვინაძე, შოთა გაგარინი, თემო ჯავახი, ზურაბ ჯიშკარიანი, ვასიკო მაჭარაძე, მამუკა ჯაფარიძე, გიორგი კეკელიძე, კოკა ვაშაკიძე, დავით ჩიხლაძე, ანთეა ნიკოლსონი, ვატო წერეთელი, თეა თელია, ილიკო ზაუტაშვილი, კოკა რამიშვილი, გურამ წიბახაშვილი, ჯგუფი - სტიგმატი.
პროექტ words-ის ერთ-ერთი კოორდინატორი (მეორე - ცნობილი არტკურატორი მაგდა გურული გახლდათ), არტისტი შოთა გაგარინი და ალექს ჩიღვინაძე ლექსთან სამახსოვრო ფოტოს გადაღებას გვთაზობდნენ, თვითონ ლექსი კი არქივიდან ამოკრეფილი ხელნაწერების კომპილაცია იყო - ვაჟა, ილია, აკაკი, გალაკტიონი და სხვა. გაგარინი თემო ჯავახთანაც თანამშრომლობდა ერთ თარგზე გამოჭრილი კაცუნებით, პერფორმანსში „იგნორე”, სადაც ამ კაცუნებს არტისტი ალყაში ჰყავთ მოქცეული და თითოეული მათგანი ხელოვანს აიძულებდა, მისი რიტმებით დაეკრა კომპოზიცია. მამუკა ჯაფარიძემ და გიორგი კეკელიძემ ვიდეოარტი „კოვზის ძლისპირი” წარმოადგინეს - ტომრებზე წამოწოლილი მაყურებელი უკუღმა უცქეროდა ლექსის ვიზუალურ ინსცენირებას. დაბალი რეზოლუციების ფილმებით წარდგა ჯგუფი სტიგმატი. ვატო წერეთელი და ინგლისელი ხელოვანი ანთეა ნიკოლსონი სიზმრის ვიდეოესკიზად გადმოტანას და ალოგიკური სიტუაციების ერთგვარ მოწესრიგებას შეეცადნენ. პერფორმერი დავით ჩიხლაძე უცნაურად გამოწყობილი დადიოდა - მისი ჩანაფიქრი მოსიარულე სიტყვებს მიაგავდა. ბესა ქართლელიშვილი, კოკა ვაშაკიძე და ალექს ჩიღვინაძე ტუალეტის ქაღალდებზე კონცეპტუალურ ვიდეოს უშვებდნენ, პერფორმანსს ირონიული სახელი „ვიცი, დავბრუნდები” ერქვა და საპირფარეშოს გარდაუვალი კვლავაც სტუმრობის მსუბუქი თემა არტჭრილში გადაჰყავდა.
გამორჩეული გახლდათ ზურა ჯიშკარიანის ნამუშევარი, რომელსაც მუსიკალურად ჯგუფი Accidental lover boyZ აფორმებდა, არტისტის გამოგონილი „წიგნი” იმ ანტიკვარულ მაგიდაზე იდო, რომელზეც აკაკი წერეთელმა „გამზრდელი” დაწერა. დანარჩენს თვითონ ზურა გიამბობთ: „ჩემი „წიგნი” ყუთში ჩადებული ფლოპი დისკებით გაკეთებული მედიაა ანუ მომაკვდავი მედიაა. ვასო მაჭარაშვილმა გააკეთა ფოლდერების ინსტალაცია - ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ადრე კვდებოდა, დღეს შეუძლია მარადიულად იცოცხლოს ციფრულ სამყაროში და აქ რაღაც ასეთი ცოცხალი სასაფლაო წარმოვადგინეთ.”
ტაბულა მუზეუმის დირექტორს, ლაშა ბაქარაძესაც გაესაუბრა: „ჩემი სურვილია, ლიტერატურის მუზეუმი გავხადოთ ქალაქ თბილისის კულტურის ცენტრი, რომელშიც სხვადასხვა, არა მარტო ლიტერატურასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება. ავირჩიეთ აბსტრაქტული თემა, რომელსაც დავარქვით „სიტყვები”. ეს ადამიანები ერთად ისხდნენ, მუშაობდნენ. მე ძალიან მომეწონა მათი იდეები. შემდეგში შევეცდებით, უკეთესი გამოვიდეს, შევეცდებით, უფრო მეტი ფული მოვიზიდოთ. მოგეხსენებათ, საქართველოში ასეთ ღონისძიებებს ფული აკლია.”
ღონისძიებას „ქართული ექსცესების” გარეშე არ ჩაუვლია. ალბათ შემთხვევით შემოხეტებულმა ადამიანებმა ტიციან ტაბიძის „დადა მანიფესტის” ერთი ფრაზა იწყინეს („თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ” და ა.შ.), ფურცელი ჩამოხიეს და „სიტყვებს” მალევე გაეცალნენ.


 

კომენტარები