აღმოსავლეთ ევროპა კომუნისტურ წარსულთან ბრძოლას დღესაც აგრძელებს

26 ივნისს ლიტვის პირველი პრეზიდენტი და საბჭოთა კავშირის მშვიდობიანი დაშლის ერთ-ერთი ხელშემწყობი, ალირდას ბრაზაუსკა, გარდაიცვალა. ბრაზაუსკამ პოლიტიკური კარიერა რეჟიმის დანგრევის შემდეგაც საბჭოთა ნაშთებთან ბრძოლას მიუძღვნა.
ევროკავშირისა და ნატოს წევრი ევროპის პოსტკომუნისტური ნაწილი უკვე დიდი ხანია ცდილობს, ამოძირკვოს რეჟიმის ავი შედეგები, სიმბოლოები, „გმირების” გვარები ქუჩების დასახელებებში. თითქმის ყველა ქვეყანაში შექმნილია სახელმწიფო ორგანო, რომელიც კომუნისტური რეჟიმის დანაშაულებს შეისწავლის: პოლონეთში - ნაციონალური ხსოვნის ინსტიტუტი, ლიტვაში - გენოციდისა და წინააღმდეგობის კვლევის ცენტრი, გერმანიაში - სტასის არქივის ფედერალური კომისარი და ა.შ. ამ სამსახურთა მთავარი მიზანია ტოტალიტარული კომუნიზმის საქმეთა შესწავლა და ზოგ ქვეყანაში ლუსტრაციის პროცესის წარმოება. ტოტალიტარული კომუნიზმის მემკვიდრეობასთან ბრძოლა ცნობილია დეკომუნიზაციის სახელით.
დეკომუნიზაცია გულისხმობს ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმების მიერ შექმნილი ინსტიტუტების, კანონების, კულტურისა და ფსიქოლოგიის ჩანაცვლებას ახლით, დემოკრატიულითა და ეროვნულით.
მაგალითად, სულ ახლახან, 28 ივნისი საბჭოთა კავშირის მიერ მოლდოვის ოკუპაციის დღედ გამოცხადდა. კიშინიოვის მთავარ მოედანზე, სადაც ადრე ლენინის ძეგლი იდგა, კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა. ამასთანავე, მოლდოვა რუსეთს, საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეს, ოკუპაციის შედეგად მიღებულ მატერიალურ ზარალს - 28 მილიარდ დოლარს - ედავება. მთავრობას არგუმენტად მოჰყავს გერმანია, რომელიც პენსიას უხდის ნაციონალისტურ-სოციალისტური რეჟიმის მსხვერპლთ. მოლდოვა საბჭოთა სიმბოლიკისა და კომუნისტური პარტიის საქმიანობის აკრძალვასაც გეგმავს. თუმცა, 28 ივნისს დაგეგმილი სპეციალური საპარლამენტო სესია, რომელსაც ტოტალიტარული კომუნიზმის სტატუსი უნდა განეხილა, ბოლო მომენტში გაუქმდა. პარტიათა ლიდერების განცხადებით, კომუნიზმი მოლდოვაში საკამათო თემაა და ამ თემაზე დისკუსიამ შეიძლება ხალხის ორ ნაწილად გაყოფა გამოიწვიოს.
საბჭოთა ნაშთების ამოშანთვისათვის ბრძოლა განსაკუთრებით გამალებულია პოლონეთში. ლეხ კაჩინსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი ნებისმიერი საგნის ფლობა, ყიდვა ან გაყიდვა ორი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. თუმცა, დაშვებულია სიმბოლიკის გამოყენება საგანმანათლებლო, სახელოვნებო და კოლექციონერული მიზნებით.
სიმბოლოებთან ერთად, პოლონეთი საბჭოთა შენობების თავიდან მოშორებასაც ცდილობს. საუბარია სტალინის მიერ პოლონელებისთვის აგებული კულტურისა და მეცნიერების სასახლის დანგრევაზეც. საბჭოთა კავშირის გაქრობის შემდეგაც პოლონელები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. მათი 59% რუსულ გავლენას უარყოფითად აფასებს. ამასთანავე, Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლონელების უმრავლესობა კმაყოფილია დემოკრატიის მდგომარეობით ქვეყანაში და ეკონომიკურადაც თავს უფრო დაზღვეულად გრძნობს, ვიდრე კომუნისტური რეჟიმის დროს.
საბჭოთა სიმბოლიკა აკრძალა უნგრეთმაც. ახლახან მიღებული კანონის მიხედვით, კომუნისტების ან ფაშისტების მიერ ჩადენილ დანაშაულთა უარმყოფელები შეიძლება სამწლიანი პატიმრობით დაისაჯონ. ჩეხეთში მსგავსი პროცესები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა სიმბოლიკა და კომუნისტური პარტია არ აუკრძალავთ. ჩეხეთში კომუნისტური პარტია ხმათა 10-15%-ს ყოველთვის აგროვებს. მიუხედავად ამისა, ტოტალიტარული კომუნიზმი ნაცისტური რეჟიმის ტოლფასად მიიჩნევა.
კომუნისტური რეჟიმის შედეგები განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქმება ბალტიის ქვეყნებში. ლატვიამ პოლონეთივით აკრძალა საბჭოთა სიმბოლოები. განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა ლიტვის კანონები, სადაც საბჭოთა სიმბოლიკა გათანაბრებულია ნაცისტურ სიმბოლოებთან. უნგრეთის მსგავსად, საბჭოთა ოკუპაციის 70-ე წლისთავზე ლიტვის პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანა ცვლილება და დანაშაულად გამოაცხადა საბჭოთა კომუნიზმისა და გერმანული ნაციზმის მიერ ჩადენილ დანაშაულთა გამართლება, უარყოფა ან დამცრობა. ესტონეთმა, ძლიერი ანტიკომუნისტური განწყობის მიუხედავად, ჯერ ვერ შეძლო ამ კანონის მიღება. ეს შემთხვევა განსხვავებულია დანარჩენი ქვეყნებისაგან, რადგან ქვეყნის რუსული უმცირესობა უმრავლესობას ედავება საბჭოთა კავშირის მნიშვნელობის შესახებ.
2006 წელს ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია #1481, რომელიც ტოტალიტარულ კომუნისტურ რეჟიმს ნაცისტურ რეჟიმთან ათანაბრებს. ტოტალიტარულ კომუნიზმს ბრალი ედება „ინდივიდუალურ და კოლექტიურ მკვლელობებში, საკონცენტრაციო ბანაკების ორგანიზებაში, ადამიანთა დეპორტაციაში, წამებაში, იძულებით მონურ მუშაობასა და სხვა სახის ფიზიკურ ტერორში, ეთნიკური და რელიგიური ნიშნით ადამიანთა ჯგუფების განადგურებაში, გამოხატვისა და ფიქრის თავისუფლების შეზღუდვაში, პრესის თავისუფლების შეზღუდვასა და პოლიტიკური პლურალიზმის ნაკლებობაში”. ევროსაბჭო რეზოლუციაში ასევე ხაზს უსვამს ტოტალიტარული რეჟიმების დაგმობის მორალურ ვალდებულებას, რომელიც ქვეყნებს აქვთ ამ რეჟიმთა მსხვერპლის წინაშე. მსგავსი რეზოლუცია მიიღო ეუთომაც, მაგრამ რეზოლუციების მიუხედავად, ევროკავშირმა „არაგონივრულად” მიიჩნია საბჭოთა სიმბოლიკის სუპრაეროვნულ დონეზე აკრძალვა და ეს საქმე კონკრეტულ სახელმწიფოებს მიანდო.
პოსტსაბჭოთა სივრცეში დეკომუნიზაციის პროცესი ფეხს ითრევს. უკრაინაში საბჭოთა რეჟიმისაგან დატოვებული ნაიარევების მოშუშება ჭიანურდება. კომუნისტური პარტია იქ დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. უკრაინაშიც, ესტონეთის მსგავსად, რუსულენოვანი მოსახლეობა კომუნისტური სიმბოლიკის მთავარი დამცველია.
აღსანიშნავია, რომ ტოტალიტარული კომუნიზმი ისეთივე ხასიათს ატარებდა რუსეთში, როგორც სხვაგან და უთქვამთ კიდეც, რომ არ უნდა ხდებოდეს რუსეთის ასოცირება საბჭოთა კავშირთან. დეკომუნიზაციის პროცესი მოსკოვმა ბორის ელცინის დროს დაიწყო, თუმცა, რა თქმა უნდა, უშედეგოდ. მეტიც, პოსტკომუნისტურ რუსეთში შექმნილი სიმბოლიკა, ჰიმნი, საბჭოთა სიმბოლიკის იდენტურია. რუსეთი საბჭოთა კავშირის გმობას ხშირად მის წინააღმდეგ იერიშად აღიქვამს და ემუქრება იმ ქვეყნებს, რომლებიც დეკომუნიზაციას ცდილობენ.
საბჭოთა ნაშთებთან ბრძოლასთან ერთად მნიშვნელოვანია ლუსტრაციის პროცესი. ლუსტრაციის მიზანია, თავიდან აიცილოს კომუნისტური რეჟიმის, განსაკუთრებით კი საიდუმლო პოლიციის ყოფილ თანამშრომელთა დასაქმება საჯარო სამსახურში. ეს პროცესი წარმატებით გაიარეს ჩეხეთში, გერმანიასა და პოლონეთში. გერმანიაში, ლუსტრაციის შედეგად, თანამდებობა დატოვა ყოფილი სტასის რამდენიმე ათასმა თანამშრომელმა. 1 ივლისს კი ლიტვის სეიმმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ყოფილ КГБ-ს აგენტებს ეკრძალებათ საჯარო სამსახურებში ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება.
ტოტალიტარულ კომუნიზმთან ბრძოლა სხვადასხვა გზით მიმდინარეობს. მიუხედავად განსხვავებებისა, ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება დეკომუნიზაციის აუცილებლობაზე.



 

კომენტარები