იაპონია - მოახლოებული არჩევნები

იაპონიის ახალი პრემიერი ნაოტო კანი
იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრი ნაოტო კანი და მისი დემოკრატიული პარტია დიეტის ზედა პალატის 11 ივლისის არჩევნებისთვის ემზადებიან. პალატა 242 წევრისგან შედგება. სამ წელიწადში ერთხელ ხდება ნახევარი შემადგენლობის გადარჩევა. დემოკრატიულ პარტიას ზედა პალატაში 116 ადგილი უკავია. მათგან 54 მანდატს ახლანდელი არჩევნებისთვის ეწურება ვადა. დემოკრატებს 60 ახალი მანდატის მოპოვება სჭირდებათ უმრავლესობისთვის. კანის გაპრემიერების შემდეგ დემოკრატიული პარტიის რეიტინგი გაორმაგდა და 40%-ს მიაღწია. ლიბერალ-დემოკრატებს გამოკითხულთა 17% უჭერს მხარს. 10%-ზე დაბალი რეიტინგი აქვთ ახალ სახალხო პარტიასა (ზედა პალატაში დემოკრატების კოალიციური პარტნიორი) და კომეიტოს.
დემოკრატებს არჩევნებზე გამარჯვებაში შიდაპარტიული დაპირისპირება შეუშლით ხელს. პარტია ორ ნაწილად არის გაყოფილი. ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იჩირო ოძავამ, ნაოტო კანი და მისი ადმინისტრაცია გააკრიტიკა. ახლანდელმა გენერალურმა მდივანმა, იუკიო ედანომ, ოძავას მოუწოდა, არ შეუშალოს ხელი პარტიას არჩევნების წინ. თუმცა, ოძავა ცდილობს, ხელსაყრელი მომენტი გამოიყენოს ნაოტო კანის დასასუსტებლად, სექტემბერში შიდაპარტიულ არჩევნებზე კი მას პარტიის ლიდერობა წაართვას. ოძავა დიეტის ორივე პალატაში დემოკრატიული პარტიის დეპუტატების დაახლოებით მესამედს აკონტროლებს. თუ პარტიამ ზედა პალატაში უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ოძავას მოწინააღმდეგეების გაკრიტიკების შანსი მიეცემა. ამას გარდა, მას შეუძლია, თავის მომხრეებთან ერთად დატოვოს დემოკრატიული პარტია, რაც ამ უკანასკნელს საგრძნობლად დაასუსტებს. ოძავა ასევე მოიქცა 1993 წელს, როდესაც ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან წამოვიდა. მომდევნო არჩევნებზე ლიბერალ-დემოკრატები დამარცხდნენ.
ნაოტო კანმა ერთი თვის წინათ შეცვალა იუკიო ჰატოიამა. ბოლო სამი წლის მანძილზე კანი იაპონიის მეხუთე პრემიერ-მინისტრია. მისი მთავარი დაპირებებია პოლიტიკაში ბიუროკრატიის გავლენის შემცირება და ფინანსური სკანდალებით დატვირთული დემოკრატიული პარტიის გაწმენდა. ოძავასთან დაპირისპირება კანისთვის პირველი გამოცდაა. ელექტორატი ახალი პრემიერისგან აგრესიულ პოლიტიკას ითხოვს. დიეტის ქვედა პალატის 480 ადგილიდან დემოკრატიულ პარტიას 308 ეკუთვნის. უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში რეფორმებს გააადვილებს.
ჰატოიამამ საკუთარი საარჩევნო დაპირებებიდან პრაქტიკულად ვერაფერი შეასრულა. დემოკრატიული პარტიის ახლანდელი საარჩევნო მანიფესტი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ პროგრამისგან, რომელმაც ისინი შარშან ხელისუფლებაში მოიყვანა. ერთ-ერთი ცვლილება სამომხმარებლო გადასახადის გაზრდაა. ახლა ის იაპონიაში 5%-ს შეადგენს. ამ საკითხმა მმართველი დემოკრატიული პარტიის რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედა. სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის მომხრეა დემოკრატიული პარტიის მთავარი კონკურენტი - ლიბერალ-დემოკრატიული პარტიაც. თუმცა, ამ უკანასკნელმა საკუთარ პროგრამაში აღნიშნა, რომ სამომხმარებლო გადასახადი 10%-მდე უნდა გაიზარდოს, დემოკრატებმა კი ზუსტი ციფრი არ დაასახელეს.
ბოლო ოცი წლის განმავლობაში იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტი წლიური ზრდის 3%-იან ზღვარს ვერ ასცდა. კრიზისში პოლიტიკურმა ფაქტორებმა შეიტანეს წვლილი. იაპონიას მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული მართავდა ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც წარმოადგენდა სხვადასხვა პოლიტიკურ თუ კორპორატიულ ინტერესთა ჯგუფების კრებულს. პარტია ათწლეულების მანძილზე უხვად აფინანსებდა მცირე მნიშვნელობის საჯარო პროექტებს, რამაც იაპონია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო - სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 200%-ს შეადგენს. ლიბერალ-დემოკრატიული პარტია დამოკიდებული იყო საჯარო პროექტებსა და კორპორაციულ მხარდაჭერაზე, შესაბამისად, მან ვერ შეძლო ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა. ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა და ლიბერალ-დემოკრატები 2009 წლის არჩევნებში დამარცხდნენ.
წლების მანძილზე იაპონიის მთავრობა უხვად აფინანსებდა საკუთარ საწარმოებს კრიზისის დასაძლევად. სასტიმულო პაკეტების ეკონომიკაში შეშვებით ინარჩუნებდნენ არამოგებიან ბიზნესს. ნაოტო კანი, რომელიც პრემიერობამდე ფინანსთა მინისტრი იყო, ამ პოლიტიკის შეცვლას, ანუ ხარჯების შემცირებას აპირებს. „წინააღმდეგ შემთხვევაში იაპონიას საბერძნეთის ბედი ელის”, - განაცხადა მან.
დემოკრატიული პარტიის მანიფესტში განხილული ეკონომიკური რეფორმები ამბიციურობით ვერ დაიკვეხნის. 2015 წლისათვის იგეგმება საბიუჯეტო დეფიციტის ორჯერ - 3.2%-მდე - შემცირება. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა კი, პროგნოზით, სულ ოდნავ აღემატება 3%-ს. კანის თქმით, შესაძლოა სამომხმარებლო გადასახადის აწევაც გადაავადონ 2-3 წლით.
2010 წლის პირველ მეოთხედში იაპონიის მშპ 5%-ით გაიზარდა (მთლიან წელიწადზე გათვლით), მაგრამ ამის მთავარი მიზეზი ჩინეთში ექსპორტის ზრდა იყო. ხელფასები კი უფრო დაბალი ტემპით იმატებს, ვიდრე ინფლაცია. ზოგი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ფისკალურ რეფორმებზე მეტად საჭიროა არაეფექტური საწარმოების დახურვა და მეტი ინვესტიციის მოზიდვა.
დემოკრატიული პარტიის საარჩევნო მანიფესტში საგარეო პოლიტიკური სიახლეებიც არის. მთავრობის მიზანი იქნება ამერიკასთან თანამშრომლობის გაღრმავება. ნაოტო კანი G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვდა ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას. როგორც ადრე შეთანხმდნენ, ოკინავაზე არსებულ ფუტენმას ამერიკულ საჰაერო ბაზას კუნძულის ნაკლებად დასახლებულ ადგილზე გადაიტანენ. მანიფესტი მოუწოდებს ჩინეთს, საჯარო გახადოს სამხედრო მოდერნიზაციის დეტალები და ხარჯები. ჰატოიამას მთავრობისგან განსხვავებით, იაპონიის საგარეო პოლიტიკური ვექტორი აზიიდან ისევ ამერიკისკენ შებრუნდა. თუმცა, არჩევნებზე გადამწყვეტი იქნება შიდა პოლიტიკური აქცენტები და ეკონომიკური რეფორმები.


 

კომენტარები