პარიზული განწყობა

მილანის შემდეგ მამაკაცთა მოდის ცენტრად პარიზი იქცა. ის ცვლილებები, რომელიც მოდის ინდუსტრიის ამ ნაწილში ბოლო დროს ხდებოდა, მომავალ სეზონზე გაცილებით შესამჩნევი გახდება - მამაკაცთა მოდა სულ უფრო შემოქმედებითი და კონსერვატიულობისგან თავისუფალია.
თუ ადრე ეპატაჟი და ფსევდოარტისტულობა იყო დიზაინერთა იარაღი, ახლა ყველა წამყვანი სახლი თავის საერთო ესთეტიკას ავითარებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის ტანისამოსში და ხშირად ქალების კოლექციების წარმატება მამაკაცთა ხაზის განვითარებასაც გულისხმობს. ამის მაგალითია უკანასკნელი სეზონების ლიდერი ლანვანი და ალბერ ელბაზის დიდი კომერციული წარმატება.
ლანვანის გაზაფხული/ზაფხული 2011 კოლექცია მონოქრომულია: ახალგაზრდული სპორტული ტანსაცმლით შთაგონებული თხელი ნაქსოვი ზოლიანი ტანისამოსი და მდიდარი სქელი აბრეშუმები, მონუმენტურ, უხეშ, მუქ სამკაულებთან ერთად, 50-იანი წლების გაზვიადებული სილუეტი და სანდლები არაერთ ბიჭს გაახარებს.
რიკ ოუენსმა თავისი ცივი ურბანული სილუეტი ამჯერად დაარბილა და გრძელი ქურთუკები მოკლე სახელოებით, მაგარი ტყავი და მონაზვნის თავსაბურავის მსგავსი აქსესუარი წარმოადგინა.
სტეფანო პილატიმ (ივ სენ ლორანი) და ჟან პოლ გოტიემ მაროკო და ტუნიკის რეინტერპრეტაცია აიღეს მთავარ მოტივად - გოტიესთან ეს უფრო ბრუტალურ გარემოში, თურქულ აბანოში იყო წარმოდგენილი და ანდროგენულ მოდელებს, რომლებიც ახალგაზრდა ივ სენ ლორანს მოგვაგონებდნენ, უხეში მამაკაცები ენაცვლებოდენ. მან ასევე გამოიყენა 3D სათვალეები და ტანსაცმელზე კოსმიური მოტივები დაბეჭდა. სტეფანო პილატისთან - პირიქით, დახვეწილი ევროპული ტანისამოსის შიგნიდან მოჩანდა ერთი ფერის ეთნიკური კოსტიუმის ფრაგმენტები და ყველა მოდელს ფესკის მსგავსი პატარა ქუდი ეხურა.
იოჯი იამამოტომ ფსევდოისტორიული ჭრელი კოლექცია აჩვენა, ბაროკოს ეპოქა თანამედროვე კონტექსტში მოახვედრა და მოცარტის თმის ვარცხნილობაზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა.
კოლექციები ოთხი დღის განმავლობაში 41-მა სამოდელო სახლმა აჩვენა.
 

კომენტარები