სიყვარულით რუსეთიდან

0 კომენტარი

„წაკითხვის შემდეგ გაანადგურე” - ასე მთავრდება ცენტრიდან მიღებული შეტყობინებები... ისინი ტრივიალური შპიონური ჟარგონით საუბრობენ. გადასცემენ ერთმანეთს მოკითხვას „ძია პოლისგან”, იგონებენ უცნაურ მეტაფორებს - „მშვენიერია მაისში სანტა კლაუსობა”. სახელოვანი კინოპროტოტიპის დარად, უნივერსალურ ბრენდებს სცემენ პატივს - ქუჩებსა და სკვერებში ჟურნალ „თაიმით” ხელდამშვენებულები დასეირნობენ. იყენებენ ინფორმაციის გადაცემის მრავალფეროვან მეთოდებს - მოდიდან გადასული მორზეს ანბანით დაწყებული, უხილავი მელნით, კოდირებული ციფრული სურათებით, სპეცკომპიუტერებითა და თანამედროვე wifi-ის ქსელებით დამთავრებული. გასამრჯელოს აღება ცალკე ხელოვნებაა - ხალხმრავალ ადგილებში (ძირითადად, მეტროსადგურებში) იდენტური ტყავის ქეისების გაცვლა.

არ გეგონოთ ცივი ომის პერიოდის შპიონების შესახებ ბულვარული რომანიდან კითხულობთ ამონარიდს. გასულ კვირაში აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯაშუშური ქსელი გამოავლინა. ბრალის წასაყენებლად სასამართლოსთვის გადაცემული გაშიფრული საიდუმლო დიალოგები ჰოლივუდის სცენარისტებსაც კი პირღიას დატოვებდა.

გაირკვა, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში გამოძიების ფედერალური ბიურო და ცენტრალური დაზვერვის სამსახური რუსი ჯაშუშების საქმიანობას აკვირდებოდნენ. აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ მოქმედების დროც დადგა:

შაბათს, 26 ივნისს, ჩატარდა სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით „არალეგალების პროგრამა”. აიყვანეს რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ათი ადამიანი, მათ შორის, ოჯახური წყვილებიც. დაკავებულებს, ჯაშუშობასთან ერთად, ბრალად წაუყენეს ფულის გათეთრება და საბუთების გაყალბება. მეთერთმეტე ჯაშუშმა შტატებიდან გაქცევა მოასწრო, თუმცა სამართალდამცველებმა მას მაინც მიაკვლიეს კვიპროსში, ლარნაკას აეროპორტში. კვიპროსის სასამართლომ ჯაშუშს გირაო შეუფარდა. იგი მეორედაც ოსტატურად დაუსხლტა მართლმსაჯულებას. გამოძიება სწორედ მას, კრისტოფერ მეტსოს, მიიჩნევს შპიონური ქსელის ხელმძღვანელად.

რუსეთის საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ დაკავებულები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა აშშ-ს, კანადის, ირლანდიისა და პერუს პასპორტებით სარგებლობდა.

ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, ბოსტონსა და ვაშინგტონში ჩვეულებრივი ამერიკელებივით ცხოვრობდნენ: უმეტესობა დაოჯახებული იყო, ჰყავდათ შვილები, ჰქონდათ წარმატებული კარიერა, იხდიდნენ გადასახადებს, ვახშამზე პატიჟებდნენ მეზობლებს და ა.შ.

გამოძიების მტკიცებით, ეჭვმიტანილები გრძელვადიანი გეგმით მოქმედებდნენ. ბრალდებას ამაგრებს „ცენტრიდან” (მოსკოვი) გამოგზავნილი მითითება, რომელიც ამერიკულმა სპეცსამსახურებმა 2009 წელს იგდეს ხელთ: „თქვენ გრძელვადიანი შვებულებით მიგავლინეს აშშ-ში. თქვენი განათლება, საბანკო ანგარიშები, სახლები, მანქანები... ყველაფერი უნდა მოხმარდეს მთავარ მიზანს - ეძიოთ აშშ-ს პოლიტიკურ წრეებთან დაახლოების გზები და მიაწოდოთ ცენტრს ინფორმაცია”. აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში ჯაშუშები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ. გამოძიება საქმის დეტალებს სრულად არ ახმაურებს, ამიტომ, დასავლურ მედიასაშუალებებს ჯერ მხოლოდ ვარაუდი შეუძლიათ, თუ რა ტიპის ინფორმაციაზე მიუწვდებოდათ ხელი რუს ჯაშუშებს.

რუსული სპეცსამსახურების ერთ-ერთი მთავარი მიზანი პოლიტიკურ, აკადემიურ და ჟურნალისტურ წრეებში შეღწევა იყო. მაგალითად, რუსი შპიონების ერთ-ერთ სამიზნედ სახელდება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მეგობარი და დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფინანსებელი, ალან პატრიკოვი. 74 წლის პატრიკოვი საკუთარი ფინანსების მართვას ნიუ-იორკის ერთ-ერთ პატარა, თუმცა ელიტარულ კომპანიას - Morea Financial Services - ანდობდა. სინტია მერფის სახელით მოქმედი ქალბატონი, რომელიც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ნიუ-იორკში, მეუღლესთან ერთად დააკავა, წლების განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა კომპანია Morea Financial Services-ში.

აშშ-ს ადმინისტრაციის ყოფილ მაღალჩინოსანზე კიდევ ერთი შპიონი მუშაობდა. ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დონალდ ჰითფილდი თავს კანადელ ბიზნესმენად ასაღებდა და ამტკიცებდა, რომ მისი კომპანიის კონსულტანტი იყო ალ გორის მთავარი მრჩეველი უშიშროების საკითხებში, ლეონ ფუერტი. ჰითფილდის კომპანიის - Future Map-ის 2008 წლის ვებვერსიაში მართლაც ფიგურირებს ფუერტის გვარი თანამშრომელთა სიაში. ფუერტი უარყოფს Future Map-ში მუშაობას და აცხადებს, რომ ეჭვმიტანილს მხოლოდ ერთხელ და ისიც საჯარო გამოსვლისას შეხვედრია.

ჯაშუშური დრამის ნამდვილი სუპერვარსკვლავი, უდავოდ, 28 წლის ჩაპმანი, ანა ჩაპმანი გახლავთ. ეს ჟღალთმიანი საბედისწერო ქალბატონი იანვრიდან მოყოლებული რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისთვის ინფორმაციის სისტემატურ მიწოდებაში დაადანაშაულეს. ანა - ნამდვილი გვარი კუჩენკო - რუსი დიპლომატის, კენიაში რუსეთის ყოფილი ელჩის და КГБ-ს ჯაშუშის ქალიშვილია. როგორც ამბობენ, კვიცი გვარზე ხტის.

რუსეთი აშშ-სგან განმარტებებს ელის. ისრაელში ვიზიტით მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, პრესკონფერენციაზე არაორაზროვნად მიუთითა სპეცოპერაციის თანხვედრაზე ობამასა და მედვედევის შეხვედრასთან: „ჩვენთვის არ განუმარტავთ, რაზეა საუბარი. ვიმედოვნებ, რომ განგვიმარტავენ. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა - დრო განსაკუთრებული მოქნილობით შეირჩა”.

„თქვენმა პოლიციამ თავი აიშვა - ხალხს ციხეში სვამენ”, - განუცხადა პუტინმა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონს, აშშ-ში რუსული ჯაშუშური ქსელის მხილებიდან მეორე დღეს. ჩანს, აშშ-ს ადმინისტრაცია „ჯოხისა და სტაფილოს” პოლიტიკას მიმართავს. ცალ ხელში „გადატვირთვა”, მეორეში კი - ბორკილები.

თანამედროვე რუსი შპიონები ბევრად ჩამოუვარდებიან საბჭოელ წინამორბედებს. ჯერ მარტო მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობა რად ღირს: იულიუს და ითალ როზენბერგები ატომური ბომბის ტექნოლოგიას აწვდიდნენ საბჭოთა რეჟიმს, კიმ ფილბი და კემბრიჯის ხუთეულის სახელით ცნობილი ბრიტანელი შპიონები კი დასავლელი აგენტების ვინაობას უმხელდნენ. КГБ-ს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული აგენტურული ქსელი ჰყავდა.

ცივი ომის შემდეგ საბჭოთა შპიონების მიღწევები ინერციით მიდიოდა. აშშ-ში მხოლოდ 1994 წელს დააკავეს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მაღალჩინოსანი ოლდრიჯ ეიმსი, რომელმაც 1985 წლიდან დაპატიმრებამდე, 4.6 მილიონი ამერიკული დოლარის სანაცვლოდ, 25 ამერიკელი აგენტი გათქვა. ეიმსის სახელი საქართველოსთანაც იკვეთება. 1993 წელს საქართველოში ერთი გასროლით მოკლეს ცენტრალური დაზვერვის სამსახურის საქართველოს სამმართველოს უფროსი ფრედი ვუდროფი. ვუდროფის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ ოლდრიჯ ეიმსი ესტუმრა მას საქართველოში სამუშაო ვიზიტით.

თუ დავუჯერებთ ცივი ომის პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ორმაგ აგენტს, КГБ-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, 71 წლის ოლეგ გორდიევსკის, აშშ-ში დღეს რუსეთის 400-მდე ჯაშუში მოქმედებს. მათ მიერ შეგროვებული საიდუმლო ინფორმაცია ხარისხით არ აღემატება ჟურნალისტების მიერ შეგროვებულ მასალებს. ამას ორი მიზეზი აქვს: ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი რუსეთი ისედაც ვერ აითვისებს აშშ-ს სამხედრო და სამეწარმეო საიდუმლოთა უმრავლესობას. გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ამ ტიპის მაღალტექნოლოგიური მასალების მოსაპოვებლად სათანადო ცოდნასა და უნარებს ფლობენ, არასდროს მოინდომებენ ФСБ-ზე ან ГРУ-ზე მუშაობას. ისინი Intel-ს, Applied Materials-ს ან, თუნდაც, AMD-ს მიანიჭებენ უპირატესობას.

რუსი ჯაშუშების წარუმატებლობის ტალღა არა მარტო აშშ-ს, მთელ მსოფლიოს მოედო. მარტო ივლისში რამდენიმე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა თანმიმდევრობით გამოაქვეყნა ანგარიშები რუსი შპიონების გააქტიურების შესახებ.

28 ივნისს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტომას დე მეზერმა, ქვეყნის ეკონომიკის მთავარ პრობლემად სამეწარმეო შპიონაჟი დაასახელა. მისი თქმით, ამ ხერხს ყველაზე ხშირად რუსები და ჩინელები მიმართავენ. მეზერის მოხსენებაში საუბარია რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე გერმანიაში. კონტრდაზვერვა მათ უწოდებს „აგენტთა ბუდეებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას ძირს უთხრიან”. ანგარიშში პირდაპირ ნათქვამია, რომ რუსული სამეწარმეო შპიონაჟი გერმანიას გაცილებით დიდ ზიანს აყენებს, ვიდრე ისლამური ტერორიზმი და მემარჯვენე-რადიკალური, ან მემარცხენე-ექსტრემისტული ორგანიზაციების საქმიანობა.

ჩეხეთის უშიშროების სამსახურის მოხსენებაშიც გაცხადდა რუსეთის „ინტენსიური და აგრესიული” შპიონაჟი მეცნიერულ-ტექნიკურ სფეროში. შარშან ჩეხეთმა ქვეყნიდან გამოაძევა რუსეთის ფედერაციის ოთხი დიპლომატი, ამერიკული რადარის შესახებ არსებული საიდუმლო ინფორმაციის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გამო. მაშინ რუსებმა ეს ფაქტი „კიდევ ერთ პროვოკაციად” მონათლეს.

2010 წლის ივნისში რუსი ქალბატონი ინდოეთშიც დააკავეს. 32 წლის ოლგა ტიმოშკინი ინდოეთის შტატ პუნჯაბში ცხოვრობდა და, სამართალდამცველთა ინფორმაციით, ცნობებს აგროვებდა ქაშმირის რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

აშშ-ში ჯაშუშების ქსელის მხილების შემდეგ ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის, MI-5-ის საიტზე ყურადღება მიიქცია შემდეგმა განცხადებამ: „ლონდონში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცრების რიცხვი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ შემცირებულა”. სააგენტო ოფიციალურად არ აკონკრეტებს რიცხვს, თუმცა კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა მედიას ანონიმურად გაანდეს, რომ საუბარია სულ მცირე 30-მდე ჯაშუშზე რუსეთის საელჩოდან და სავაჭრო წარმომადგენლობიდან.

სადაზვერვო მიზნებისთვის რუსეთი, ტრადიციულად, ეკლესიასაც იყენებს. რუსეთის ფედერაციამ შუაგულ პარიზში 8.5 ათასი კვ.მ. ფართობის მიწა შეიძინა, მართლმადიდებლური ტაძრის ასაგებად. საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურებს ეს ტაძარი ეშმაკზე უფრო აფიქრებს, ვიდრე ღმერთზე. მათი ვარაუდით, ამ შენობიდან რუსები ელექტრონული დაზვერვის წარმოებას აპირებენ. შეშფოთების მიზეზი არსებობს: ტაძარი აიგება ალმის სასახლის მახლობლად, რომელსაც ხშირად სტუმრობს პრეზიდენტი სარკოზი. იქვეა პრეზიდენტის საფოსტო სამსახური და მისი მრჩევლების 16 რეზიდენცია, მათ შორის, საგარეო ურთიერთობების საკითხებში სარკოზის პირადი მრჩევლის ჟან-დევიდ ლევიტის კერძო აპარტამენტები. ეჭვებს ისიც ამძაფრებს, რომ ტაძრის მშენებლობა რუსეთმა ყოფილ КГБ-ს აგენტსა და ამჟამად კრემლის უძრავი ქონების სამმართველოს უფროსს, ვლადიმირ კოჟინს დაავალა.

ეკლესიის მსგავსად, სადაზვერვო საქმიანობისათვის გამოიყენება რუსული ბიზნესიც, რომელზეც პუტინის მმართველობის პერიოდში რუსულმა სახელმწიფომ კონტროლი კიდევ უფრო მეტად განამტკიცა. ხშირ შემთხვევებში რუსული კომპანიების უცხოური წარმომადგენლობები მზვერავებისთვის კომფორტული საფარველია.

არც პოსტსაბჭოთა სივრცე უჩივის ჯაშუშური სკანდალების სიმცირეს. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე ესტონეთში განვითარდა. 2008 წლის 21 სექტემბერს კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა, შპიონაჟის ბრალდებით, დააკავეს ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, 61 წლის ჰერმან სიმი. იგი 1995 წლიდან მუშაობდა ჯერ თავდაცვითი ინფორმაციის ანალიზის ბიუროს, ხოლო 2000 წლიდან სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის განყოფილების უფროსად. სწორედ მას ევალებოდა სამხედრო საიდუმლოების დაცვის კოორდინაცია ქვეყნის მასშტაბით. სიმი ხშირად ესწრებოდა ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საიდუმლოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ კონფერენციებს, ესტონეთის დელეგაციის ხელმძღვანელის სტატუსით. გაირკვა, რომ ის რუსეთს ინფორმაციას აწვდიდა, როგორც ესტონეთის არმიისა და სპეცსამსახურების, ისე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ იარაღის შესყიდვების, სამხედრო ობიექტებისა და დაშიფვრის სისტემების შესახებ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დსთ-ს სივრცეში არსებობდა ერთგვარი ტრადიცია - ყოფილ რესპუბლიკებში უშიშროების მინისტრს რუსეთი ნიშნავდა. იყო დრო, როდესაც საქართველოში რუსეთი სამ ძალოვან სტრუქტურას ერთდროულად აკონტროლებდა: თავდაცვის მინისტრი - ვარდიკო ნადიბაიძე, უშიშროების მინისტრი - იგორ გიორგაძე, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი - შოთა კვირაია გახლდათ. ტრადიციის დარღვევა რუსებმა არც ვარდების რევოლუციის შემდეგ მოისურვეს. მოსკოვში პირველი ვიზიტისას, პუტინმა პირდაპირ მოსთხოვა მიხეილ სააკაშვილს უშიშროების მინისტრად “თავისი კაცი”, ვალერი ხაბურძანია შეენარჩუნებინა. საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მტკიცებით, რუსეთ-საქართველოს ისედაც რთული ურთიერთობის გაუარესება სწორედ ამ „რეკომენდაციის” უგულებელყოფით დაიწყო.

რუსეთის სპეცსამსახურების ფარული ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციების ყველაზე ნათელი გამოვლინება 2006 წლის სექტემბერში ვიხილეთ. შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა თბილისსა და ბათუმში დააკავა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ოთხი ოფიცერი და ადგილობრივი აგენტურა - საქართველოს 11 მოქალაქე. ამ ჯგუფს ერევნიდან ხელმძღვანელობდა 2005 წლის 1 თებერვალს გორში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი, ГРУ-ს ოფიცერი ანატოლი სინიცინი. მაშინ პრეზიდენტმა პუტინმა საქართველო „სახელმწიფო ტერორიზმში” დაადანაშაულა. რუსი ჯაშუშების ქვეყნიდან გაძევებას რუსეთის მყისიერი პასუხი მოჰყვა - რუსეთმა ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყო.

საქართველოსგან განსხვავებით, აშშ-ს სამართალდამცავების ქმედებას ჯერ არ მოჰყოლია რუსეთის რეაქცია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები