ოკუპაციის ცნების მნიშვნელობა საქართველოსთვის

 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველომ იმას, რაც ხდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ოფიციალურ დონეზე უწოდა ადეკვატური სახელი - ოკუპაცია. 2010 წელს ეს ტერმინოლოგია ოფიციალურად გამოიყენეს უცხოეთშიც. მაისში ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ორი ქართული რეგიონი მოხსენიებული იყო, როგორც „რუსეთის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფი ოკუპირებული ტერიტორიები”, თუმცა ევროპარლამენტის საბოლოო რეზოლუციაში ეს სიტყვები აღარ მოხვდა.
სამაგიეროდ, ლიტვის სეიმის 1 ივნისის რეზოლუციაში რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია ბევრჯერ არის ნახსენები, ხოლო სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმები მარიონეტებად (puppet) არიან წოდებულნი. არანაკლებ საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატების, კერძოდ, თეთრი სახლის პრესსამსახურის მიერ 24 ივნისს გავრცელებული განცხადება. ამ განცხადებაში აშშ მოუწოდებს რუსეთს, „დაასრულოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქართული ტერიტორიების ოკუპაცია”.
საქართველოს მიზანი უნდა იყოს ამ ტერმინების შემდგომი დამკვიდრება საერთაშორისო პრაქტიკაში. ამავე დროს, იმის მიუხედავად, თუ რამდენად ფართოდ გაიზიარებენ ამ ტერმინოლოგიას უცხოეთში, თავად საქართველომ ამგვარი პრინციპული მიდგომა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს. ეს გამართლებულია თუნდაც იმიტომ, რომ უფრო კორექტულია, ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი ერქვას. ოკუპანტს ვუწოდოთ ოკუპანტი. ამ ოკუპანტის მიერ დასმულ მარიონეტულ რეჟიმს ვუწოდოთ სწორედ მარიონეტული რეჟიმი და არა „დე ფაქტო” თუ „სეპარატისტული ხელისუფლება”. შავზე შავისა და თეთრზე თეთრის თქმა უფრო სწორია, ვიდრე იმ გაუგებარი ტერმინების გამოყენება, რომლებიც სწორედ რუსებმა შემოიღეს 1990-იანი წლების პირველ ნახევარში.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოება - იმ ფაქტის დაფიქსირება, რომ არსებული რეალობა რუსულ-ქართული კონფლიქტია, არ აძლევს რუსეთს საშუალებას, პრობლემის არსი წარმოაჩინოს როგორც ეთნიკური დაპირისპირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუკი ჩვენს ტერიტორიაზე არსებული პრობლემა გასაღდება როგორც „ეთნიკური კონფლიქტები”, რუსეთი უკეთეს საშუალებას მიიღებს, მიინიჭოს თუნდაც არაფორმალური მშვიდობისმყოფლის როლი, იმის მიუხედავად, რომ მისი ქმედებები საქართველოს ნებას ეწინააღმდეგება.
სწორედ ამიტომ, ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთს სურს, საქართველოს ხელი მოაწერინოს ძალის არგამოყენებაზე მარიონეტულ რეჟიმებთან და კატეგორიულ უარს ამბობს თავად დადოს საქართველოსთან ასეთი შეთანხმება. ეს ხომ იქნებოდა დამატებითი დაფიქსირება იმისა, რომ საქმე გვაქვს არა „კონფლიქტებთან” საქართველოსა და მის პროვინციებს შორის, არამედ ერთ რუსულ-ქართულ კონფლიქტთან. ამას კი რუსეთი მიზანმიმართულად გაურბის, რადგან ამ შემთხვევაში გამოდის, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მართლაც ოკუპირებულია. ოკუპაცია კი, როგორც წესი, ადრე თუ გვიან მთავრდება ხოლმე.
საქართველოში არსებობს ის მოსაზრებაც, რომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მარიონეტული რეჟიმების მიერ კავშირის დამყარებას სხვადასხვა სახელმწიფოსთან, რადგან ეს თითქოსდა შეამცირებს მათ დამოკიდებულებას რუსეთზე. ამ მოსაზრების მიხედვით, ჩვენ თავადაც უნდა დავამყაროთ ამ რეჟიმებთან ოფიციალური ურთიერთობები. ასეთი მოსაზრების გაჟღერების მაგალითია 2009 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული სტატია „თურქეთი როგორც აფხაზეთის კონფლიქტის გასაღები”. მისი ავტორის, ირაკლი ალასანიას აზრით, „თურქეთს უნდა მივცეთ აფხაზებთან ეტაპობრივი, მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა” და „სპეციალური სამმხრივი - ქართულ-აფხაზურ-თურქული - მოლაპარაკების საგანი უნდა გახდეს საზღვაო მიმოსვლის პირობებზე შეთანხმება”.
ეს მოსაზრება მცდარია. რუსები სრულად აკონტროლებენ ოკუპირებულ რეგიონებს პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით. შემოთავაზებული ხერხით იქ მათი გავლენის შემცირება შეუძლებელია. სამაგიეროდ, ამდაგვარი ქმედებები საქართველოს მხრიდან იქნებოდა საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაცია. საქართველოს თანხმობა მარიონეტული რეჟიმების მიერ საგარეო ურთიერთობების დამყარებაზე იქნებოდა იმის ნიშანი, რომ საქართველო რეალურად აღარ უპირისპირდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას და, შესაბამისად, რუსეთის ქმედებების „ოკუპაციად” შეფასება არააქტუალური გახდებოდა.
არანაკლებად მძიმე შედეგები ექნებოდა ზემოთ ნახსენები „სამმხრივი მოლაპარაკების” იდეის რეალიზებას, ან ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ქმედებას, რომლის შედეგად მარიონეტული რეჟიმი საქართველოს თანხმობით ისარგებლებს იგივე სტატუსით, როგორითაც საქართველოს ან სხვა სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლება. ამით ხელს მოვაწერდით ჩვენი რეგიონების დაფიქსირებას დამოუკიდებელ საერთაშორისო აქტორებად, და არა ოკუპირებულ ტერიტორიებად. რუსულ ოკუპაციას ეს ვერ დაასრულებდა. პირიქით, ეს განაპირობებდა მის ლეგიტიმაციას. ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის მხარდასაჭერად, მაგრამ არ უნდა დაუჭიროს მხარი რუსეთის მიერ დასმულ და ეთნიკურ წმენდაზე დაფუძნებულ რეჟიმებს.
მხოლოდ პრინციპული პოზიციის შენარჩუნება - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით - იძლევა მომავალში ოკუპაციისგან გათავისუფლების შანსს. ამას დასჭირდება დიდი დრო და მნიშვნელოვანი ცვლილებები რუსეთში, მაგრამ ამ პოზიციის რაციონალური ალტერნატივა საქართველოსთვის არ არსებობს. ოკუპაციის ლეგიტიმაცია რაციონალურ ალტერნატივად ვერ ჩაითვლება, რადგან იგი სრულიად მოსპობდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კანონისა და წესრიგის აღდგენის შანსს, გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი. საქართველოს ნაწილში კანონისა და წესრიგის ვერაღდგენასთან შეგუება კი იგივეა, რაც უარის თქმა სუვერენული და განვითარებული ქვეყნის მშენებლობაზე.

კომენტარები