დიდი რეცესია გრძელდება

 ივნისში ამერიკის უმუშევრობის დონის შეფასებითმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ეკონომიკური აღმავლობა შეფერხებულია.
ოქტომბრის მერე დამქირავებლებმა 125 ათასი სამუშაო ადგილი შეამცირეს. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კერძო კომპანიებმა 83 ათასი ადამიანი დაასაქმეს. უმუშევრობა 9.7%-დან 9.5%-მდე შემცირდა. თუმცა, ამ შემცირების ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ 650 ათასმა ადამიანმა, უიმედობის გამო, უბრალოდ თავი დაანება სამუშაოს ძიებას. სტატისტიკურად, ის ადამიანები, რომლებიც სამუშაოს არ ეძებენ, უმუშევრებად არ ითვლებიან.
ვაჭრობის დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ფაბრიკების შეკვეთები მაისში 1.4%-ით დაეცა. ეს მაჩვენებელი, 2009 წლის მარტის შემდეგ, პირველი ყველაზე დიდი შემცირებაა.
მომხმარებლებმა მაისში ბინების შესყიდვა შეამცირეს, მას შემდეგ, რაც 30 აპრილს ბინის შეძენაზე საგადასახადო კრედიტი მოიხსნა. მშენებლობამ მკვეთრად დაიკლო. პარალელურად, მოსახლეობაში სტაბილურობის განცდაც შემცირდა.
კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით, ამერიკაში 7.9 მილიონით ნაკლები ანაზღაურებადი კერძო სამსახურია. წლის დასაწყისიდან კერძო სექტორი ყოველთვიურად, საშუალოდ, 98 ათას სამუშაო ადგილს ამატებს. ამ ტემპით, კრიზისამდელი ნიშნულის მისაღწევად ამერიკას თითქმის 7 წელი დასჭირდება.
დასაქმება მოსახლეობის ზრდის ტემპს რომ მიჰყვეს, ყოველთვიურად სულ მცირე 100 ათასი სამუშაო ადგილია საჭირო. უმუშევრობის დონის დასაწევად კი ეკონომიკას ორჯერ მეტი სამუშაო ადგილი სჭირდება.
მწარმოებლებმა, რომლებიც კრიზისის შემდეგ ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნიდნენ, დასაქმებულთა რაოდენობა მაისში 32 ათასიდან ივნისში 9 ათასამდე შეამცირეს. მაისში წარმოება 1.4%-ით დაეცა, რაც 2009 წლის მარტის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.
სახელმწიფოს წინასწარი შეფასება არ გამართლდა და კერძო დამქირავებლებმა მაისში 11 ათასი სამუშაო ადგილით ნაკლები გაიღეს. სახელმწიფომ ამ შედეგის კორექტირება იმით სცადა, რომ სტატისტიკის დეპარტამენტმა, 2010 წლის უმუშევრობის დონის გამოთვლების დახმარების მიზნით, 400 ათასი ადამიანი დაიქირავა, თუმცა ამ სამსახურების უმეტესობა მხოლოდ 6-8 კვირა გაგრძელდა.
საათობრივი ანაზღაურებაც შემცირდა და 22.5 დოლარს გაუტოლდა. შედეგად, შემცირდა სამუშაო კვირაც, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულებმა ბოლო თვის განმავლობაში ნაკლები ფული აიღეს.
ორგანიზაცია The Free Enterprise Nation-ის ანალიზის თანახმად, 2007 წლიდან ამერიკის კერძო სექტორმა დაკარგა 10.5 მილიონი სამუშაო ადგილი მაშინ, როცა საჯარო სექტორში სამუშაო ადგილები 720 ათასით გაიზარდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, დასაქმებულთა ამგვარი გადანაწილების შედეგად, კერძო სექტორში დასაქმებულებზე მნიშვნელოვნად იზრდება საგადასახადო წნეხი: შედარებით მცირე კერძო სექტორს უწევს, ფინანსურად შეინახოს გამუდმებით მზარდი საჯარო სექტორი. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა შენახვა თვითონ მთავრობასაც ძვირი უჯდება - დიდი პენსიები, ახალგაზრდა საპენსიო ასაკი და სამედიცინო დაზღვევა.
2007 წლის ბოლოდან ფედერალურმა მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირებისთვის 3.6 ტრილიონ დოლარამდე დახარჯა. დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის უმუშევართა დახმარების ფედერალური პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებით დებატები არ წყდება.
ობამას ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ამ ტიპის დახმარებები საუკეთესო საშუალებაა მოთხოვნის სტიმულირებისთვის: ადმინისტრირება ადვილია და მიმღებიც ხარჯვას იწყებს.
სხვადასხვა კვლევით დასტურდება, რომ ადრე გაცემული დახმარებები, რომლებიც ღარიბი და უმუშევარი ადამიანების ეკონომიკური სტიმულირებისკენ იყო მიმართული, უმეტესწილად დაზოგვას (და არა ხარჯვას) დაექვემდებარა.
საქმე ისაა, რომ მთავრობა არ ქმნის რესურსებს. ის მათ მხოლოდ ანაწილებს. შესაბამისად, უმუშევრებზე რესურსის გაცემით, მთავრობა ამ რესურსს ვიღაცას ართმევს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უმუშევართა დახმარება იმდენად მაღალი იქნება, რომ ამ ადამიანების მსყიდველუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის, იმათი მსყიდველუნარიანობა, ვის ხარჯზეც გაიზარდა დახმარება, ასევე მნიშვნელოვნად დაეცემა. შესაბამისად, ეკონომიკის სტიმულირება არ მოხდება.
მეტიც, ადამიანს, რომლისგანაც ამოიღეს თანხა, მუშაობის მოტივაცია შეუმცირდება და ნაკლებს იმუშავებს. მეორე მხრივ, მას, ვისაც დაუმატეს თანხა, მუშაობის მოტივაცია შეუმცირდება და, შესაბამისად, ისიც ნაკლებს იმუშავებს.
ამდენად, ეკონომიკის სტიმულირების ნაცვლად, მცირდება მუშაობის სტიმული ადამიანებისთვის, რადგან ვინც ნაკლებს მუშაობს, ის მეტს მიიღებს და პირიქით. იმ შემთხვევაში კი, თუ თანამშრომლები უმუშევართათვის გაზრდილი დახმარებების გამო მეტ ხელფასს მოითხოვენ, პასუხად, დამსაქმებლები თანამშრომლებს შეამცირებენ.
ობამას ადმინისტრაციის მიდგომა, რომ უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა საჯარო სამსახურის „გაბერვის” ხარჯზე შეიძლება, მცდართან ერთად, საზიანოცაა. ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მიერ 40 წლის მონაცემების შესწავლის საფუძველზე გამოჩნდა, რომ ფედერალური მთავრობის ხარჯის ზრდა ადგილობრივი ბიზნესაქტივობის სტიმულირებას არ ახდენს. პირიქით, რაც მეტია ფედერალური ხარჯი, მით ნაკლებია კორპორატიული.

კომენტარები