პრეზიდენტის ვინაობა სამი რაუნდის შემდეგ გაირკვა

სამტურიანი კენჭისყრა ქრისტიან ვულფის გამარჯვებით დასრულდა. გერმანიის პრეზიდენტად, როგორც მოსალოდნელი იყო, ანგელა მერკელის კონსერვატორი კანდიდატი აირჩიეს. თუმცა, ბრძოლის დაძაბულობამ ცხადყო, რომ მმართველი კოალიცია არც ისე მჭიდროდაა შეკრული, როგორც გარედან ჩანს.
გერმანიაში ფედერალურ პრეზიდენტს უშუალოდ ხალხი არ ირჩევს. გერმანული პარლამენტის - ბუნდესტაგის - წევრებისა და შტატების საკანონმდებლო დელეგატებისგან შემდგარი ფედერალური კრება, ფარული კენჭისყრით, ყოველგვარი დებატების გარეშე გამოავლენს შემდეგ პრეზიდენტს. კრებამ პრეზიდენტის კანდიდატურა აბსოლუტური უმრავლესობით უნდა აირჩიოს. თუ ორ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეძლებს ხმების საჭირო რაოდენობის დაგროვებას, მესამე ტურში გაიმარჯვებს კანდიდატი, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს.
აღნიშნულ არჩევნებში 1244 არჩეული წარმომადგენელი მონაწილეობდა. პირველ ტურში ვულფს 23 ხმა დააკლდა აბსოლუტური უმრავლესობის - 623 ხმის მისაღებად, მეორე ტურში - 8. საბოლოოდ, მმართველმა კოალიციამ 625 ხმა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ფედერალური რესპუბლიკის ისტორიაში ეს მესამე შემთხვევაა, როცა ქვეყნის პირველი პირის დასანიშნად არჩევნების სამი რაუნდი ჩატარდა. 1949 წლიდან გერმანიამ ცხრა პრეზიდენტი გამოიცვალა. ვულფი მეათეა.
გერმანიაში პრეზიდენტს მხოლოდ ცერემონიალური ძალაუფლება აქვს, თუმცა ამ არჩევნებს დიდი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. კენჭისყრა ერთგვარი გამოცდა იყო მერკელის ავტორიტეტისთვის. ბოლო დროს იკლო ქრისტიან-დემოკრატების, თავისუფალი დემოკრატებისა და ბავარიის ქრისტიან-სოციალისტების კავშირისგან შემდგარი სამთავრობო კოალიციის რეიტინგმა. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შტატის არჩევნების შედეგმა კოალიციას უმრავლესობა დააკარგვინა პარლამენტის ზედა პალატაში. ხელისუფლებას ავნო პრეზიდენტ ჰორისტ კიოლერის გადადგომამაც. ყოფილი პრეზიდენტი გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობდა საერთაშორისო დონეზე.
თუმცა, არც ახალი პრეზიდენტია ახალბედა პოლიტიკოსი - 1994 წლის საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნებისას იგი ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი გახლდათ პრემიერის პოსტზე. მაშინ გერჰარდ შროდერმა მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობა ქვემო საქსონიის საკანონმდებლო ორგანოში. ვულფი კი მოგვიანებით, 2003-2010 წლებში გახლდათ ქვემო საქსონიის პრემიერ-მინისტრი. 2005 წლის ფედერალურ არჩევნებამდე იგი დაასახელეს გერმანიის კანცლერობის პოტენციურ კანდიდატად. სწორედ მისი წარმატებული პოლიტიკური კარიერის გამო მიაჩნიათ, რომ ანგელა მერკელმა, საპრეზიდენტო კანდიდატად ვულფის შერჩევით, საქმე გაირთულა.
აღსანიშნავია, რომ ვულფის კონკურენტი, აღმოსავლეთ გერმანიის 1989 წლის მშვიდობიანი რევოლუციის ქარიზმატული ლიდერი, იოაკიმ გაუკი, იდეოლოგიურად უფრო ახლოს დგას ანგელა მერკელის ქრისტიან-ლიბერალურ კოალიციასთან, ვიდრე მემარცხენე პარტიებთან. ვულფის მხარდაჭერით კი კანცლერი თითქოს დაუპირისპირდა დემოკრატიული აღორძინების სიმბოლოს.
იოაკიმ გაუკი ძალიან სახასიათო პერსონაჟია გერმანულ პოლიტიკაში. იგი პროტესტანტი მღვდელი და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ადამიანების უფლებების ყოფილი აქტივისტია. სოციალისტური საიდუმლო პოლიციის ე.წ Stasi-ს დოკუმენტებში გაუკი „გამოუსწორებელ ანტიკომუნისტად” არის მოხსენიებული. გასაკვირი არაა, რომ საბჭოთა გულაგგამოვლილის შვილმა თავისი კარიერა კომუნისტურ ტირანიასთან ბრძოლას მიუძღვნა.
გაუკი ხელმძღვანელობდა ლუსტრაციის პროცესს, გახლდათ არქივების პირველი ფედერალური კომისიონერი 1999-2000 წლებში. მისი დირექტორობისას გაიხსნა კომუნისტური პოლიციის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რის გამოც „Stasi-ზე მონადირეც” კი შეარქვეს. კომუნიზმთან ბრძოლაში იგი მხოლოდ გერმანიით არ შემოფარგლულა - ვაცლავ ჰაველთან ერთად მან ხელი მოაწერა ევროპული სინდისისა და კომუნიზმის პრაღის დეკლარაციას (Prague Declaration on European Conscience and Communism); ითხოვდა საბჭოთა დროს ჩადენილ უსამართლობათა გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას, რაშიც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
ყოველკვირეულმა გამოცემა შპიგელმა კენჭისყრას „მერკელის უდიდესი წარუმატებლობა” უწოდა. ამ ფონზე, 2011 წელს კანცლერს კიდევ 5 არჩევნები ელის. ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ ვადის დასრულებამდე (2013 წელი) მმართველ კოალიციას გაუჭირდება გამოწვევებთან გამკლავება შემცირებული ავტორიტეტის პირობებში. თუ გამოკითხვებს დავუჯერებთ, კოალიციის წევრი თავისუფალ დემოკრატთა პარტია ბუნდესტაგში შესვლას ვერ შეძლებს - მისი რეიტინგი 5%-იან ბარიერზე დაბალია. იზრდება ოპონენტების პოპულარობაც. მაგალითად, ივლისის მონაცემებით ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის რეიტინგმა 30% შეადგინა და მაისთან შედარებით, 2 %-იანი ზრდა აჩვენა.
მმართველი კოალიციის უმთავრესი პრობლემა შიდა განხეთქილებაა. გაერთიანების წევრები გასული სექტემბრის ფედერალური არჩევნებისას ვერ თანხმდებოდნენ რამდენიმე საკვანძო საკითხზე: შეემცირებინათ თუ არა გადასახადები; როგორი რეფორმა გაეტარებინათ ჯანდაცვაში; რამდენი ბირთვული ქარხანა აემოქმედებინათ. როგორც ჩანს, უთანხმოებას უკვალოდ არ ჩაუვლია. კენჭისყრაზე კოალიციის წევრების საკმაოდ დიდმა ნაწილმა (პირველ ტურში 44-მა) მოწინააღმდეგე ბანაკის საპრეზიდენტო კანდიდატს - იოაკიმ გაუკს მისცა ხმა.
სამთავრობო კოალიციაში ალბათ უკვე გააცნობიერეს შეთანხმებული მოქმედებისა და კომპრომისების აუცილებლობა. ამ კუთხით პირველ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალ დემოკრატთა პარტიის თავმჯდომარისა და, ამავდროულად, საგარეო საქმეთა მინისტრის, გვიდო ვეტერველეს, არჩევანი დეფიციტის შემცირების სასარგებლოდ. მანამდე მისი პარტია და ქრისტიან-დემოკრატები მხარს უჭერდნენ გადასახადების შემცირებას, რასაც დეფიციტის გაზრდა მოჰყვებოდა. თუ კომპრომისები გაგრძელდება და შეჯერდებიან სხვა საკითხებზეც - ჯანდაცვის რეფორმა, ბირთვული საწვავი და დაგეგმილი 80 მილიარდევროიანი დეფიციტის შემცირების პაკეტის დეტალები - მაშინ კოალიცია თავიდან აიცილებს კიდევ ერთ უთანხმოებას. შესაძლოა ბუნდესტაგის საზაფხულო შესვენება, რომელიც ამ თვის ბოლოს იწყება, „შერიგების” პროცესისთვის სასარგებლო გამოდგეს. თანაც, როგორც ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერი რიჩარდ შტოსი აღნიშნავს, პრეზიდენტის არჩევის გაჭიანურებულმა პროცესმა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერ მერკელს ავნო და არა მთავრობის თავმჯდომარე მერკელს.
 

კომენტარები