მეზობელი ქვეყნების რეგიონებს შვეიცარულ კონფედერაციაში ახალ კანტონებად იწვევენ

0 კომენტარი

 გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის და ლიხტენშტეინის მოსაზღვრე შვეიცარია მეზობლებს მასთან ინტეგრაციისკენ მოუწოდებს. ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა თავად იკავებს თავს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისგან, ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და გაეროსაც მხოლოდ 2002 წელს შეუერთდა. ფაქტია, რომ საკანონმდებლო შეთავაზება, რომლითაც მეზობელი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონებს უფლება მიეცემათ, შვეიცარიის შემადგენლობაში ახალი კანტონის ფორმით შევიდნენ, ქვეყნის კონსერვატიულ პარტიას ეკუთვნის. დომინიკ ბეტიგა ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებათა შეტანის წინადადებით გამოდის.
26 კანტონისგან შემდგარი კონფედერაციის მთლიანი მოსახლეობა 7,8 მილიონი ადამიანია. მათი 70% გერმანულ ენაზე საუბრობს, 20% ფრანგულენოვანია, დანარჩენი კი იტალიურ და რომანულ ენებზე მეტყველებს. ქვეყნის პოლიტიკური სისტემა პირდაპირი დემოკრატიაა. ცვლილებათა მიღების შემთხვევაში ელიან ახალი კანტონების ანუ ოლქების შექმნას. გერმანიაში პოტენციურ კანტონად განიხილავენ ბადენ-ვუტენბერგს, 10 მილიონზე მეტი მოსახლით, რომლებიც ძირითადად ორ გერმანულ დიალექტზე, ფრანკონიულად და ალემანიკურად საუბრობენ. ავსტრიიდან პოტენციურ ოლქად მიიჩნევენ ფორარლბერგს, ალემანიკური დიალექტის ერთ-ერთ განსხვავებულ სახეობაზე მოსაუბრე 360 ათასი მოსახლით. პოტენციურ კანტონებად განიხილება 2 მილიონი ადამიანით დასახლებული ელზასი და კიდევ ფრანგული რონა-ალპების რამდენიმე დეპარტამენტი. აგრეთვე, იტალიის რამდენიმე პროვინცია, სადაც ფრანგულიც ოფიციალური ენაა.
ინიციატივას განსხვავებულად შეხვდნენ. შვეიცარიის ულტრა-კონსერვატორული სახალხო პარტიის თავმჯდომარე ბრუნერ ტონი, მისი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი და კიდევ 26 პარლამენტარი საკანონმდებლო ცვლილების მიმართ დადებითად არიან განწყობილნი, რასაც ვერ ვიტყვით მთავრობაზე. ის პარლამენტს მოუწოდებს, უარყოს კანონპროექტი. მთავრობა ფიქრობს, რომ მეზობელი ქვეყნები საკონსტიტუციო ცვლილებას არამეგობრულ ქმედებად მიიჩნევენ.
საპირისპიროდ, ბეტიგა ინიციატივას რეგიონების ინტერესების დაცვის სურვილით ხსნის. მისი მტკიცებით, შვეიცარიის მეზობელ ქვეყნებში ეროვნული ელიტები რეგიონების მცხოვრებთა პრობლემებს ყურადღებას არ აქცევენ.
ქვეყანა ეკონომიკის თავისუფლების ინდექსით, ევროპაში მეორე, მსოფლიოში კი მეექვსე ადგილზეა, ჰონგ-კონგის, სინგაპურის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ირლანდიის შემდეგ. ამ ნუსხის პირველ ათეულში ევროკავშირიდან მხოლოდ ორი ქვეყანა მოხვდა. 27 წევრი ქვეყნის ნახევარზე მეტი 30-დან 75-მდე ადგილებს ინაწილებს. ევროპელებს, ტრადიციული შრომითი სექტორის დაცვის მიზნით, მძიმე რეგულაციები აქვთ დაწესებული, რაც აფერხებს პროდუქტიულობის ზრდას. შვეიცარია კი პირიქით, მაღალი თავისუფლებით გამოირჩევა. ქვეყანაში ბიზნესი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ამას ემატება უზარმაზარი კერძო სექტორი.
შვეიცარია ევროპას არც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით ჩამოუვარდება. მსოფლიო მასშტაბით ის ჩამორჩება მხოლოდ 5 ქვეყანას - ლუქსემბურგს, ნორვეგიას, კატარს, ისლანდიასა და ირლანდიას.
აგრეთვე, ქვეყანა გამოირჩევა დაბალი საგადასახადო ტარიფებით - გადასახადები მშპ-ს 30,1%-ს შეადგენს, მაშინ, როცა ევროკავშირში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 37,5%-ს უტოლდება, ზოგან აჭარბებს კიდეც. მაგალითად, გერმანიაში - 40,6%, საფრანგეთში - 46,1% და ავსტრიაში - 43,4%. შვეიცარია უმუშევრობის დონით მკვეთრად ჩამორჩება ევროპელ მეზობლებს, რასაც მისი მოქნილი შრომითი ბაზარი განაპირობებს.
საკვირველია, მაგრამ ფაქტია, რომ კონსერვატორთა შემოთავაზებამ, ამომრჩეველთა გარდა, ზოგიერთი მეზობლის მხარდაჭერაც დაიმსახურა. ამ უკანასკნელთ შვეიცარიის კონფედერაციასთან გაერთიანება სწორედ მისი ეკონომიკური მიღწევების გამო იზიდავთ. დღეს შვეიცარია მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა - ერთ სულ მოსახლეზე 67 ათას დოლარზე მეტი ოდენობის მთლიანი შიდა პროდუქტით.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნინი გოგიჩაიშვილი

კომენტარები