დიპლომატიური თერაპია

 „ჩვენ სიარული და კევის ღეჭვა ერთდროულად შეგვიძლია. ეს ძველი გამოთქმაა. ხომ ხვდებით, რასაც ნიშნავს?” - მოუჭრა ჰილარი როდჰემ კლინტონმა საჯარო ბიბლიოთეკაში მასთან შესახვედრად შეკრებილ ქართველ ქალებს 5 ივლისს. ეს სიტყვები საერთაშორისო მედიამ სახელმწიფო მდივნის 5-დღიანი მოგზაურობის მთავარ გზავნილად აღიქვა. ჰილარი კლინტონმა ყოფილი საბჭოთა ბლოკის 5 ქვეყანა - პოლონეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო - მოიარა იმის სათქმელად, რომ რუსეთთან ურთიერთობის დათბობასა და მოკავშირეთა ინტერესების დაცვას ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ერთდროულად შეძლებს.

სახელმწიფო მდივანმა ამერიკის 36-ე პრეზიდენტის ლინდონ ჯონსონის სიტყვები გაათამაშა - „ჯერი ისეთი რეგვენია, რომ ერთდროულად სიარული და კევის ღეჭვაც არ შეუძლია... კეთილი გული აქვს, მაგრამ ამერიკული ფეხბურთის უჩაფხუტოდ თამაშმა თავისი შედეგი გამოიღო”, - ასე შეამკო დემოკრატმა ლინდონ ჯონსონმა ამერიკის მომავალი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი ჯერალდ ფორდი.

აღსანიშნავია, რომ უელსლის კოლეჯში სწავლისას, კონგრესში ინტერნად მივლინებული ჰილარი როდჰემი სწორედ ჯერალდ ფორდთან მუშაობდა. ის იმ დროს კონგრესის უმცირესობის ლიდერი იყო.

ასევე საყურადღებოა, რომ უფრო ადრე, 1964 წელს, როდესაც ლინდონ ჯონსონმა, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა საპრეზიდენტო არჩევნებში, ჰილარი კლინტონი მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის, რესპუბლიკელი ბარი გოლდვოტერის წინასაარჩევნო კამპანიაზე მუშაობდა.

დიახ, ორი წლის წინათ დემოკრატების საპრეზიდენტო ნომინაციისთვის მებრძოლი ჰილარი როდჰემი ახალგაზრდობაში რესპუბლიკელი გახლდათ.

სახელმწიფო მდივნის პოლიტიკური ხედვის ჩამოყალიბებაზე ბავშვობიდანვე იზრუნეს მამამ და ისტორიის მასწავლებელმა. ისინი კონსერვატორი რესპუბლიკელები იყვნენ და სასტიკად გმობდნენ კომუნიზმს. თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „ცოცხალი ისტორია” (Living History) ჰილარი იხსენებს: „მამაჩემი ხშირად საუბრობდა იმის შესახებ, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენდა კომუნიზმის გავრცელება ჩვენი ცხოვრების წესისთვის; რომ რუსებს ბომბი ჰქონდათ და სპუტნიკის გამო კოსმოსურ შეჯიბრს ვაგებდით”. ისტორიის მასწავლებელი კი არიგებდა: „სჯობს მოკვდე, ვიდრე გაწითლდე”. მანვე აზიარა სკოლის მოსწავლე ჰილარი ლიბერტარიანული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, არიზონას სენატორისა და მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატის, ბარი გოლდვოტერის ნაშრომს „კონსერვატორის სინდისი”.

„მე მომწონდა სენატორი გოლდვოტერი იმიტომ, რომ ის შეუდრეკელი ინდივიდუალისტი იყო და პოლიტიკური დინების წინააღმდეგ ცურვას არ ერიდებოდა”, - იხსენებს თავის მემუარებში ლინდონ ჯონსონთან დამარცხებული პრეზიდენტობის კანდიდატის შესახებ უკვე თავადაც სენატორი კლინტონი.

ჰილარი აღნიშნავს, რომ მის პოლიტიკურ ხედვაზე გარდამტეხი გავლენა იქონია ვიეტნამის ომმა. მაშინ ის უელსლის ქალთა კოლეჯის ახალგაზრდა რესპუბლიკელთა პრეზიდენტი იყო - „ვიეტნამმა ამერიკა სამუდამოდ შეცვალა... მიუხედავად იმისა, რომ ქალი ვიყავი და ჯარში ვერ გამიწვევდნენ, ურთიერთგამომრიცხავი აზრები მტანჯავდა... რესპუბლიკური პარტია კიდევ უფრო მარჯვნივ იხრებოდა. ზომიერი რესპუბლიკელები მხარდაჭერას კარგავდნენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ მე კი არ დავტოვე რესპუბლიკური პარტია, თავად დამტოვა”. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც ნიუ იორკის სენატორად აირჩიეს 2000 წელს, ჰილარი წარმატებით თანამშრომლობდა რესპუბლიკელების მნიშვნელოვან ნაწილთან. მეტიც, ისეთი კონსერვატორებიც კი იყვნენ, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ჰილარი კლინტონის პრეზიდენტად არჩევა სულაც არ იქნებოდა ურიგო. დღესაც, რესპუბლიკელთა უმეტესობისთვის, ის ყველაზე მისაღები ფიგურაა ობამას ადმინისტრაციაში.

ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას, ჰილარის ხშირად აკრიტიკებდნენ სახელმწიფოს მართვაში აქტიური მონაწილეობის გამო. მიუთითებდნენ ინტერესთა კონფლიქტზე ჰილარისა და მისი ქმრის საქმიანობებს შორის საპრეზიდენტო წყვილს მეტსახელიც შეარქვეს - „ბილარი”. ჰილარი კლინტონი პირველია - ამერიკის პრეზიდენტების მეუღლეთა შორის - ვისაც თავისი ოთახი ჰქონდა თეთრი სახლის სამუშაო (ანუ დასავლეთის) ფლიგელში (West Wing), მაშინ, როდესაც მისი წინამორბედები თეთრი სახლის საცხოვრებელ (ანუ აღმოსავლეთის) ფლიგელს (East Wing) არ სცდებოდნენ. მან მანამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა და, პირველი ლედის სტატუსით, 79 ქვეყანა მოიარა. თუმცა, მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა, თავად ბილ კლინტონი წინასაარჩევნო კამპანიისას ხშირად იმეორებდა: თუ ხმას მე მომცემთ, ერთს აირჩევთ და ორს მიიღებთო. ჰილარი კლინტონმა საყვედურებს ასე უპასუხა: „შემეძლო, სახლში ვმჯდარიყავი, ნამცხვრები დამეცხო და ჩაი დამელია, მაგრამ მე ვამჯობინე ჩემი პროფესია, რომელიც მანამდე მქონდა, ვიდრე ჩემი ქმარი საჯარო პირი გახდებოდა”.

ჰილარი კლინტონის პოლიტიკური კარიერა უელსლის კოლეჯში პოლიტიკური მეცნიერების სწავლისას დაიწყო და იელის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში გაგრძელდა, სადაც თავისი მომავალი ქმარი, ბილ კლინტონი გაიცნო. ჰილარიმ ბილთან დაქორწინებაზე რამდენჯერმე თქვა უარი, დროს ითხოვდა - „ვიცოდი, რომ თუ დაოჯახებას გადავწყვეტდი, ვისურვებდი, ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო... ახლა ვხვდები, როგორ მეშინოდა პასუხისმგებლობის”, - იგონებს ის თავის მემუარებში. ჰილარი ქორწინებიდან კარგა ხნის განმავლობაში ქალიშვილობის გვარს - როდჰემს ინარჩუნებდა და მხოლოდ მაშინ გადავიდა კლინტონზე, როდესაც ჩათვალა, რომ მისი ეს ჟესტი, ბილს არკანზასის გუბერნატორად არჩევაში შეუწყობდა ხელს. კლინტონების ქორწინებამ ბევრ გამოცდას გაუძლო, მათ შორის, მონიკა ლევინსკისთან დაკავშირებულ მსოფლიო მასშტაბის სკანდალს.

„ძლივს ვსუნთქავდი. უჰაერობა მახრჩობდა და თან ვუყვიროდი: რას გულისხმობ? რას მეუბნები? რატომ მომატყუე?” - ასე იხსენებს ჰილარი კლინტონი მისი ცხოვრების იმ ეპიზოდს, როდესაც ქმარი ღალატში გამოუტყდა. კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაძრა, თუმცა ინიციატივა სენატმა ჩააგდო. ბილ კლინტონს პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ამერიკელი ხალხის მოტყუებაში სდებდნენ ბრალს - მან დაიფიცა, რომ ლევინსკისთან „სექსუალური კავშირი” არ ჰქონია. „გულგატეხილი ვიყავი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ბილი კვლავინდებურად მიყვარდა... როგორც ცოლს, მინდოდა, მისთვის კისერი მომეგრიხა, მაგრამ ის არა მხოლოდ ჩემი ქმარი, არამედ ჩემი პრეზიდენტიც იყო” - წერს ჰილარი.

საყურადღებოა, რომ ლევინსკის სკანდალის განმავლობაში პირველი ლედის რეიტინგმა არნახულ სიმაღლეს მიაღწია. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ, საზოგადოება ჰილარის მსხვერპლად აღიქვამდა, რამაც მას მოსახლეობის 70% -ის სიმპათია მოუტანა, განსხვავებით 1994 წლისგან, როდესაც პირველი ლედის რეიტინგი 35%-ს ძლივს აღწევდა. ამ დროს ჰილარი მისმა პრეზიდენტმა ქმარმა ეროვნული ჯანდაცვის რეფორმის სამუშაო ჯგუფის უფროსად დანიშნა. ჰილარის ხელმძღვანელობით მომზადებულმა პროექტმა, რომელიც სწრაფად მონათლეს „ჰილარიქეად”, ამომრჩევლის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. წინააღმდეგობა იმდენად დიდი იყო, რომ პროექტის მხარდასაჭერი კამპანიისას ჰილარი იძულებული გახდა, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ჩაეცვა.

მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის ორივე პალატას დემოკრატები აკონტროლებდნენ, კლინტონის ჯანდაცვის რეფორმამ ვერ მოიპოვა საკმარისი მხარდაჭერა და ჩავარდა. მეტიც, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სწორედ „ჰილარიქეა” გახდა 1994 წელს კონგრესის არჩევნებში დემოკრატების უპრეცედენტო მარცხის მიზეზი.

ჰილარი კლინტონი პირველია ამერიკის პირველ ქალბატონთა შორის, რომელმაც კენჭი არჩევით თანამდებობაზე იყარა. 2000 წელს ის ნიუ-იორკის სენატორი გახდა. 2003 წელს კი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოაცხადა.

„მედგრად ვიბრძოლე პრეზიდენტ ობამას წინააღმდეგ. ყველა ღონე ვიხმარე, რომ ის დამემარცხებინა, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწიე და გადავწყვიტე, ობამას წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად, მის მხარდასაჭერად მებრძოლა, რადგან მივიჩნიე, რომ ჩემი ქვეყნისთვის ასე სჯობდა... როდესაც პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივნის პოსტი შემომთავაზა, ბევრმა მკითხა: როგორ შეგიძლია ყოფილ პოლიტიკურ მეტოქესთან იმუშაო? პასუხი მარტივია: ორივეს გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, დგება დრო, როდესაც პოლიტიკა მთავრდება და ქვეყნის მართვა იწყება”, - უთხრა ჰილარი კლინტონმა ქართველ ქალებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მისი პირველი ვიზიტის პირველი შეხვედრა სწორედ ქალებთან შედგა, რომლებსაც თამარ მეფე შეახსენა და 21-ე საუკუნის ოქროს ხანის შენებისკენ მოუწოდა. თუმცა ვინც კლინტონის საქმიანობას იცნობს, ეს არც გაჰკვირვებია, რადგან ქალის უფლებები და გენდერული თანასწორობა, როგორც პრიორიტეტი, ჰილარი კლინტონის დღის წესრიგში ათეული წლებია ფიგურირებს. „ადამიანის უფლებები ქალის უფლებებია და ქალის უფლებები - ადამიანის უფლებები, ყველგან, ყოველთვის და ყველასთვის”, -ამ ლოზუნგად ქცეული ფრაზის ავტორი ამჟამინდელი სახელმწიფო მდივანი გახლავთ.

„მჯერა, რომ ამ ქვეყანას აქვს არაჩვეულებრივი პოტენციალი - იყოს დემოკრატიის შუქურა და პროგრესის მაგალითი... ვიცი, რომ რთული გამოწვევები გაქვთ. თქვენ მიმდინარე ოკუპაციის პირობებში გიწევთ ცხოვრება” - უთხრა მან საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში შეკრებილ ასზე მეტ ქალს.

ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ჰილარის აუდიტორია, რეალურად, არა საქართველო ან რუსეთი, არამედ ამერიკელი ამომრჩეველი იყო, რომელიც ამერიკის ადმინისტრაციას რუსეთთან ურთიერთობის დათბობის ხარჯზე მოკავშირეების მიტოვებაში ადანაშაულებს. ვარაუდობენ, რომ ამას რუსეთის ხელმძღვანელობაც ხვდება - შემოდგომა ახლოვდება, ამერიკაში კონგრესის არჩევნები მოდის, აღმოსავლეთ ევროპასთან ურთიერთობის საკითხმა, რუსეთთან „გადატვირთვის” პოლიტიკის ფონზე, ელექტორალური მნიშვნელობა შეიძინა.

მანამდე, სანამ ამერიკა რუსეთთან ურთიერთობას ათბობდა, უკრაინაში პრორუსულმა ძალებმა გაიმარჯვეს და გადაწყვიტეს რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარი ეთქვათ; ლეხ კაჩინსკი დაიღუპა, პოლონეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა კი უპრეცედენტოდ დათბა; ყირგიზეთში ფერადი რევოლუციის შედეგად მოსული მთავრობა გააძევეს და ქვეყანა ეთნიკურმა კონფლიქტმა მოიცვა; აზერბაიჯანმაც რუსეთისკენ დაიწყო ყურება - ობამას ადმინისტრაციამ ბაქოში აშშ-ს ელჩის დანიშვნა ერთ წელიწადზე მეტხანს გააჭიანურა, არც ილჰამ ალიევი მიიჩნია ღირსად იმისა, რომ მსოფლიოს 47 ქვეყნის ლიდერთან ერთად ვაშინგტონის ბირთვულ სამიტზე მიეწვია. ეს საკითხები შეერთებულ შტატებში, ევროპისგან განსხვავებით, ყოველდღიური შიდა დისკუსიის საგნად იქცა. როგორც ამბობენ, სწორედ ამ დისკუსიაში პოზიციების გამაგრებას ემსახურება სახელმწიფო მდივნის სტუმრობა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

ვიზიტის ფარგლებში შეერთებულ შტატებსა და პოლონეთს შორის გაფორმდა პაქტი რაკეტსაწინააღმდეგო ფარის შესახებ. ობამას ადმინისტრაცია ამ გზით შეეცადა აენაზღაურებინა ის პოლიტიკური ზარალი, რაც მაშინ მიადგა, როდესაც ჩეხეთან და პოლონეთთან იგივე საკითხზე უფრო ამბიციური შეთანხმება გააუქმა და სანაცვლოდ რუსეთისგან ხელმოსაჭიდი ვერაფერი მიიღო. პოლონეთში ჩასულმა სახელმწიფო მდივანმა პოლონური ფიქლის გაზის მოპოვების მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რაც პირდაპირ უკავშირდება ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის ზრდას. თუმცა უნდა ითქვას, რომ კაჩინსკისგან განსხვავებით, ტუსკის მთავრობა ამ საკითხს დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდება.

მიუხედავად უკრაინის ახალი კურსისა, ჰილარი კლინტონმა პრეზიდენტ იანუკოვიჩს, რომელმაც სახელმწიფო მდივანი რამდენჯერმე „გენერალურ მდივნად” მოიხსენია, მაინც შეახსენა რომ ნატოს კარი მათთვის კვლავინდებურად ღიაა და ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციები შესთავაზა. საგულისხმოა, რომ უკრაინა, ამერიკა და საქართველო მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო წვრთნებში Sea Breaze-2010, რომელიც შავ ზღვაში დაიწყება 12 ივლისიდან.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ამერიკელ მაღალჩინოსანთა ბოლო დროს გახშირებული ვიზიტები აზერბაიჯანში. სულ რაღაც 1 თვის წინ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ჩავიდა და პრეზიდენტ ობამას წერილი ჩაიტანა, ახლა კი სახელმწიფო მდივანი. აღსანიშნავია, რომ 18 წლის წინ ბეიკერის სტუმრობის შემდეგ, ეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე ვიზიტია ბაქოში. ანალიტიკოსები ამ უჩვეულო ყურადღებას ყირგიზეთში არეულობასაც უკავშირებენ, რომლის ფონზეც აზერბაიჯანის სტრატეგიული მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა ავღანეთში წარმატების მისაღწევად.

„ეს ჩემი პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი ვიზიტია საქართველოში - განაცხადა პრეზიდენტ სააკაშვილის გვერდით მდგომმა სახელმწიფო მდივანმა - მე საჯაროდაც იმას ვიტყვი, რაც კერძო საუბარში ვთქვი. პრეზიდენტი ობამას და ჩემი სახელით მსურს დავადასტურო შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეერთებული შტატები არ სცნობს გავლენის სფეროებს. პრეზიდენტმა ობამამ და მე ეს პირდაპირ ვუთხარით ჩვენს რუს კოლეგებს ვაშინგტონში 24 ივნისს გამართული შეხვედრისას... მოვუწოდებთ რუსებს შეწყვიტონ საქართველოს ოკუპაცია და სამხედრო შენაერთები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ომამდელ პოზიციებზე დააბრუნონ”.

სახელმწიფო მდივანმა აღფრთოვანებით ისაუბრა მოკლე დროსა და რთულ გარემოებებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ დემოკრატიისა და ეკონომიკის შემდგომი განვითარება, მოდერნიზაცია - გადარჩენის ერთადერთი გზაა.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში კრიტიკოსებმაც კი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი უწოდეს. თუმცა გამოითქვა ეჭვი, რომ კლინტონის სამართლიანი განცხადებები სიმბოლურ მნიშვნელობას ვერ გასცდება, თუ შეერთებულმა შტატებმა რეგიონთან დაკავშირებით თანმიმდევრული სტრატეგია არ შეიმუშავა. საბედნიეროდ ეს თეთრი სახლის ადმინისტრაციაშიც კარგად ესმით. უშიშროების საბჭოს დირექტორმა რუსეთის საკითხებში, მაიკლ მაკფოლმა ამაზე ღიად ისაუბრა პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტში სახელმწიფო მდივნის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე.

თუმცა დიპლომატიურმა თერაპიამ შედეგი გამოიღო: მედიამ ადვილად შენიშნა სახელმწიფო მდივნის რიტორიკაში სიტყვა “ოკუპაციის” გაჩენა. ამ ტერმინის დამკვიდრებას ქართული მხარე უკვე დიდი ხანია ცდილობს, როგორც მინიმუმ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ოკუპირებული ტერიტორიების სახელმწიფოებად აღიარება თავზეხელაღებულ ქვეყნებსაც გაუჭირდეთ.

კომენტარები