საბჭოეთის აჩრდილები

ვისაც ოდესმე სავალდებულო საგანი, ეგრეთ წოდებული “დიამატი” უსწავლია, შეიძლება არც ახსოვს ლენინის ფუნდამენტური აზრი იმის შესახებ, რომ სამყაროში არაფერია, გარდა მუდმივად მოძრავი მატერიისა. იტალიელმა მწერალმა უმბერტო ეკომ ერთი თავისი რომანის გმირს ათქმევინა, რომ თუ იძულებული ხარ, ყოველღამ კრუპსკაიასთან დაწვე, ნამდვილად დაწერ ისეთ ბუნდოვან და იდიოტურ წიგნს, როგორიც “მატერიალიზმი და ემპირიოკრიტიციზმია”. ეს ფრაზა 1968 წელს ითქვა მილანის უნივერსიტეტში. ამიტომ პერსონაჟი ძლივს გადაურჩა ცემას კომუნისტურად განწყობილი მემარცხენე სტუდენტებისგან.

საბჭოთა კავშირში ცემაზე უფრო უარესი რამ ემუქრებოდა. მაგრამ დავუბრუნდეთ მუდმივად მოძრავ მატერიას. მოგეხსენებათ, მეცნიერება სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ამ მოძრაობის წინასწარი განსაზღვრა შეძლოს. მექანიკა გვეუბნება, სად იქნება რამდენიმე წამში მოცემული სიჩქარითა და მიმართულებით მოძრავი სხეული, ქიმია გვასწავლის, რა მოხდება, თუ ორ ნივთიერებას ავურევთ ერთმანეთში და ა. შ. მაგრამ ისტორია?

ისტორია განუმეორებელ მოვლენებს სწავლობს. მაგრამ ხომ ითქვა, სამყაროში არაფერია, მატერიის გარდაო! გამოდის, რომ აქაც შეიძლება წინასწარმეტყველება, აქაც არის რაღაც მიზანი. და თუმცა ამ პროცესებისა და მიზნების განსაზღვრისთვის “დიამატი” არ იყო საკმარისი და მას “ისტმატიც” დაერთო, ზოგადი აზრი მაინც იგივეა: ისტორიული პროცესები ურყევი კანონზომიერების თანახმად მიმდინარეობს.

უმთავრესი კანონზომიერება კი კომუნიზმისკენ სწრაფვაა.

საბჭოთა დისიდენტი აბრამ ტერცი (სინიავსკი) ერთგან შენიშნავს, რომ თუ ფრანგებს ჰკითხავ, რა საჭირო იყო საფრანგეთის რევოლუცია, სხვადასხვა პასუხს მიიღებ: ვინმე იტყვის, ზნეობრივი გამოცდა იყოო; სხვა ივარაუდებს, რომ ახალი იდეალები სხვანაირად ვერ დამკვიდრდებოდა; ისეთებიც იქნებიან, ვინც გადაჭრით უარყოფს მის საჭიროებას. აი, საბჭოთა ადამიანები კი ერთხმად მოჰყვებიან იმის მტკიცებას, რომ ამ რევოლუციის ერთადერთი აზრი იყო კომუნიზმის გამარჯვების მოახლოება.

ამგვარ ერთსულოვნებას ორი შედეგი მოჰყვება.

ჯერ ერთი, გამორიცხავს პასუხისმგებლობას. ისტორიული კანონზომიერებით ძალიან ადვილია ყველაფრის გამართლება. ჰოდა, ამართლებდნენ კიდეც მილიონობით ადამიანის ფიზიკურ განადგურებას, თავისუფლების ხელყოფას, შემოქმედების ჩახშობას, ეკონომიკური გათანასწორების საშუალებით საყოველთაო გაღატაკებას და სხვა საშინელებებს. მართლაც, რა მოსატანია ეს მცირედი უსიამოვნებები, როცა ყველაფერი ერთი მიზნისკენ მიისწრაფის — “მიზანი ერთია, დიადი, ნათელი”.

მაგრამ არის მეორე შედეგიც, რომელიც მაშინაც მოქმედებს, როცა თვით კომუნიზმის იდეა უკვე დისკრედიტირებულია. ეს არის წარსულის, ასე ვთქვათ, წრფივი გაგება. ამ გაგების თანახმად, ყოველგვარი ისტორია ერთიანი იერარქიული პროცესია, რომელიც ერთი მიზნისკენ ისწრაფის და ამ სწრაფვაში მცირე ემორჩილება დიდს, უმნიშვნელო ექვემდებარება მნიშვნელოვანს. კომუნიზმი უკვე აღარ არის, სამაგიეროდ არის “გაბრწყინება”, “გადარჩენა” და ა. შ.

სწორედ ამგვარი გაგების მაჩვენებელია, მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი, რომელიც აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის “განსაკუთრებულ როლს” ჩვენს ისტორიაში. განა შეიძლება იყოს ერთი განსაკუთრებული როლი?

არა, რა თქმა უნდა, კონსტიტუციაში არაფერი ესაქმება მეცნიერულ თეორიებს, მაგრამ ისტორიისადმი მიდგომა თავისუფალ სამყაროში და საბჭოთა ნამოსახლარზე იმდენად განსხვავებულია, რომ იქ ასეთი დებულება, უბრალოდ, არავის მოუვიდოდა აზრად.

იმავე საბჭოური მიდგომის პირდაპირი შედეგია წინადადება, რომ საქართველოს პარლამენტში აუცილებლად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი ბაგრატიონთა საგვარეულოს წევრები, რადგან მათ ქვეყნის მართვის გენეტიკური უნარი ჰქონიათ. სხვათა შორის, საკონსტიტუციო კომისიაში ამ ნამდვილად გამოთქმულ იდეას არა მარტო “ისტმატის”, არამედ ვულგარული დარვინიზმის სუნიც ასდის. თავის დროზე გენეტიკის წინააღმდეგ მებრძოლი საბჭოთა მეცნიერი ტროფიმ ლისენკო სწორედ “დიამატზე” დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ შეძენილი თვისებები დროთა განმავლობაში მემკვიდრეობით თვისებებს იღებს. ამას ასახავს დიალოგი, რომელიც მასსა და ფიზიკოს პეტრე კაპიცას შორის გაიმართა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის ერთ-ერთ სხდომაზე:

კაპიცა: “ტროფიმ დენისოვიჩ, თქვენ მართლა ამტკიცებთ, რომ თუ ათასი წლის განმავლობაში ლეკვებს კუდებს დავაჭრით, ისინი საბოლოოდ უკუდონი დაიბადებიან?”

ლისენკო: “დიახ”.
კაპიცა: “ტროფიმ დენისოვიჩ, ქალიშვილებს კი რა ვუყოთ?”

საკვირველია, რაოდენ დააბრმავა “დიამატმა” და “ისტმატმა” ტრადიციულ ქართველთა გონება, რომ იმასაც ვერ ამჩნევენ, რომ ასეულობით თაობის განმავლობაში გოგონები ქალწულებად იბადებიან და შეძენილი თვისებები მემკვიდრეობითში არ გადასდით. ბაგრატიონები როგორღა შეიძენდნენ მართვის გენეტიკურ უნარს?

სხვა თუ არაფერი, მონარქიის უუნარობა პირველმა მსოფლიო ომმა დაამტკიცა. ეს მანქანებისა და ტექნიკის ომი იყო: ამას ვერ მიხვდნენ მისი გამჩაღებელი იმპერატორები და, შედეგად, ქათმისა არ იყოს, მხოლოდ თავიანთი დასაკლავი დანა გამოთხარეს.

ისტორიას კი მაინც აქვს კანონზომიერება და ის ჟამთა სვლაში კი არა, ერთდროულობაში გამოიხატება: თუ “ტრადიციული” მმართველობა გინდა, უარი უნდა თქვა ასფალტსა და შამპუნზე, მაცივარსა და ავტომობილზე. რადგან ორივე ერთად არ გამოვა.

კომენტარები