ერთი დიდი ოქროს ბურთი

 2011 წლის 10 იანვარს ფიფა და ფრანს ფუტბოლი ერთობლივად დაასახელებენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს და მას ოქროს ბურთით დააჯილდოებენ.
ფრანგული ყოველკვირეული ჟურნალი ფრანს ფუტბოლი 1956 წლიდან ავლენდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს და გამარჯვებულს ოქროს ბურთს გადასცემდა.
ფიფა 1991 წლიდან ბრილიანტის ბურთით აჯილდოებდა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეს.
ფიფა-ს პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა და ფრანს ფუტბოლის მფლობელი საგამომცემლო სახლის, ომორი სპორტს ორგანიზეიშენის პრეზიდენტმა მარი-ოდილ ომორიმ სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ იოჰანესბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ რჩეულთათვის ამიერიდან ერთი პრიზი დაწესდება.
დღეს ფეხბურთია გამარჯვებული! ძალიან კარგია, რომ საუკეთესო მოთამაშისთვის ერთი, ძალიან პრესტიჟული ჯილდო იქნება, - განაცხადა ზეპ ბლატერმა.
ფიფა-ფრანს ფუტბოლის რეფერენდუმის გამარჯვებულს 10 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში დააჯილდოებენ. ფიფა-ს სათავო ოფისი სწორედ ციურიხშია. გამოკითხვაში მონაწილეობას მიიღებენ მწვრთნელები, ნაკრები გუნდების კაპიტნები და ჟურნალისტები.
ფრანს ფუტბოლის რეფერენდუმი სამჯერ მხოლოდ სამმა მოთამაშემ მოიგო: ჰოლანდიელებმა იოჰან კრუიფმა (1971, 1973, 1974) და მარკო ვან ბასტენმა (1988, 1989, 1992), ასევე ფრანგმა მიშელ პლატინიმ (1983, 1984, 1985).
ფიფა-ს ბრილიანტის ბურთი სამ-სამჯერ ბრაზილიელმა რონალდომ (1996, 1997, 2002) და ფრანგმა ზინედინ ზიდანმა (1998, 2000, 2003) აღმართეს.
ფიფა-ს და ფრანს ფუტბოლის რეფერენდუმის შედეგები 12-ჯერ დაემთხვა ერთმანეთს: 1992 - მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია), 1993 - რობერტო ბაჯო (იტალია), 1995 - ჟორჟ ვეა (ლიბერია), 1997 - რონალდო (ბრაზილია), 1998 - ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), 1999 - რივალდო (ბრაზილია), 2002 - რონალდო (ბრაზილია), 2005 - რონალდინიო (ბრაზილია), 2006 - ფაბიო კანავარო (იტალია), 2007 - კაკა (ბრაზილია), 2008 - კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია), 2009 - ლეო მესი (არგენტინა).

კომენტარები