მარადონა სამხრეთ აფრიკაში: დიეგოს ხუთი პასუხი

 გუნდში 23 მებრძოლი მყავს!
სამხრეთ აფრიკაში ჩასულმა მარადონამ პირველივე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას 23 მებრძოლი ჰყავს, 23 ჩინებული მოთამაშე. არადა, ნაკრებში მისვლის პირველ დღეებში მარადონა ამბობდა, რომ არგენტინის ნაკრები - ესაა მაშერანო და კიდევ ათი, ორი თვის შემდეგ კი გუნდს მაშერანო, მესი და კიდევ ცხრა უწოდა.
როგორ ფიქრობთ, ბეისბოლის ბიტას ვაჩუქებთ?
დიეგოს ჰკითხეს, თავისუფალ დროს რას საქმიანობთო. მან უპასუხა: შვილიშვილს - ბენხამინს ვეთამაშები. გაყვება თუ არა ფეხბურთს? აბა, რა გითხრათ, ამას თვითონ გადაწყვეტს. მე ის ვიცი, რომ არც მამამისი (სერხიო აგერო) და არც მე მას ბეისბოლის ბიტას არ ვაჩუქებთ.
სჯობს, ჩემს მეგობარ ქალს ჰკითხოთ.
მატჩიდან მატჩამდე როგორ გძინავთო, ჰკითხეს ჟურნალისტებმა. დიეგომ მიუგო: სჯობს, ჩემს მეგობარ ქალს ჰკითხოთ - შუაღამისას რომ ეღვიძება, ფურცლებში ვარ ჩაფლული და ვფიქრობ, მომავალი მატჩისთვის ვინ უკეთაა მზად, ვისი თამაში აჯობებს, დაცვა როგორ დავაკომპლექტო, თავდასხმაში ვინ ვათამაშო. სხვა მხრივ, ყველაფერი რიგზეა - ვერონიკა 31 წლისაა, ქერაა და ძალიან ლამაზი!
მწვრთნელები? მთავარი ფეხბურთელებია!
ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე დიეგომ ჟურნალისტებს უთხრა: კარგად დაიმახსოვრეთ, მწვრთნელები, როგორებიც არიან მენოტი, ბილარდო და მარადონა, მოდიან და მიდიან, დიდ გამარჯვებებს კი მხოლოდ ფეხბურთელები აღწევენ. მწვრთნელის როლი ყველა წარმატებაში გაბუქულია. მთავარი ყოველთვის მოთამაშეა!
სჯობს, პელე მუზეუმში დაბრუნდეს. პლატინი? აბა, რა გითხრათ?
როცა მარადონას უთხრეს, პელემ და პლატინიმ გაგაკრიტიკესო, დიეგომ არც ერთი არ დაინდო: პელეს სიტყვებს დიდი ხანია ყურადღებას აღარ ვაქცევ. მას ურჩევნია, მუზეუმში დაიდოს ბინა. ამის დრო დიდი ხანია დადგა. პლატინი? მითხრეს, რომ გამაკრიტიკა, თუმცა, მისგან მივიღე ოფიციალური წერილი, რომელშიც ეწერა, რომ აუგი არაფერი უთქვამს. აბა, რა გითხრათ. ამ ფრანგებს ვერაფერი გავუგე.

კომენტარები