უილიამსების პრივატ-ტურნირი

სერენა უილიამსი
 უიმბლდონი 124-ედ გაიმართა, წვიმის გამო არც ერთი თამაში არ გადადებულა და, პირველად 33 წლის განმავლობაში, ყველაზე პრესტიჟულ მეიჯორს ინგლისის დედოფალი დაესწრო. ამის გარდა, სეზონის მესამე სასლემოზე კიდევ ბევრი საინტერესო რამ მოხდა.
ზურგის ტრავმის, მარჯვენა მუხლის ტრავმის, ტომაშ ბერდიხის აგრესიისა და უმოტივაციო ჩოგბურთის გამო როჯერ ფედერერი Final Four-ში ვერ გავიდა, რაც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად მოხდა. ეს, ალბათ, ცოტა ადრეც უნდა მომხდარიყო, წელს კი ბერდიხმა როჯერი გადათელა და გახდა უიმბლდონის პირველი ჩეხი ფინალისტი ლეგენდარული ივან ლენდლის (1987) მერე.
ბერდიხის კარიერაში საუკეთესო სეზონი პირველ ათეულში შესვლით გრძელდება. ტომაში ტურნირზე მე-12 ნომერი იყო და ახალ კლასიფიკაციაში 4 ადგილით ზემოთ ავიდა. კიდევ ავა, რადგან ხუან მარტინ დელ პოტრო 2011 წლის თებერვლამდე ვერ ითამაშებს, ნიკოლაი დავიდენკოს კი უახლოეს მასტერსებზე ბევრი სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი.
ჩეხს ფინალში რაფაელ ნადალმა სამ სეტში, საკუთარ მოწოდებაზე უბრეიკოდ და თითქმის იდეალური ჩოგბურთით მოუგო. ბიორნ ბორგის შემდეგ ნადალი მეორეა ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში როლან გარო და ყველაზე სწრაფი მეიჯორი მოიგო. შარშან უნივერსალიზმი ფედერერმაც დაიბრალა, ოღონდ, ერთი სეზონით.
2008-ში ესპანელმა ეპიკურ, 5-საათიან ფინალში როჯერს გაუძლო, შარშან მიკროტრავმებს და ტკივილს ვერ გაუძლო, ტიტულის დაუცველად კი ათასზე მეტი საბონუსო ქულა და პირველი ადგილი დაკარგა. ფინალში რაფაელმა 133 წუთში მოუგო ბერდიხს. 2005 წლის შემდეგ ეს იყო კაცებში ყველაზე სწრაფი ფინალი - 5 წლის წინ ფედერერმა მუდამ პერსპექტიულ როდიკს მოუგო.
უიმბლდონი უილიამსების პრივატული ტურნირი გახდა. მამა, პროფესიით ფოტოგრაფი რიჩარდი, ალბათ, განთესვის მერე ერთდოლარიანს აგდებს და თუ მონეტა ჯორჯ ვაშინგტონის გამოსახულებით ჯდება, მაშინ ჩემპიონი ვენუსია. თუ პირიქით, ტურნირს სერენა იგებს. ეს სხვებმაც იციან და, მთელი დეკადაა, ქალების ერთეულებს აზრი დაკარგული აქვს. ტურნირის დირექტორი მთავარ პრიზს მაინც უილიამსს გადასცემს და შესაცვლელი მხოლოდ სახელი რჩება.
სერენამ მშვიდად, სეტის წაუგებლად და 89 ეისით (ქალებში ყველა დროის რეკორდი) გაიარა დისტანცია, ფინალში ვერა ზვონარევას მასტერკლასი ჩაუტარა, 67 წუთში 6:3, 6:2 მიაეისა რუსი და მეოთხედ გახდა უიმბლდონის ჩემპიონი. ბოლო 11 წლის განმავლობაში უილიამსებმა ეს მეიჯორი ცხრაჯერ მოიგეს. სერენას კარიერაში დიდი სლემის ტურნირებზე უკვე 13 მოგებული ფინალია, მაგრამ შტეფი გრაფს ვერ დაეწევა. გერმანელმა 22 მოგებული მეიჯორით დაასრულა კარიერა.
2001 წლის ტურნირის შემდეგ კაცების ბადეში პირველად გაიარეს სამი წრე 1-6 ნომრებად განთესილებმა. მერე როდიკმა იენ ჰსუნ ლიუსთან წააგო, სხვები ერთმანეთზე გავიდნენ და ენდი მარეი კვლავ უფინალოდ დარჩა. ტიმ ჰენმანის შემდეგ ყველაზე კარგ, მაგრამ უხასიათო და ფლეგმა მასპინძელს ნადალმა სამ სეტში მოუგო, ბერდიხმა ფედერერის მერე ნოვაკ ჯოკოვიჩიც გამოაგდო და... ისნერ-მაიუს რეკორდზე ადრე უკვე ვისაუბრეთ.
1997 წლის შემდეგ კაცების ბადეში ტურნირზე ყველაზე მეტი ხუთსეტიანი მატჩი გაიმართა. ორი დისაიდერის ჩატარება მოუხდა ნადალს, რომელმაც ჯერ ჰოლანდიელ რობინ ჰაასესთან იწვალა, მერე კი - გერმანელ ფილიპ პეცშნერთან, რომელიც ავსტრიელ იურგენ მელცერთან ერთად მამაკაცთა წყვილებში გახდა ჩემპიონი. ქალთა წყვილების ფინალში კი ამერიკელმა ვანია კინგმა და ყაზახმა იაროსლავა შვედოვამ რუსულ დუეტს - ვესნინა-ზვონარევას მოუგეს.

 

 

კომენტარები