საბა 2010 გამოცხადებული გამარჯვების ქრონიკა

 წინა ნომერში ტაბულას მიერ შემოთავაზებულ პროგნოზთაგან თითქმის ყველა ახდა - ეტყობა, ქართველი მკითხველი ზურგის ტვინით გრძნობს საბას შედეგს. 4 ივლისს TBC ბანკის ეზოში ჩატარებულ ცერემონიალზე ხუთკაციანმა ჟიურიმ – რისმაგ გორდეზიანი, თეონა დოლენჯაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ირაკლი ჯავახაძე, გურამ ოდიშარია – გამარჯვებულები გამოავლინა. ყველაზე მეტი პრემია გამომცემლობა დიოგენემ დაიმსაუხრა. როგორც ერთმა დამსწრე ლიტერატორმა აღნიშნა, წელს საბა ფილოსოფიის კასრში გამოიზამთრებს.

წლის საუკეთესო დებიუტი
მაკა ლდოკონენი, „ქიშმიშიანი ამბები”
(გამომცემლობა დიოგენე)
სამიოდე წელია, რაც მკითხველისთვის ცნობილი გახდა მაკა ლდოკონენის სახელი. ლიტერატურულ პორტალებზე გამოქვეყნებული მისი მშვენიერი მოთხრობები – „ქიშმიშიანი ამბები” ინტერნეტ მკითხველმა ცოტა ხნის წინ ერთ კრებულად შეკრული იხილა, ავტორისეული ნახატებით გაფორმებული. „ვთვლი, რომ პირველი წიგნის გამოცემა გარკვეულწილად ამბიციური ნაბიჯია. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მკითხველს „ქიშმიშიან ამბებში” მხოლოდ დადებითი ემოციები დახვდება”, - ამბობდა მაკა კონკურსამდე ცოტა ხნით ადრე – ჟიურიმ კი გადაწყვიტა, რომ წიგნი წლევანდელ დებიუტანტთაგან საუკეთესო იყო.

წლის საუკეთესო პიესა
თამარ ბართაია, „მთავარი როლი”
(გამომცემლობა დიოგენე)
ქართული დრამატურგია, განსაკუთრებით წიგნად გამოცემული, მისი ნაკლებად კომერციულობის გამო, ალბათ ყველაზე მეტად საჭიროებს ამგვარ წახალისებას. მის მდგომარეობას ქართული წიგნის ბაზარზე წლევანდელი ნომინანტების „სიუხვეც” მოწმობდა – ირაკლი სამსონაძე და თამარ ბართაია. ჟიურიმ არჩევანი შეაჩერა ქალ დრამატურგზე, რომელმაც, როგორც თეატრმცოდნეებმა აღნიშნეს, ნამდვილად დაიმსახურა ეს ჯილდო.
წლის საუკეთესო რომანი
ნაირა გელაშვილი, „პირველი ორი წრე”
(გამომცემლობა კავკასიური სახლი)
წლეულს ბევრი ლიტერატურისმცოდნე ფიქრობდა, რომ ზაზა ბურჭულაძის ADIBAS საუკეთესო რომანი იყო და სხვათაგან გამორჩევას იმსახურებდა, თუმცა, არანაკლები მხარდამჭერი აღმოაჩნდა ნაირა გელაშვილის ნაწარმოებს „პირველი ორი წრე”, მათ შორის, ჟიურის წევრები და წლევანდელი საბა მწერალ ქალბატონს ერგო. ნაწარმოები საქართველოს ისტორიის უახლეს რეალიებს ასახავს. ის ავტორმა 1994 წელს დაწერა (გამოაქვეყნა 2009 წელს) და, როგორც თვითონ ადრე აღნიშნა, გალაკტიონის სიტყვების – „დრო, დრო აღნიშნე” – ერთგვარი შთაგონებით. წიგნში მოვლენები „მთარგმნელობითი კოლეგიის” ირგვლივ ვითარდება, თხრობისას დოკუმენტური ფაქტები მხატვრული გამონაგონითაა გადმოცემული და პროზაიკოსი ამ ხერხით ცდილობს ბევრი საჭირბოროტო ამბის მკითხველთან მიტანას.

წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და
დოკუმენტური პროზა
ზურაბ ქარუმიძე, „ჯაზის ცხოვრება”
(გამომცემლობა სიესტა)
გაინტერესებთ, როგორ ჩაისახა ჯაზი, „რომლის დედა ბლუზი იყო, მამა კიდევ – რეგტაიმი”? ვინ იყო ნათლია ჯელი როლ მორტონი, როგორ გადაასწრო ჩარტებში თვით ზეპოპულარულ ბიტლზს ლუი არმსტრონგმა, სად დაძვრებოდა ნარკოტიკებით გაბრუებული ჩარლი პარკერი შუაღამისას, რომელ ბორდელში დაიბადა მაილს დევისის რევოლუციური ძუკნას ნახარში? – მუსიკის ამ ჟანრის ისტორია დოკუმენტურ ნოველებად – „ჯაზის ცხოვრება”. ის წლევანდელი საბას ლაურეატია, ხოლო ავტორმა, ზურაბ ქარუმიძემ, დაჯილდოების შემდეგ განაცხადა – „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ჯაზია”.

წლის საუკეთესო პოეტური კრებული
ზვიად რატიანი, „ნეგატივი”
(გამომცემლობა დიოგენე)
ზვიად რატიანი ქართულ ლიტერატურაში ოთხმოცდაათიანების დასაწყიში გამოჩნდა და დღეს ერთ-ერთ საუკეთესო ავტორად ითვლება. მისი შემოქმედების განხილვისას კრიტიკოსები შენიშნავენ საოცრად დახვეწილი ვერლიბრის ტექნიკას, რომელიც, ნიჭიერების გარდა, ავტორმა მდიდარი მთარგმნელობითი გამოცდილებით შეიძინა. ზვიად რატიანმა დაჯილდოებისას თქვა, რომ თავს უხერხულად გრძნობს, რადგან ნომინანტთა შორის იყო დიდი ქართველი პოეტი ლია სტურუა. საბას წლევანდელ ცერემონიალზე დამსწრეთა ყველაზე დიდი სიხარული სწორედ მისმა გამარჯვებამ გამოიწვა.

წლის საუკეთესო პროზაული კრებული
კოტე ჯანდიერი, „კონკიას ღამე”
(გამომცემლობა დიოგენე)
კოტე ჯანდიერის „გლობალიზაცია” ბოლო პერიოდის მცირე ჟანრის პროზის შედევრად ითვლება. ეს და სხვა მოთხრობები ავტორმა ერთ კრებულად შეკრა და შარშან წარუდგინა მკითხველს. ჯანდიერის ნაწარმოებები იშვიათად იბეჭედება ხოლმე – „კონკიას ღამემდე” მან წიგნი შორეულ 1995 წელს გამოსცა, პერიოდიკაშიც იშვიათად იბეჭდება. ასე რომ, ავტორის სახელი ფართო საზოგადოებისთვის შედარებით უცნობია. გამომცემლები იმედოვნებენ, რომ „საბას” ლაურეატობა ხელს შეუწყობს ავტორის სახელის პოპულარობას.
შეკრებილი საზოგადოება გამარჯვებულის გამჟღავნებამდე ფსონს ზურაბ ლეჟავაზე დებდა, მაგრამ ამ შესანიშნავ ავტორს, ისევე როგორც დანარჩენ ორ ნომანინატს, ამჯერად არ გაუმართლა.

წლის საუკეთესო თარგმანი
მანანა ღარიბაშვილი, გაიუს ვალერიუს კატულუსის
ლექსების თარგმანი (გამომცემლობა ლოგოსი)
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ირმა ტაველიძის მიერ თარგმნილ უელბეკს ანიჭებდა უპირატესობას, საბა წელს კატულუსისაა, უფრო სწორად, მისი შესანიშნავად მთარგმნელის – მანანა ღარიბაშვილის. იულიუს კეისარზე ეპიგრამებისა და ლესბიაზე შესანიშნავი ლექსების ავტორის ასე კარგად გადმოქართულებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა – კლასიკური ლიტერატურის მთარგმნელობითი სკოლა ჯერაც ცოცხალია, ხოლო მისი დაჯილდოება მოწმობს, რომ ყურადღება არც მკითხველისგან აკლია.

პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული
წვლილისთვის გურამ დოჩანაშვილი
კაცი, რომელმაც ლიტერატურა ბევრს შეაყვარა, სამი ძმა კეჟერაძის და ლეგენდურ წიგნად ქცეული „სამოსელი პირველის” ავტორი წლეულს ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაფასდა. აცრემლებულმა მწერალმა აღნიშნა, რომ ასეთი ბედნიერი წუთები იშვიათად ყოფილა მის ცხოვრებაში, რისთვისაც პრემიის მესვეურთ დიდი მადლობა ეკუთვნით.

კომენტარები