100%

 წიგნს, რომელზეც აქ მინდა მოგითხროთ, ერთი კვირის წინ „საბა” არ მიენიჭა. ერთი შეხედვით, ეს წიგნი არაფრით გამოირჩევა სხვა ქართული გამოცემებისგან: რბილყდიანი, ზომიერად უგემოვნო დიზაინით, უჩვეულოდ გრძელი და ამავდროულად ბაზრისთვის „არაეფექტური” სათაურით და ა.შ. მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, მხოლოდ გარეგნული მხარეა. რომ ვთქვათ, რომ ესაა კარგი წიგნი და შემდეგ მისი სიკარგეც დავამტკიცოთ, ნიშნავს, არაფერი ვთქვათ და არაფერი დავამტკიცოთ. ზურაბ ლეჟავას წიგნისთვის არა მარტო არ მენანება საქებარი სიტყვები, არამედ ვშიშობ, ვერ მოვძებნი იმ საჭირო სიტყვებს, რომელთაც ეს წიგნი იმსახურებს. ეს წიგნი უფრო ნოტების რვეულს მაგონებს. თუ ნოტების კითხვა არ იცი, მაშინ შენთვის ფურცლებზე მხოლოდ რაღაც ნიშნები წერია. ხოლო თუ იცი და წაიკითხე კიდეც ეს ნოტები, მაშინ შენს ტვინში ნაღდი მუსიკა აჟღერდება. მუსიკა და სინაღდე შემთხვევით არ მიხსენებია, მაგრამ ამაზე ქვევით.
კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი: „ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში” სქელტანიანი წიგნია, რომელშიც შესულია მოთხრობები და ერთიც პატარა რომანი. მოცემულ შემთხვევაში წიგნის მოცულობამ არ უნდა შეგვაშინოს. მესმის, რომ დღეს ცხოვრების სხვა რიტმია, ყველას ძალიან გვეჩქარება და დიდი ფორმების საკითხავად არ გვცალია. რა ვქნა, რომ ორჰან ფამუქის და უმბერტო ეკოს თბილისური პოპულარობა სულ მითი მგონია. იმაშიც ეჭვი მეპარება, რომ, რამდენიმე ათეული ადამიანის გარდა, დღეს ვინმე რამეს კითხულობს თბილისში. მათ კი, ვინც მაინც კითხულობს, მინდა ვურჩიო ზურაბ ლეჟავას წიგნი „ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში”.
აქვე მინდა ვთქვა, რომ ზურაბ ლეჟავას არა მარტო არ ვიცნობ, თვალითაც არ მინახავს იგი, არც კი ვიცი, როგორ გამოიყურება. მხოლოდ ის ვიცი, რომ მაგარი წიგნის ავტორია, რომლის კითხვისასაც ბევრი, ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული ავტორი შეიძლება გაგახსენდეთ. ეს წიგნი ერთგვარი და ძალიან პრეტენზიული კოქტეილია, რომელშიც არა მარტო ჩაყრილია, არამედ, მიაქციეთ ყურადღება, შეზავებულიცაა ჩარლზ ბუკოვსკის (ვისკი), ვუდი ალენის (ნაღები) და პოლ ოსტერის (ლიქიორი) პროზაც. ცოტა ვენიჩკა ეროფეევს (აცეტონი), სერგეი დოვლატოვს (ჭაჭა) და გვიანდელ დანიილ ხარმსსაც (ლიმონი) თუ ჩააწურავთ, გემოვნების მიხედვით, ეგ იქნება. აქ შეიძლება ალკოჰოლიკები და ლიტერატურის მცოდნეები შემომედავონ ცოტა უხეში ასოციაციებისთვის, მაგრამ არა უშავს, მათ შემოდავებას როგორმე გავუძლებ. კოქტეილ „კარალიოკის” რეცეპტი კი მაინც ასეთია: ვისკი + ნაღები + ლიქიორი + აცეტონი + ჭაჭა + ლიმონი. ერთდროულად უხამსი და შავი იუმორით სავსე და ამავდროულად აუტანლად ტკბილი და სენტიმენტალური. მაგრამ ძალიან ნაღდი. ეს არაა ფურთხით დაწერილი წიგნი. ეს წიგნი დაწერილია სისხლით, ოფლით და ცრემლებით.
ცხადია, ყველა მოთხრობა ერთი წონის და დონის არაა. ზოგჯერ მთელი აბზაცებია დაუდევრად დაწერილი, ბევრი რამ ბრტყელი და პლაკატურია, ზოგჯერ მონტაჟია უხეში, აქეთ რაღაცაა ზედმეტი, იქით არქიტექტონიკაა არც ისე მყარი და ა.შ. სამაგიეროდ ყველაფერი ნაღდია, ალალი და გულუბრყვილო, როგორც ფიროსმანის ნახატები. დიახ, არაფერი წამომცდენია, ჩემთვის ზურაბ ლეჟავა პროზის ფიროსმანია. მასზე კი, როგორც ავტორზე, ყველაზე უკეთ მისივე ერთ-ერთი მოთხრობიდან აღებული ეს ციტატა იქნებოდა ზედგამოჭრილი: „არიან ადამიანები, რომლებიც არ ჩანან ხოლმე დიდ არენაზე; მათ არ იცნობენ და მათზე არ ლაპარაკობენ ან კარგად არ იცნობენ და კი ლაპარაკობენ, მაგრამ ბევრს არა”.
რაც შეეხება მუსიკას. ძნელია, ამ წიგნის კითხვისას ტომ ვეიტსის სიმღერები არ გაგახსენდეს. უფრო სწორად, ვეიტსის ხმის ტემბრი. თორემ, აქვს ვეიტსს სიმღერები, რომლებშიც იგი ძალიან მომაბეზრებელია, გაპრანჭულიც და პოზიორიც. მაგრამ ამ მომაბეზრებლობაშიც და პოზიორობაშიც ძალიან მაგარია. ნაღდია და იმიტომ, ასპროცენტიანი. ლეჟავას წიგნიც დაახლოებით ამავე კატეგორიიდანაა. წარმოიდგინეთ კლიპი, რომელშიც ვეიტსი „ბონა სერა სინიორიტას” მღერის ბოლო ხმაზე, ყელის ჩახევამდე, ბექვოკალზე გიჟი მარინა დგას, ბენდი კი ციხის პატიმრებისგან შედგება, რომელიც, მუსიკალური ინსტრუმენტების ნაცვლად, რკინის ჯამებით, თეფშებით, ქვაბებით და კოვზებით აკომპანირებს, ხოლო კლიპის რეჟისორები ერთდროულად კუსტურიცა და ძველი ჯარმუში არიან.
ამ წიგნში ბევრ უცნაურ, ტრაგიკულ და კომიკურ პერსონაჟს გაიცნობთ: გაცოცხლებულ ძეგლებს, რომლებიც თბილისელებს დაერევიან, ძველ მაცივარ „აფშერონს”, რომელიც დროდადრო ავადმყოფი დევივით დახტუნავს ბინაში, გერმანულ ნაგაზს, რომელიც ბრიჯიტ ბარდოსთან მოხვედრაზე ოცნებობს, თოჯინა ბარბის, რომელიც შესანიშნავ მაზურკას აცხობს და ცნობილ თბილისელ ქურდს, მეტსახელად „სემიჩკას”, გამოსწორების გზაზე დააყენებს, მამა ოლომპიოზს, რომელიც იეღოველთა სექტაში თავის აგენტს ნერგავს, ბარბაროსებს და რომაელ ლეგიონერებს, მშრალ ხიდთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ რომ შებმიან ერთმანეთს, თბილისელ ქურთს ზაკო შაროევს, რომელიც რუსულ ტანკებს როკის გვირაბთან დაუხვდება განავლიანი ჯოხით ხელში, ჰერმაფროდიტ ბანჯგვლაეთეროს, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ აგროვებს პლასტმასის ბოთლებს და ა.შ. და ა.შ.
მოკლედ, ჩემი ვერდიქტი ასეთია: თვალები ტრაკში უნდა გქონდეს ან არ უნდა გქონდეს თვალები საერთოდ, რომ ვერ დაინახო „ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში”.

კომენტარები