ტიბეტი დალაი ლამას შემდეგ

6 ივლისს მეთოთხმეტე დალაი ლამა ტენზინ გიათსოს 75 წელი შეუსრულდა. დევნილი დალაი ლამა დაბადების დღეს ინდოეთში შეხვდა, ჯანმრთელობის მსუბუქი პრობლემებითა და სამშობლოში ილუზორული დაბრუნების იმედით.
დალაი ლამა ტიბეტის სულიერი და პოლიტიკური ლიდერია, ტიბეტი კი - ჩინეთის საშინაო პრობლემა. 1950-იან წლებში ჩინეთის მთავრობამ ტიბეტში ჯარი შეიყვანა და როგორც ადმინისტრაციულ, ისე რელიგიურ თანამდებობებზე საკუთარი კანდიდატები დანიშნა. 1959 წელს ტიბეტელებმა აჯანყება სცადეს, თუმცა დამარცხდნენ. დალაი ლამას სამშობლოს დატოვება მოუწია. ტიბეტში დარჩენილ მის მომხრეებს ციხეში უკრეს თავი, ზოგიერთი კი უკვალოდ გააქრეს. პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფი ტიბეტის მთავრობისა და დალაი ლამას რეზიდენცია მდებარეობს ინდოეთში, ქალაქ დარამსალაში.
დევნილი წმინდანი დღემდე იღვწის ტიბეტის თავისუფლებისთვის, თუმცა არაძალადობრივი პრინციპი მისი ბრძოლის ამოსავალი წერტილია. სულიერი ლიდერის ავტორიტეტი დაბრკოლებაა მათთვის, ვისაც სხვა აზრი აქვს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მეთოდებზე. 1989 წელს დალაი ლამამ ნობელის პრემია დაიმსახურა მშვიდობის დარგში. ამჟამად იგი თანახმაა ტიბეტის შიდაპოლიტიკურ ავტონომიაზე, მაგრამ მიუხედავად ძლიერი საერთაშორისო ლობისა, ჩინეთის კომუნისტურ მთავრობას მოლაპარაკებათა გაგონებაც არ სურს. სახალხო რესპუბლიკას ტიბეტელ ხალხთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები აქვს.
ამ გეგმებში საკვანძო ადგილი პანჩენ ლამას უჭირავს. დალაი ლამა ჩინეთზე დღეგრძელი ვერ იქნება. ადრე თუ გვიან იგი დატოვებს მოხუც სხეულს, თუმცა ვისში ჩასახლდება, ადვილი დასადგენი როდია. დალაი ლამას სიკვდილის შემდეგ საჭირო იქნება მისი ახალი რეინკარნაციის მოძებნა. სწორედ აქ აკისრია განსაკუთრებული როლი პანჩენ ლამას. მან უნდა დაადასტუროს კანდიდატები და რიტუალების შემდეგ გაგვანდოს ახალი დალაი ლამას ვინაობა. ჩინეთის მთავრობას პანჩენ ლამას სათავისოდ გამოყენება სურს. წითლების აზრით, ტიბეტელებს აქვთ რელიგიური თავისუფლება, მაგრამ მმართველების დანიშვნა ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი ადამიანიდან მეორეში მიმავალი დალაი ლამას ეთერული სხეული მოვალეა, გზაზე ცენტრალურ კომიტეტში შეიაროს, საშვის ასაღებად.
1995 წელს დალაი ლამამ პანჩენ ლამად შეარჩია 6 წლის კანდიდატი, მაგრამ ჩინეთის ხელისუფლებამ იგი გააქრო. ხელისუფლებამ მის მაგივრად სხვა ბიჭი შეარჩია. ამ უკანასკნელს არც დალაი ლამა, არც ტიბეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ აღიარებს. რაც შეეხება ჭეშმარიტ პანჩენ ლამას - მისი ასავალ-დასავალი მხოლოდ ღმერთმა (და ჩინეთის უშიშროებამ) თუ იცის. საერთაშორისო ორგანიზაციების თითოეული მცდელობა, ენახათ ყველაზე ნორჩი პოლიტიკური პატიმარი, უშედეგოდ დასრულდა. კანონიერ პანჩენ ლამას აპრილში 21 წელი შეუსრულდა. ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ახალგაზრდა ბიჭი კარგ პირობებში იზრდება, სწავლობს და არ სურს, შეაწუხონ.
მილიარდიანი ჩინეთი, ტიბეტელების გარდა, სხვა ბევრ ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობას აერთიანებს. მათგან თითოეული ცდილობს საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნებას, რასაც ხელისუფლება ქვეყნის ერთიანობის საფრთხედ მიიჩნევს და პროტესტის პირველივე ნიშნების ჩასახშობად ძალისხმევას არ იშურებს.
2008 წელი ტიბეტისთვის სისხლიანი გამოდგა. ჩინეთის ცენტრალური მთავრობით უკმაყოფილო ადგილობრივების პროტესტი შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ტიბეტში ჩასახლებულ ეთნიკურ ჩინელებს ძირძველ მკვიდრთა რისხვა დაატყდა თავს. ცენტრალური მთავრობა ახალისებს შინაგან მიგრაციას; ტიბეტის ავტონომიური რეგიონის ტერიტორია ისეა მოჭრილი, რომ იქ 6 მილიონი ტიბეტელის მხოლოდ მესამედი ცხოვრობს. დანარჩენები მოსაზღვრე პროვინციებში არიან გაბნეულნი.
ჩინეთში საპროტესტო გამოსვლები არცთუ იშვიათია. არაოფიციალური ინფორმაციით, ყოველწლიურად სხვადასხვა მასშტაბის ასი ათასამდე მანიფესტაცია იმართება - პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. კომუნისტური მთავრობა მგრძნობიარეა ნებისმიერი მოძრაობის მიმართ, რომელსაც აქვს მასების მობილიზაციის უნარი. ტიბეტელების მსგავსად, იდევნებიან სხვა რელიგიის მიმდევრებიც.
ჩინეთში სულ ხუთი რელიგიაა დაშვებული: დაოიზმი, ბუდიზმი, კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და ისლამი. რელიგიებს სახელმწიფო არეგისტრირებს - აძლევს სპეციალურ სერთიფიკატს, ავტომატურად აერთიანებს რელიგიურ-პატრიოტულ ასოციაციებში და აკონტროლებს მათ საქმიანობას.
ხელისუფლებას აშფოთებს ის ინსტიტუტებიც, რომელთაც ცენტრი სახელმწიფოს საზღვრებს მიღმა აქვთ და, შესაბამისად, ჭირს მათი მართვა. ასეა, ღმერთებიც კი უნდა დარეგისტრირდნენ, სანამ ჩინეთის საზღვარს გადალახავენ.
კათოლიკურ ასოციაციას დღემდე ეკრძალება რომის პაპთან დაკავშირება. კლერიკალებს, რომლებიც ხელისუფლებას არ დაემორჩილნენ, რეგისტრაცია ჩამოართვეს და განდევნეს. სასულიერო პირები ინიშნებიან პარტკომის მიერ. შესაბამისად, მათ ვატიკანში ღირსეულ იერარქებად არ მიიჩნევენ. თუმცა, მოწყალე პაპმა ბენედიქტემ მათ დიდ ნაწილს მაინც უბოძა მანდატი, მოერიდა რა კათოლიკური სამწყსოსთვის ხელის კვრას.
მმართველი პარტია არც არატრადიციულ და ახლად გამოჩეკილ რელიგიებს სწყალობს. 1990-იანი წლების დასაწყისში ჩინეთში წარმოიშვა სპირიტუალური მოძრაობა - ფალუნ გონგი. ფალუნ გონგის მიმდევრების ერთ-ერთი რიტუალი საჯარო ვარჯიშებია. 1999 წელს დაახლოებით ათი ათასმა ნავარჯიშებმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა ჩინეთის დედაქალაქში. პასუხად, მთავრობამ საერთოდ აკრძალა მოძრაობა და მის წევრებზე ძებნა გამოაცხადა.
როგორც მედია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები, აკრიტიკებენ ჩინეთს პოლიტიკური რეპრესიებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო. მათ დასავლეთის ქვეყნებმაც აუბეს მხარი. დალაი ლამა მარქსისტული შეხედულებებით გამოირჩევა, რის გამოც იგი ესიმპათიურებათ მემარცხენე პოლიტიკურ ლიდერებსა თუ ინტელექტუალურ ელიტას. ის უყვართ ჰოლივუდშიც, სადაც უკვე დიდი ხანია, ბუდიზმი მოდაშია. სულიერ ლიდერს ამგვარი პოპულარობა არ ეხამუშება. პირიქით, ეს კიდევ ერთი საშუალებაა ტიბეტისთვის საერთაშორისო ყურადღების მისაპყრობად. ნობელის პრემიასაც თითქოს პოლიტიკური ქვეტექსტი გასდევდა. 1989 წლის ივნისში პეკინში ჩინეთის მთავრობამ ძალადობრივი მეთოდებით ჩაახშო სტუდენტების საპროტესტო აქცია. ნობელის კომიტეტის განცხადებით, სწორედ 1989 წელი იყო ყველაზე შესაფერისი დრო, დაეჯილდოვებინათ დალაი ლამა, რომელსაც ჩინეთის ხელისუფლება სეპარატისტად მიიჩნევს.
დალაი ლამას შეხვედრები მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებთან ჩინეთის განრისხებას იწვევს. ამას ჩინეთი თავის შინაგან საქმეებში ჩარევად განიხილავს. 2007 წელს დანიის პრემიერ-მინისტრთან დალაი ლამას შეხვედრის გამო ჩინეთმა ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. 2008 წელს საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ანალოგიური ქმედების გამო ჩინეთმა ჩაშალა ევროკავშირ-ჩინეთის სამიტი, რომელიც 2009 წლის მაისამდე არ განახლებულა. წელსაც შევესწარით ჩინეთის მკაცრ განცხადებებს თებერვალში, როცა დალაი ლამა მიიღო ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
დალაი ლამას შემდეგ ტიბეტელებს აღარ ეყოლებათ ადამიანი, რომელიც მათ ბრძოლას მშვიდობის ფარგლებში წარმართავს. თუკი მდგომარეობა გართულდა, ტიბეტი ჩინეთისთვის მხოლოდ საშინაო პრობლემად არ დარჩება. ტიბეტის რამდენიმე რეგიონი სადავო ტერიტორიაა ინდოეთისთვის. ჩინეთისა და ინდოეთის ურთიერთობაზე კი კარგი ნამდვილად არ ითქმის. არც საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის ქვეყნები შეხვდებიან მშვიდად ტიბეტში განვითარებულ მოვლენებს. საერთაშორისო არენაზე ჩინეთისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება ხომ სწორედ საშინაო პრობლემებია.

 

კომენტარები