მუსლიმები მესხეთიდან

მესხური ოჯახი, მე-20 საუკუნის 50-იანი წლები, უზბეკეთი (დეპორტაციის შემდეგ)
50 წლის წინ საბჭოთა ხელისუფლებამ მესხეთში მცხოვრებ მუსლიმებს იძულებით დაატოვებინა სახლ-კარი. „იერლი” (ადგილობრივი) - ასე უწოდებდნენ თავს მუსლიმი მესხები. „კავკასიელი”, „თურქი” – ამგვარად მოიხსენიებენ გადასახლებულებს შუა აზიაში. „თურქი მესხები” - ასე მონათლეს ისინი წითლებმა. „უსამართლობა” - ამბობენ მესხები, როდესაც საკუთარ ყოფას აღწერენ და ცდილობენ ქართულ საზოგადოებას თავი შეახსენონ.

ისლამიზაციის პოლიტიკა
და მუსლიმები მესხეთში

ოსმანთა ბატონობამ მესხეთს თავისი კვალი დაატყო. მესხების დიდი ნაწილი თურქულ კულტურულ სივრცეში მოექცა და ისლამი მიიღო. ვახუშტის ჩანაწერების მიხედვით, მოსახლეობა მხოლოდ ოფიციალურ შეკრებებზე საუბრობდა „თათრულად”, ოჯახებში კი კვლავაც ქართული ენა ჟღერდა. ოსმანების მიერ ოკუპაციის დროს მესხეთში შევიდნენ მომთაბარე თურქები, ქურთები, ხიმშილები (მუსლიმი სომხები) და დროთა განმავლობაში გაითქვიფნენ ადგილობრივებში. თუმცა, მოსახლეობა იდენტობის შენარჩუნებას ცდილობდა. ამის დასტურად ოსმალების მიერ ჩატარებული აღწერაც გამოდგება. 
გურჯისტანის ვილაიეთის „ბუიუკ დეფტერი” (მოსახლეობის აღწერა) ოსმალებმა გადასახადების აკრეფის მიზნით წამოიწყეს. თურქები ადგილობრივ მოსახლეობას თავიანთი წესით - სახელისა და მამის სახელის მითითებით აღწერდნენ. ბერიძეები, კახიძეები, გიორგისძეები ოსმანი ალი ოღლის, ისმაილ აჰმედ ოღლის სახელებით მოხვდნენ რეესტრში. თუმცა, დიდმა ნაწილმა, ფესვები რომ არ დაეკარგა, მამის სახელის ნაცვლად გვარის მითითება დაიწყო. ასე გაჩნდა ოქროპირ ოღლი, ბლიაძე ოღლი, სულეიმან აჰმედ ოღლი თეთრო და მრავალი სხვა.

რუსული ოკუპაცია -
პასკევიჩის კვალი
 
რუსულ-ქრისტიანული ოკუპაცია მესხებისთვის ახალ ტრაგედიად იქცა. მესხების მიმართვა რუსული იმპერიისადმი, მიეღოთ ქრისტიანულ ერთობაში, უპასუხოდ დარჩა. მე-19 საუკუნის 20-იან წლებში მათი დიდი ნაწილი, განსაკუთრებით არისტოკრატია, გაასახლეს. მათ ნაცვლად თურქეთის პროვინციებიდან (ერზერუმი, ყარსი) შემოიყვანეს ქრისტიანული მოსახლეობა. დარჩენილ მუსლიმებს სამუდამოდ მიაკერეს „თურქის” სახელი.

I რესპუბლიკა
რუსეთში მეფის ჩამოგდება, პირველი მსოფლიო ომის დასრულება, პირველი ქართული რესპუბლიკის შექმნა, ზოგადად, არასტაბილური ვითარება კავკასიაში ამ მხარეზეც აისახა. ამ დროს მესხეთში სარწმუნოების ნიადაგზე დიდი არეულობა დაიწყო. უდეში შევიდა ფუნდამენტალისტი მუსლიმების მრავალრიცხოვანი ბანდა. 
„არ ვიცი, რა მოხდა იმ ადამიანთა გულ-გონებაში, მაგრამ ქრისტიანებმა, ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამს, გუშინდელი მტრების ოჯახებში ნახეს თავშესაფარი. 1919 წლის იანვრიდან მარტამდე უდეს მუსლიმთა ოჯახებს 180-მა კათოლიკემ შეაფარა თავი. ჩემმა მშობლებმა ამ დროს თორმეტი სული დაუმალეს რელიგიურ ფანატიკოსების. იმ დროს იმ მიდამოებში ბევრი ბანდა მოქმედებდა: ხონელი ყურბანას ბანდა, სამგურეელი მურსალას ბანდა, იუხარი წისელი მევლუდას ბანდა...” - ამბობს ლატიფშა ბარათაშვილი.
მოგვიანებით საბჭოთა რეჟიმმა ჩვეულებრივი ყაჩაღობა რელიგიურ შუღლად და ეთნიკურ დაპირისპირებად მონათლა.

საბჭოთა ანექსია -
ახალი აზერბაიჯანელები

ქვეყნის ანექსიის შემდეგ კომუნისტებმა რეგიონში მუსლიმი მოსახლეობა ქრისტიანებისგან გამოყვეს და აზერბაიჯანული კულტურული ავტონომია უწოდეს. დააარსეს აზერბაიჯანული სკოლები. მესხების გარდა, აზერბაიჯანულ კულტურულ ავტონომიაში ჩაწერეს ქურთები, ხიმშილები და თურქული თემები (ტარაკამები, კარაპაპახები და სხვ.). 

ღამის მატარებელი
1944 წლის 15 ნოემბერი: „დაახლოებით დილის ხუთ საათზე კარზე კაკუნი გაისმა. შემდეგ ფანჯარაც არახუნდა. წამოვხტი, სიბნელეში დაძაბულად დავიწყე ყურება. გული მჩხვლეტდა. ყელში რაღაც მქონდა გაჩხერილი. გავიფიქრე: აჰა, დაიწყო! 
ოღონდ მშვიდად! მშვიდად!” - იხსენებს ლატიფშა ბარათაშვილი.
იმ დღეს სამცხის 220 სოფლიდან მუსლიმანი მოსახლეობა მასობრივად გამოასახლეს. ერთ დღეში 120 ათასამდე ადამიანი შეკრიბეს და სასაქონლე ვაგონებით ცენტრალური აზიისკენ - ძირითადად ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში გაამგზავრეს. 14 საათში ყველაფერი დამთავრდა.
მატარებლები სხვადასხვა გაჩერებაზე, ნაწილ-ნაწილ ცლიდა ხალხს. შემდეგ ნათესავები წლობით ეძებდნენ ერთმანეთს.
მესხებს კიდევ ერთხელ შეუცვალეს იდენტობა. პირად დოკუმენტებში გაჩნდა ახალი ჩანაწერები - „თურქი”, „აზერბაიჯანელი”, „მუსლიმი”, „კავკასიელი”, „უზბეკი”. იყო შემთხვევები, როცა ერთი ოჯახის წევრები სხვადასხვა ეთნოსს მიაკუთვნეს. ზოგი „თურქად” ჩაწერეს, ზოგიც - „უზბეკად”.
იზოლაცია წლობით გაგრძელდა. 1956 წელს გადასახლებულთა მცირე ჯგუფმა ჩამოაყალიბა პირველი ორგანიზაცია, რომელიც სამშობლოში დასაბრუნებლად იღვწოდა. მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. არც ხელისუფლება, არც საზოგადოებრივი აზრი მზად არ იყო მათ მისაღებად.
პირველად 1969 წელს დაბრუნდნენ. თუმცა, მათი დიდი ნაწილი ქვეყანაში არ გააჩერეს. რამდენიმე ჯგუფი მოგვიანებით, 1982-89 წლებში შემოვიდა საქართველოში, მაგრამ საერთო რიცხვი ძალიან მცირეა - 1000 კაცზე ნაკლები.

ფერგანის ქრონიკები
1989 წლის ივნისში დარბევები ფერგანის ველზე ეთნიკურ წმენდაში გადაიზარდა. 
უზბეკების სახლები წინასწარ მოენიშნათ. მათ არ ერჩოდნენ. ყველა სხვა სახლს წვავდნენ. თუ შერეული ოჯახი იყო, მაშინ - სახლის ნახევარს (იუსუპოვი, „ცეკას პირადი ფოტოგრაფი”). ცენტრალური კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 1989 წლის ივნისში 103 ადამიანი დაიღუპა, ათასზე მეტი დაშავდა, გადაწვეს 757 სახლი...
ძალადობამ ორ წელიწადს გასტანა. 1991 წლისთვის 90 ათასამდე მესხმა დატოვა საცხოვრებელი. საბჭოთა ხელისუფლებას ისინი დაჩქარებულად გაჰყავდა რეგიონიდან.
და კიდევ ერთხელ ლტოლვილნი, მესხები აზერბაიჯანში, რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში გადაიყვანეს. ისინი დღემდე იქ რჩებიან. 2000 წლიდან მესხების ნაწილი ამერიკაში გადავიდა. უზბეკეთში დარჩენილებს „საჭირო ხალხად” თვლიან შრომისმოყვარეობის გამო.

დაბრუნება
ქართულ საზოგადოებას გადასახლებული მესხების დაბრუნების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს. ნაწილი თვლის, რომ საქართველო არ არის ვალდებული, პასუხი აგოს საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე და რაიმე აუნაზღაუროს გადასახლებულ პირებს. მუსლიმ მესხებთან ურთიერთობა წარმოუდგენლად მიაჩნია სომეხი ეროვნების ადგილობრივ მოსახლეობას და, შესაბამისად, დაპირისპირების რისკი დიდია. პოპულისტური განცხადებების ავტორთათვის მესხების თემა არაერთხელ გამხდარა სპეკულაციის საგანი. „არც ერთი თურქი ქართულ მიწაზე” - ამ შინაარსის განცხადებები ხშირად ისმოდა პოპულისტი პოლიტიკოსებისგან. 
1999 წელს საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების ერთ-ერთ პირობად ჩაიდო შემუშავება კანონისა რეპატრიაციის შესახებ. ეს კანონი 2007 წელს მიიღეს. დეპორტირებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, მოეთხოვათ საქართველოს მოქალაქეობა. განცხადებების მიღების ვადა, ორჯერ გადაიწია. ამ ხნის განმავლობაში 5800-ზე მეტი მიმართვა იქნა მიღებული.
ვინ უნდა მოუხადოს ბოდიში დაზარალებულ მოქალაქეებს: საქართველომ თუ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთმა? საჭიროა თუ არა მოქალაქეობის აღდგენის გზაზე დაბრკოლებების შექმნა პირველი რესპუბლიკის მოქალაქეთა შთამომავლებისთვის, რომელთაც ძალით დააკარგვინეს მოქალაქეობა?
ეს ის კითხვებია, რომლებზეც, პირველ რიგში, საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი... თუმცა, ხელისუფლება ვალდებულია, კონკრეტული პოლიტიკა შეიმუშაოს, რათა დაბრუნებულმა მესხებმა, უკვე მერამდენედ, ახალ იზოლაციაში არ ამოყონ თავი.



 

 

კომენტარები