რვაფეხა პაული წინასწარმეტყველებას თავს ანებებს

აკვარიუმ Sea Life-ის ბინადარმა, რვაფეხა წინასწარმეტყველმა - პაულმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში უშეცდომო პროგნოზებისთვის 12 ივლისს ჯილდოდ მსოფლიო თასის ასლი მიიღო. ორი წლის მოლუსკმა უშეცდომოდ გამოიცნო გერმანიის ნაკრების თამაშის ყველა შედეგი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული. პაულს საჭმლის ორ კონტეინერს უდგამდნენ, თითოეულზე ამა თუ იმ ნაკრების დროშა იყო დამაგრებული. გამარჯვებულად იმ ქვეყნის ნაკრები მიიჩნეოდა, რომელ კონტეინერსაც რვაფეხა პირველად გახსნიდა. როგორც ჩანს, ჩემპიონატთან ერთად, პაულის წინასწარმეტყველური კარიერაც დასრულდა. „ჩვენ პაულისთვის ბევრი წინადადება მივიღეთ, მაგრამ ის, რა თქმა უნდა, ჩვენთან დარჩება და თავის ძველ სამუშაოს დაუბრუნდება - გაართობს ბავშვებს”, - განაცხადა Sea Life-ის წარმომადგენელმა ტანია მუნზიგმა. აკვარიუმის ადმინისტრატორმა დანიელ ფეიმ დასძინა, რომ საჭიროა მოლუსკის სოლიდური ასაკის გათვალისწინებაც - „ახლა პაულს სურს, მთელ მსოფლიოს უთხრას „მშვიდობით”. ის 2,5 წლისაა, რაც რვაფეხასთვის ბევრია”. მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ხომ 1-2 წელია. 



 

კომენტარები