ყოფნა, არყოფნა, საკითხავი აი, ეს არის

იკერ კასილიასი და კარლეს პუიოლი
გასაკვირი არაა, წასვლა რომ გადაწყვიტა: ორ წელიწადში ჯერ ევროპის, ახლა კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და კონკურენტებსაც ადვილად დაუთმო გზა.
ესპანეთის ნაკრების ვიცე-კაპიტანმა კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ ქვეყნის პირველ გუნდში ასპარეზობას აღარ აპირებს. სამხრეთ აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნებულმა მსოფლიო ჩემპიონმა ნაკრების თავკაცს ვისენტე დელ ბოსკეს და ფედერაციის ტექნიკურ დირექტორს ფერნანდო იეროს გააცნო გადაწყვეტილება.
ის სამაგალითო ფეხბურთელია და მსურს, აზრი შეიცვალოს. 32 წლისაა, მაგრამ ჩინებულ ფორმაშია და გუნდისთვის კვლავ საჭიროა. ვიმედოვნებ, იერო მას დაიყოლიებს, - დელ ბოსკემ პუიოლთან მოლაპარაკება ნაკრების ექს-კაპიტანს დაავალა.
ჰოლანდიასთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი კარლესისთვის რიგით 90-ე მატჩი იყო ნაკრებში, პირველად კი ესპანელთათვის საოცნებო მაისური 2000 წლის 15 ნოემბერს, ისევ და ისევ ნარინჯისფერებთან ამხანაგურ შეხვედრაში მოირგო. მას შემდეგ დაცვის უცვლელი წევრი იყო. 2008 წელს ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, შარშან ფიფა-ს კონფედერაციათა თასის გათამაშების საუკეთესო 11 მოთამაშეთა შორის, უეფა-მ კი ხუთჯერ შეიყვანა წლის ნაკრებში.
სამხრეთ აფრიკაში პუიოლმა ნაკრები ფინალში გაიყვანა: ნახევარფინალში ესპანელებმა გერმანელები სწორედ მისი გოლით დაამარცხეს.
ცხადია, ბარსელონელი მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდშიც დაასახელეს.


 

კომენტარები