მეკარე, კაპიტანი, რეკორდსმენი

იკერ კასილიასი და კარლეს პუიოლი
ბავშვობაში ამაზე მხოლოდ ვოცნებობდი: ტელევიზორში ვხედავდი, როგორ ხარობდნენ გერმანელები, ბრაზილიელები, ფრანგები და მინდოდა, ეს ოქროს თასი ერთხელ მეც მომეგო. დღეს, როცა ეს ჯილდო უკვე ავწიე, არც კი ვიცი, რა ვთქვა. ახლა მესმის, რას გრძნობენ ადამიანები, რომლებიც სიხარულის გადმოსაცემად სიტყვებს ვერ პოულობენ, - მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრების კაპიტანი იკერ კასილიასი სამხრეთ აფრიკა 2010-ის საორგანიზაციო კომიტეტმა ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელა და ლევ იაშინის პრიზით - ოქროს ხელთათმანებით დააჯილდოვა.
29 წლის ფეხბურთელი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია. საკლუბო ტიტულებზე არაფერს ვიტყვით: მადრიდის რეალში, სადაც ის 1999-2000 წლების სეზონიდან თამაშობს, ყველაფერი მოიგო.
კასილიასი, რომელსაც სამეფო კლუბთან აკავშირებს უნიკალური ხელშეკრულება - კონტრაქტი კარიერის ბოლომდე, მხოლოდ და მხოლოდ მეორეა, რომელმაც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონთათვის განკუთვნილი თასები კაპიტნის რანგში აღმართა. პირველი ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერი იყო.
კასილიასი პირველი მეკარეა, რომელმაც მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე მოიგერია პენალტი: 2002 წელს ირლანდიელი იან ჰარტე გააწბილა, სამხრეთ აფრიკაში კი - პარაგვაელი ოსკარ კარდოსო.
და სანამ ფეხბურთიდან წავა, უეჭველია, კიდევ არაერთ რეკორდს დაამყარებს. მანამდე კი მხოლოდ ის ვთქვათ, რომ იკერი უკვე ძალიან დიდია.
518 მატჩი რეალში, 111 - ნაკრებში და ტიტულები, ტიტულები, ტიტულები...
29 წლის ბიჭისთვის საკმარისზე მეტიცაა.


 

 

კომენტარები