და თომასს გამოეღვიძა

ვინ იყო ის, სამხრეთ აფრიკაში ხუთი გოლი რომ გაიტანა? - ამაყად გადასძახა იოახიმ ლიოვმა ქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილ ათიათასობით ფანს და ხალხმაც იხუვლა: თომაააააას მიულერიიიიიიიიიი!
ვინ იყო ის, რომელსაც შარშან არავინ იცნობდა, დღეს კი მისი სახელი ყველას პირზე აკერია? - მთავარი მწვრთნელის მორიგ კითხვას ფანებმა იგივე პასუხი შეაგებეს: თომაააააას მიულერიიიიიიიიიი!
და როცა ბუნდესნაკრების თავკაცი კიდევ ერთხელ დაეკითხა შავ-წითელ-ყვითელი ფერებით სახემოხატულ გულშემატკივართა არმიას, ოქროს ბუცი ვინ აღმართაო, თომას მიულერს გამოეღვიძა და იქვე, საწოლთან დადებულ პრიზებს ხელი გადაუსვა.
თომას მიულერი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ერთი წლის წინ მიულერი ამაზე ვერც იოცნებებდა: როცა ლუის ვან გაალი მიუნხენის ბაიერნის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ის სათადარიგო გუნდში ვარჯიშობდა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა შარშან ამ დროს მიულერში დაინახა ის, ვინც ჩვენ სამხრეთ აფრიკაში ახლახან ვიხილეთ და პირველ გუნდში უხმო. ამას 2009-10 წლების სეზონში ბაიერნსა და ნაკრებში ჩატარებული 66 ოფიციალური მატჩი, არაერთი ტიტული და უდიდესი აღიარება მოჰყვა.
და ეს ყველაფერი - 20 წლის ასაკში.
სიზმარია, აბა რა არის?


 

 

კომენტარები