ყველა გოლი - ალეხანდრას

ძალიან უცნაური ტურნირი ლამაზად, ესპანურად და მშვიდად დასრულდა. რამდენიმე შემდგარი და უფრო მეტი არშემდგარი ვარსკვლავის ფონზე, ნელსონ მანდელას ქვეყანაში სამხრეთ ამერიკის პრესტიჟი ურუგვაიმ დაიცვა. არგენტინაში არ იცოდნენ, რა უნდოდათ, ბრაზილიაში ვერ გაიგეს, რატომ წააგეს და ურუგვაიში დიეგო ფორლანი იყო. ფინალის შემდეგ ჟურნალისტებმა MVP დაასახელეს და ოქროს ბურთი 31 წლის ფორლანმა მიიღო.
ურუგვაი ცოტა უსისტემო, არეულ და მომენტებში მძიმე ფეხბურთს თამაშობდა. მერე შორიდან ურტყამდა ფორლანი. ძირითადად კარში და ზუსტად. ტაბარესის ბრიგადაც 10-15 წუთით ინერციით ფეხბურთის ინსცენირებას ახდენდა და დიეგოს მომდევნო დარტყმამდე ისევ უსისტემოდ დარბოდა.
გაპიარებული სუარესის, პერსპექტიული კავანის და ოპტიმისტი ტაბარესის უკან, მთელი ტურნირი ფონს ფორლანი ქმნიდა. იდგა იქ, სადაც ურუგვაის ყველაზე მეტი შეცდომა მოსდიოდა ან იქ, სადაც მისი ნაკრები დაბნეული იყო და არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. დაიწყო საყრდენად საფრანგეთთან და 90 წუთის საუკეთესოდ დასახელდა, სამხრეთ აფრიკას ორჯერ დაუბაფანა და იმ მატჩის MVP-ც გახდა. მექსიკასთან პლეიმეიკერობდა და სუარესის გოლიც უფრო ფორლანმა შეასრულა, ვიდრე აიაქსის ცელქმა სუბიექტმა.
პლეი-ოფში ურუგვაი მთლიანად ფორლანი იყო. ჯაბულანის ბურთთან დაძმაკაცდა და სტეკელენბურგს მონტევიდეოდან გაუტანა. დაახლოებით იგივე, ანუ ძალიან ეფექტური გოლი შეუგდო განასაც. ბოლო აკორდი გერმანიასთან იყო.
ურუგვაიში დიეგო ფორლანი თითქმის ის არის, რაც არგენტინაში კიდევ ერთი დიეგო. ორი საქველმოქმედო ფონდი, ყოველწლიური აქციები ალვარო რეკობასთან ერთად, შემოსული თანხა კი მთლიანად უსახლკარო ბავშვებს ერიცხება.
სამხრეთ აფრიკაში ფორლანმა ორი საინტერესო მესიჯი მიიღო. პირველ ტექსტურ შეტყობინებაში იყო ოთხი სიტყვა - Balls bigger than heart (გულზე დიდი კვერცხები გაქვსო) და მეორეში - დროზე ჩამოდი, მოგვენატრე.
პირველი შეტყობინება ფორლანმა ალექს ფერგიუსონისგან მიიღო. მეორე მესიჯი დიეგოს მისმა დამ, ალეხანდრამ გაუგზავნა. წლების წინ, როდესაც ფორლანი ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამდა, ალეხანდრას მანქანა ხეს შეასკდა. ინციდენტი აველანედას სტადიონთან მოხდა. ალეხანდრა უმცროსი ძმის თამაშის სანახავად მიდიოდა. დიეგოს და დღემდე პარალიზებულია. ატლეტიკოში გატანილი ყოველი გოლის შემდეგ ფონდში Fundacion Alejandra Forlan 250 ევრო ირიცხება. საგზაო ინციდენტების შედეგად დაზარალებულებს დიეგო დაზღვევის ნაწილს უხდის და სხვა ფინანსურ დახმარებასაც უწევს.
2002-ში ფორლანმა სენეგალთან ბოლო წუთზე 10 მეტრიდან ვერ გაიტანა. რომ გაეტანა, ურუგვაი შემდეგ ეტაპზე გადიოდა. 2006-ში დიეგომ ავსტრალიასთან პლეიოფში ფეხი მოიტეხა და ურუგვაი ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა. 2007-ში, კოპა ამერიკაზე, ბრაზილიას ძირითად დროში შეუსრულა და პენალტების სერიაში ბოლო დარტყმა ვერ გამოიყენა.
სამხრეთ აფრიკაში ფორლანმა ვალების დიდი ნაწილი გაისტუმრა. ურუგვაიმ, პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში, მოიგო მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე. პირველად 1954 წლის შემდეგ, ურუგვაელმა ფინალურ სტადიაზე ერთ მატჩში ორი გოლი გაიტანა. პირველად 1970 წლის შემდეგ, ურუგვაი ფინალისწინა 90 წუთის მონაწილე იყო. პირველად 1930 წლიდან, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე ურუგვაელი გახდა.
ჰოლანდიასთან ურუგვაიმ წააგო. შემდეგ იყო ბრიფინგი, ფორლანის ბოდიში მთელ ურუგვაის და ტაბარესის გაკვირვებული სახე. მწვრთნელი ვერ მიხვდა, რატომ იხდიდა ბოდიშს ფორლანი.
ურუგვაიმ ვერც გერმანიას მოუგო. ბრიფინგზე ფორლანს ბოდიში აღარ მოუხდია. მთელ ურუგვაის მადლობა გადაუხადა, ნაკრების გაოფლილ მაისურს აკოცა და პირჯვარი გადაიწერა.



 

კომენტარები