ტრიბუნებზე დადგმული მელოდრამა

მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩის დროს სტადიონზე ორი წარმოდგენა იმართება - მოედანზე და ტრიბუნებზე. მოედანზე გამართული წარმოდგენა თუ დრამაა, ტრიბუნებზე გამართული ფორმით შეიძლება მელოდრამად ჩავთვალოთ, რადგან მისი განუყოფელი ნაწილია სიმღერა.
წლევანდელ მუნდიალზე დრამა ნაკლები იყო, „მელოდრამა” კი, ვუვუზელას წყალობით, რომელიღაც აფრიკული ტომის ტრადიციებში მოწყობილ დაკრძალვის ცერემონიალს დაემსგავსა. არადა, ფიფამ სამუნდიალოდ ერთბაშად ორი სიმღერა გაამზადა. შაკირას Waka Waka-ს ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერა დაარქვეს, R. Kelly-ის სოულ(?!) კომპოზიციას Sign of Victory კი ჰიმნის სტატუსი მიანიჭეს.
რაკი ფანებმა ვუვუზელა არჩიეს და მელოდრამა გასვენებად აქციეს, სხვა რაღა დაგვრჩენია, თუ არა ძველი ჰიმნების გახსენება, რომლებსაც ხმის ჩახლეჩამდე ღრიალებდნენ ტრიბუნებზე.
საფეხბურთო ჰიმნი ორნაირია. ჰიმნი, რომელიც დრომ და ფანებმა აქციეს ჰიმნად და უშუალოდ კონკრეტული საფეხბურთო ღონისძიების ან კლუბის/ნაკრების მხარდასაჭერად დაწერილი სიმღერა.
ასიდან 90 ფანი არაოფიციალურ საფეხბურთო ჰიმნზე საუბრისას შემდეგ სიმღერებს გაიხსენებს: Queen – we are the champions და we will rock you, Gerry and the Pacemakers - You’ll Never Walk Alone.
ჩამოთვლილთაგან ყველაზე საინტერესო ისტორია კლუბ ლივერპულის არაოფიციალურ ჰიმნს You’ll Never Walk Alone-ს აქვს. 60-იან წლებში ამ სიმღერას მუსიკალური ატრაქციონების, სკოლის გამოსაშვები საღამოებისა და საცირკო წარმოდგენების გასაფორმებლად იყენებდნენ. არავინ იცის, ვინ იყო პირველი სკუზერი (ასე ეძახიან ლივერპულის ფანებს), ვინც You’ll Never Walk Alone ენფილდის ტრიბუნაზე შეასრულა, თუმცა, ფაქტია, რომ დღეს ენფილდზე ამ სიმღერის შესრულება რელიგიური რიტუალის ტოლფასია. ლივერპულის ყველა მატჩის დაწყებამდე, მსვლელობისას და დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ყველა სკუზერი ერთ ხმაში ღრიალებს ამ მარტივ მელოდიას. სხვათა შორის, მატჩის შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, კლუბი ნებისმიერ შემთხვევაში იმსახურებს სიმღერას.
რაც შეეხება კონკრეტულად „სპორტული მიზნით” დაწერილ სიმღერებს - ბევრია, თუმცა, რამდენიმე მათგანი გასცდა კონკრეტული ღონისძიების ჩარჩოებს და დღესაც აქტიურად იყენებენ სატრიბუნო მელოდრამის გასაფორმებლად.
სახალისო ისტორიის მიზეზი გახდა ჯგუფის Lighting Seeds სიმღერა Three Lions, რომელიც ევრო 96-ს და ინგლისის ეროვნულ ნაკრებს ეძღვნებოდა. ინგლისმა ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც გერმანიის ნაკრები დახვდა. ამბობენ, სტადიონისკენ მიმავალი გერმანელი ფეხბურთელები ავტობუსში გაუცნობიერებლად ღიღინებდნენ უკვე საკმაოდ პოპულარულ Three Lions-ს. ინგლისმა პენალტების სერიაში წააგო, გერმანია ევროპის ჩემპიონი გახდა, Three Lions კი ჰიმნად აღიარეს.
1998 წელს შოტლანდიელები დიდი იმედებით ეწვივნენ საფრანგეთს. საგზლად Del Amitri-ს სიმღერა Don’t Come Home Too Soon წაიყოლეს. სამწუხაროდ, სკოტები მალევე დაბრუნდნენ შინ, გაცოფებულმა ფანებმა კი ყველაფერი ჯგუფ Del Amitri-ს გადააბრალეს. მათი აზრით, სიმღერა ძალიან სევდიანი იყო და ნაკრები დათარსა.
ფეხბურთი, მელოდრამა და სიმღერა ერთად კონკიას ისტორიის გარეშე ვერ ჩაივლის. კონკია ამ შემთხვევაში გერმანელი აღმოჩნდა, უფრო სწორად, რამდენიმე კონკია ერთად შეიკრიბა, Sportfreunde Stiller დაირქვა და ინდი როკის დაკვრას მიჰყო ხელი. 2006 წელს გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატი იმართებოდა, ჯგუფმა კი რამდენიმე დღით ადრე გამოუშვა სიმღერა - 54, 74, 90, 2006 (პირველი სამი რიცხვი იმ წლებს აღნიშნავს, როცა გერმანია ჩემპიონი გახდა, 2006 კი ტკბილი ოცნება იყო მომავალ ტრიუმფზე). ვიღას ახსოვდა იმწლევანდელი მუნდიალის ოფიციალური ჰიმნი. მთელი გერმანია ამ მარტივ მელოდიას და ენერგიულ ტექსტს ჰყავდა დატყვევებული.
ოდესღაც ქართველ გულშემატკივრებსაც ემღერებოდათ. 1976 წელს თბილისის დინამომ საბჭოთა კავშირის თასი რომ აიღო, მთელი საქართველო მღეროდა ვაჟა აზარაშვილის დინამო, დინამოს, 80-იანების მიწურულს ლანჩხუთის გურია უმაღლეს ლიგაში გადავიდა და ივერიამ გურულ ფეხბურთელებს მიუძღვნა დღემდე პოპულარული სიმღერა - გურია.
ზემოთ ჩამოთვლილ ყველა არაოფიციალურ თუ ნახევრად ოფიციალურ ჰიმნს აქვს რამდენიმე საერთო თვისება. დაწერილია 4/4 ან 6/8 თვლაში, რაც მარტივ და ენერგიულ რიტმსექციას ნიშნავს, გაფორმებულია ადვილად დასამახსოვრებელი მელოდიით და ახლავს პათოსითა და მოწოდებებით გაჟღენთილი ტექსტი.
P.S. რამდენიმე წლის წინ საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც დაუწერა ჯგუფმა სტრინგმა ყველა წესის დაცვით შექმნილი ჰიმნი ჩვენ ერთი გუნდი ვართ, მაგრამ სატრიბუნო მელოდრამა არაფერია, თუ მოედანზე მოსაწყენი ტრაგიკომედია მიმდინარეობს.



 

კომენტარები