„ხსნადი კაფკა”

ოდესმე გიჭამიათ წამწამი? კარგი, უფრო შორიდან დავიწყოთ – „სიმფსონები” და „წერილი დედას” წაგიკითხავთ? თუ არა, მაშინ ჩათვალეთ, რომ ქართული ეპატაჟური პროზის გარიჟრაჟი გამოტოვეთ და აუცილებლად მიუბრუნდით, თორემ თუ ისე მოხდა და შუადღეც დადგა, დილაგანუცდელს სიარული გაგიჭირდებათ. დიახ, ეპატაჟური პროზა პოსტმოდერნული ხერხებით, რომელიც მოგვიანებით ანტინარატიულ, გახმაურებულ „მინერალურ ჯაზში” გადაიზარდა. ეს უკანასკნელი – რომანია და, შესაბამისად, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მიერ სულ ახლახან დასტამბულ ზაზა ბურჭულაძის მოთხრობების კრებულში ვერ მოხვდა. კრებულს სათაურად ერთ-ერთი ნაწარმოების სახელწოდება – „ხსნადი კაფკა” აქვს გამოტანილი. გარდა ამისა, შესულია: „სიმფსონები”, „წერილი დედას”, „passive attak”, „ფონოგრამა” და „შვიდი ბრძენი”. სამამულო მასშტაბებით უკვე ლიტერატურულ ბრენდად ქცეული ზაზა ბურჭულაძე ამ წიგნით მცირე ჟანრის პროზაში საკუთარ მოღვაწეობას ერთგვარად აჯამებს და დაკვირვებული თვალისთვის სამომავლო კონტურებსაც ხაზავს – სიაში მოტანილი ბოლო სამი მოთხრობა უკვე განსხვავდება ადრეული ტექსტებისგან – მათი უმეტესი ნაწილი თხრობის უმაღლესი პილოტაჟით დაიკვეხნის.
ზაზა ბურჭულაძეს, სკანდალის მოყვარულთათვის საკბილოს შერჩევის თვისების გარდა, თავიდანვე გამოარჩევდა ერთი შეხედვით ღიმილისმომგვრელი ნიუანსი – ქართულის ცოდნა. დღეს ქართველი პროზაიკოსების უმეტესობა აგდებით ეკიდება ამ საქმეს და, შესაბამისად, ჯერ მკითხველი წაიტეხს ხოლმე თვალს მათ ტექსტებზე და მერე ავტორი - წიგნის მოყვარულთა თაროზე. ზაზა ქართულ ენაზე მუშაობს, ნეოლოგიზმებით თუ არქაიზმებით ახალ ფორმებს აწარმოებს – თხრობის მსუბუქი მანერა, იუმორი, დაფარული კოდების თანამდევი ინტრიგა ბურჭულაძეს, ერთი მხრივ, მკითხველისთვის, მეორე მხრივ, კრიტიკოსთათვის საყვარელ, ან, საყვარელ თუ არა, მიმზიდველ ავტორად აქცევს.
„წერილი დედას” ფინალური „წყევლა” თქვენთვის კარგად ცნობილი ორთოდოქსების კოჰორტისთვის დიდი აურზაურის საბაბად იქცა. ან კი როგორ მოისმენდნენ ლაგმიანი ლიტერატურის მოსურნე ადამიანები დედისადმი მიმართულ ამგვარ სიტყვებს, თუნდაც მხატვრულ გამონაგონში: „წყეულიმც იყოს წელი და საზარდული შენი, ბარკლები, სასქესო ორგანო, ბარძაყნი, თეძონი, მუხლნი” და ა.შ. „სიმფსონები” ინტერტექსტუალობის ანუ სხვადასხვა დროის პერსონაჟების საერთო სხეულში მოქცევის ერთ-ერთი პირველი წარმატებული ნიმუშია. ძირძველ მკითხველებს დღემდე ახსოვთ ეს გამორჩეული მოთხრობა.
ზაზა ბურჭულაძემ ზუსტად შენიშნა, რომ ტექნოლოგიების საუკუნეში ადამიანს გული სიმარტივისკენ მიუწევს. ამიტომ შეიძლება კაფკა ისე „გაიხსნას”, რომ ნელთბილ თბილისურ, სულაც ვაკე-ვერულ ამბად წარმოგვიდგეს. ჩვენებური გლამურის ანეკდოტურობა – კუკლა-ლევანიკოებით, სექსით თუ ფსევდოსექსით, ჭარბი სკაბრეზით და ბევრი უცხო სიტყვით – ამ ყველაფერს ავტორი ქალი პერსონაჟის პირით ყვება.
შემდეგი ეტაპის ტექსტების კარიბჭეა „passive atack”, არაერთი ლიტერატურისმცოდნის მიერ შედევრად შეფასებულ-დაფასებული. ეს ნახევრად ფხიზელი ტექსტია, ანუ მკითხველი ძნელად ავლებს ზღვარს რელობასა და სიმუალაციას შორის. საინტერესო კულტურული „ნასესხობებია” – სათაური ცნობილი მუსიკალური ჯგუფის massive atack-ის ოპოზიცია, გმირის დაჩემებული სახელი – ბინძური ჰარი – კლინტ ისტვუდის ჰოლივუდური პირმშო ჰარი, რომელსაც ანამ მთა დაანახა (გნებავთ, მუჰამედი მიიყვანა მთასთან, ოღონდ აქ მთა უფროა მუჰამედი – მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც ცხვირწინაა და ვერ ხედავ). სიუჟეტი ისეთია, მსურველი და მცოდნე მცირე ირონიულ ანიმაციურ თრილერსაც გადაიღებდა.
ფილმის გადაღება და ჰეროინის მოტრფიალე მსახიობი დასავლეთისთვის კი ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ წარმოიდგინეთ თელავი, სადაც, ავტორისა არ იყოს: „იშოვი ავტომატს, ყალბ პასპორტს, ტროტილს და რუმინელ მონასაც, მაგრამ ჰეროინს – ვერა”. მოთხრობა „ფონოგრამა” სწორედ ასე იწყება. აქ თქვენ უფლის ძიების სრულიად სხვა, მხოლოდ კვამლით დაბინდული გონებისთვის მისაწვდომ გზას დაადგებით და თუ იპოვით – ის ღმერთი მხოლოდ თქვენი იქნება. ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს არის ჭეშმარიტების გზა? როგორც დღეს იტყვიან, სხვა დანარჩენისთვის, მათ შორის, პასუხის მისაღებად, მოთხრობას გაეცანით.
და ბოლოს, ავტორის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები „შვიდი ბრძენი” – უხვი რემინისცენციები, პარანოიისა და ირონიის ოსტატური ნაზავი – მთავარი გმირის მოქმედების არეალი ჰესეს ჯადოსნურ სპექტაკლს გაგონებს, ადამიანის კრებით სახეს კი უფრო აქეთ, ტექსტების ჯამად სახელდებულ ცნობიერებასთან მიყავხარ. ბურჭულაძისეული რეფლექსი გამორჩეულია – სხვა პერსონაჟები იქ, ჩვენთვის რჩება და მთხრობელი კვდება თუ ქრება, უფრო სწორად, დანარჩენი გმირები აქრობენ. მკითხველი კი ზის და თავს იმტვრევს – იქნებ ავტორი მერვე ბრძენია (ოღონდ ანტიკური კი არა, ქართველი მოდერნბრძენი), იქნებ დანარჩენი შვიდიც მასშია მომწყვდეული, იქნებ მოქმედებაც გონებაში ხდება და ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, როგორც „ბჰაგავდგიტაში”, ბრძოლის ველზე, იქნებ ახლა, უცებ, როცა ამ ლიტერატურულ მიმოხილვას კითხულობთ, რომელიმე ბრძენი მოგიახლოვდეთ და ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც მოთხრობისა და, საერთოდ, კრებულის ფინალშია.
„გააჯვი!
პულტის ღილაკს საჩვენებელ თითს აჭერს და მაშინვე ყველაფერი ქრება” („შვიდი ბრძენი”).


 

კომენტარები