დანაშაულის ადგილი - თქვენი სიზმარი

„ალისა საოცრებათა ქვეყანაში”, „რობინ ჰუდი”, „რკინის კაცი 2”, „სექსი დიდ ქალაქში 2”, „სათამაშოების ამბავი 3”, „შრეკი 4”, „სპარსეთის პრინცი”, „პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები”, „ტიტანთა ჯახი”, „ბინდი 3” - ეს ფილმები 2010 წლის განვლილი ნაწილის უმთავრესი კინომოვლენებია. ჰოლივუდი იდეების კრიზისშია. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფილმი რიმეიკი, სიქველი, პრიქველი, წიგნის ან თამაშის ეკრანიზაციაა. კინოს ახალი სისხლი სჭირდება და, როგორც ჩანს, დონორი კრისტოფერ ნოლანი იქნება.
ბრიტანელი რეჟისორის ახალი ფილმი „დასაწყისი” (Inception) თბილისის კინოთეატრებში 22 ივლისიდან გამოვა. ფილმს, რომელსაც კრიტიკოსები რევოლუციურს უწოდებენ, ნოლანის საუკეთესო ნამუშევრად აღიარებენ, „მატრიცასა” და „კოსმოსურ ოდისეას” ადარებენ. კუბრიკთან შედარების პატივი კი ერთეულებს რგებიათ.
„დასაწყისი” სამეცნიერო ფანტასტიკაა. მოვლენები მომავალში ვითარდება, სადაც ტექნოლოგიების დახმარებით ადამიანს სხვის სიზმრებში შესვლა შეუძლია. ფილმის მთავარი პერსონაჟია დომ კობი (ლეონარდო დი კაპრიო), ის, ვინც თავის საქმეში საუკეთესოა. ეს საქმე კი სიზმრების „ქურდობაა”. ძილის დროს ადამიანის ტვინი ყველაზე დაუცველია, ამიტომ იქიდან ინფორმაციის „მოპარვა” ყველაზე ადვილია. დი კაპრიოს პერსონაჟს საუკეთესოს სახელი ძვირად დაუჯდა - „პროფესიის” გამო ის დევნილია. კობმა ყველაფერზე უარი თქვა, რაც მისთვის ძვირფასი იყო ცხოვრებაში. ეს ყველაფერი კი მისი შვილებია.
საიტო (კენ ვატანაბე) - ასე ჰქვია გავლენიან ბიზნესმენს, რომელიც კობს შანსს აძლევს, თავისი ცხოვრება დაიბრუნოს. ამისათვის მან ერთი, უკანასკნელი დავალება უნდა შეასრულოს. ეს დავალება კი ყველა წინასგან განსხვავდება და თითქმის წარმოუდგენელი შესასრულებელია. საიტო სიზმრიდან რაიმეს მოპარვას კი არა, სიზმარში ახალი იდეის შექმნას ითხოვს. დი კაპრიოს პერსონაჟი შეადგენს გუნდს, რომელმაც ეს შეუსრულებელი მისია უნდა შეასრულოს: არტური (ჯოზეფ გორდონ-ლევიტი) კობის დიდი ხნის მეგობარი და თანაშემწე, არიადნე (ელენ პეიჯი) სიზმრის არქიტექტორი, იმსი (ტომ ჰარდი) გამყალბებელი და იუსუფი (დილიპ რაო) მედიკოსი. ეს არის ის მცირე ინფორმაცია, რაც ფილმზეა ცნობილი.
ნოლანმა თავისი ოცნების პროექტზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. სიუჟეტი თავიდანვე გასაიდუმლოებული იყო. ნოლანს სურს, მისი „სიზმრები” ყველამ თვითონ „ახსნას”. ბრიტანელ რეჟისორს მთავარ როლზე თავიდანვე ერთადერთი არჩევანი ჰქონდა და ეს ლეონარდო დი კაპრიო იყო. მსახიობი, რომელიც, წლების მატებასთან ერთად, უფრო და უფრო სერიოზულ მსახიობად ყალიბდება.
იდეა იმდენად შთამბეჭდავი, ორიგინალური და მიმზიდველია, რომ „დასაწყისი” ნამდვილად იმსახურებს მაყურებლის ყურადღებას. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფილმი კრისტოფერ ნოლანისაა, რეჟისორის, რომელმაც გადაიღო „მემენტო”, ბოლო 10-15 წლის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი. ნოლანმა „გააცოცხლა” ბეტმენი, რომელიც 90-იან წლებში ჯოელ შუმახერმა „გააუპატიურა” და თითქმის უიმედო ფრენჩაიზად აქცია. ნოლანმა იმ საშინელების რელიქტებზე ჯერ „ბეტმენის დასაწყისი”, შემდეგ კი „ბნელი რაინდი” გადაიღო. ორი ნამუშევარი, რომლებმაც კომიქსების ეკრანიზაცია ახალ საფეხურზე აიყვანა. საოცარი ატმოსფერო, რეალურობის შეგრძნება და სუპერპერფორმანსები (მარტო ჰიტ ლეჯერის ჯოკერი რად ღირს) - ბრიტანელის გადაღებული ფილმები ბეტმენზე ნამდვილად გამორჩეულია. კრისტოფერ ნოლანს ეკუთვნის „პრესტიჟი”, ბოლო წლების კიდევ ერთი გამორჩეული ფილმი. ორი ილუზიონისტის დაპირისპირება, რომელმაც 2006 წელს მთელ კინოსამყაროს ფოკუსი ჩაუტარა და ნოლანმა მაყურებლის „პრესტიჟი დაიმსახურა”.
გირჩევთ ყველას, 22 ივლისიდან, სქესის, ასაკის, სიმაღლის, თმის ფერისა და პოლიტიკური შეხედულების განურჩევლად, ყველას, ვისაც უყვარს კინო, მნიშვნელობა არ აქვს, „დღიურია” მისი საყვარელი ფილმი, „მექანიკური ფორთოხალი”, „ნათლია” თუ „ჩემი მეგობარი ნოდარი”, კრისტოფერ ნოლანის „დასაწყისი” კინოთეატრში ნახოთ. ამ ფილმს, სულ მცირე, აქვს მცდელობა, იყოს ახალი, ორიგინალური, იყოს რიდლი სკოტის „უცხო”, ტარანტინოს „კრიმინალური საკითხავი”, პოლ ტომას ანდერსონის „მაგნოლია”. ამ რეჟისორებმა ოდესღაც მაყურებელს აჩუქეს ორიგინალური, გამორჩეული სიუჟეტის მქონე ფილმები, ისეთი, როგორსაც მაშინ ჰოლივუდი მხოლოდ „სიზმრებში” ხედავდა. 22 ივლისიდან კრისტოფერ ნოლანი მაყურებლის „სიზმრების” მოპარვას შეეცდება. რა გამოუვა, ამას ერთად ვნახავთ.



 

კომენტარები