ზაფხული თაფლის ან ვარდისფერი: ტვიში და როზე

10 ივლისს ღვინის კლუბის საზაფხულო დეგუსტაციის ბოლო საზაფხულო შეხვედრას დაინინგ რუმმა უმასპინძლა. დეგუსტაციის თემაც, შესაბამისად, საზაფხულო და საარდადეგებო გახლდათ - ქართული ვარდისფერები (როზე) და ტვიშები. შაბათის ცხელ შუადღეს კლუბის თორმეტამდე წევრი დაინინგ რუმის მრგვალ მაგიდას შემოუსხდა და ქართულ საზაფხულო ღვინოებს სამი საათის განმავლობაში პურთან და ევროპულ ყველთან ერთად აჭაშნიკებდა. 
დაგემოვნებულ და განხილულ იქნა როზეს სამი (თელიანი ველი, ბადაგონი, თელავის მარანი) და ტვიშის ექვსი (თბილღვინო, მილდიანი, რაჭული ღვინო, თელავის მარანი, GWS, თელიანი ველი) ჩამოსხმა.
მკათათვის ჩალისფერი შუადღე იდგება თუ აგვისტოს გრძელი, ვარდისფერი საღამო, გრილსა და ჩრდილს ისე არაფერი უხდება, როგორც ცივი, მსუბუქი, დელიკატური ღვინო, ხილის თუ კენკროვანი. მაშ ასე, იცნობდეთ.

ტვიში - წარმოების სპეციფიკური ზონა დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის გორაკ-ბორცვიან ზონაში, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. ტვიში ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინოა და მზადდება ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან, ტკბილის არასრული დადუღებით. ტვიში ხასიათდება ღია ჩალისფერის მსუბუქი გრადაციებით, ნაზი, ჰარმონიული გემოთი, ხილის ტონებით, ჯიშური არომატით და სასიამოვნო სიტკბოთი.

როზე - ძნელი სათქმელია, როდის გაჩნდა პირველი როზე, თუმცა, ცნობილია, რომ ანტიკურ საბერძნეთში ბევრი ღვინო მკრთალი ვარდისფერი იყო. ასევე ცნობილია, რომ ბერძნები ღვინოს წყალში გაზავებულს სვამდნენ. შესაძლებელია, ბერძნული ღვინო ამიტომაც იყო ვარდისფერი. ქართულად როზე ითარგმება როგორც „წითლად, ვარდისფრად შეფერილი”, მაგრამ ხშირად ვარდისფრის სპექტრი თამამად მრავალფეროვანია, გვევლინება ღია ნარინჯისფრად, გარგარისფრად, ძოწისფრად და ჟოლოსფრადაც კი. ევროპულ ქვეყნებს როზეს დამზადების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვთ. ევროპაში, ისევე როგორც საქართველოში, როზე ტრადიციულად თეთრი ღვინის წითლით შეფერვით მიიღებოდა. დღეს ევროპაში ამ მეთოდით მიღებული როზე ნამდვილ როზედ ვერ ჩაითვლება და წითელი ჯიშებიდან იწურება, ისევე როგორც წითელი ღვინო, იმ განსხვავებით, რომ, ფერმენტაციის პროცესში წვენს ყურძნის გარსთან, ჭაჭასთან გაცილებით ხანმოკლე შეხება აქვს, ვიდრე ეს წითელი ღვინის შემთხვევაშია. მიუხედავად იმისა, რომ „ახალი სამყაროს” ქვეყნები როზეს დიდი რაოდენობით აწარმოებენ, მის ყველაზე მნიშვნელოვან მწარმოებელ ქვეყნად ისევ საფრანგეთი რჩება. სამხრეთში როზესთვის საუკეთესოა ტაველის აპელასიონი და პროვანსი, ჩრდილოეთში კი - ლუარას ხეობა და ანჟუ.
საქართველოში როზეს წითელი ჯიშებიდან დამზადება სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. ერთი შეხედვით ბუნებრივიც არის, რომ როზეს დაწურვა ქართულმა ღვინის კომპანიებმა საუკეთესო კახური ჯიშის - საფერავის ყურძნიდან არჩიეს. თუმცა, როგორც დეგუსტაციაზე ღვინის კლუბის წევრმა, სოლომონ ცაიშვილმა აღნიშნა, „საფერავი როზესთვის ნაკლებად პერსპექტიული ჯიშია. უმჯობესი იქნება, თუ ქართული ღვინის კომპანიები როზეს დაწურვას ისეთი ენდემური ჯიშებიდანაც შეეცდებიან, როგორიც ალადასტური ან თავკვერია”.
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი როზეს სამი ნიმუშიდან ყველაზე მაღალი შეფასება თელიანი ველის როზემ (2008) დაიმსახურა, შემდეგ - ბადაგონის საფერავმა როზემ (2007) და ბოლოს - თელავის ღვინის მარნის (2008) ვარდისფერმა. მე ბადაგონის საფერავ როზეს (2007) მივანიჭებდი უპირატესობას.

საფერავი როზე, ბადაგონი 2007 - ეს მშრალი ვარდისფერი ღვინო ალაზნის ველზე მოწეული საფერავიდანაა დაყენებული. ფერით მღვრიე ჟოლოსფერია, იგრძნობა ვარდისა და მარწყვის ტონები. ჯანიანი ვარდისფერი ღვინოა, ძალიან სასიამოვნო გემოთი და ხანგრძლივი დაგემოვნებით.

როზე, თელიანი ველი 2008 - ეს როზე ღია ალუბლისფერია, გრეიპფრუტის, მჟავე ხილის, ტყლაპის, წითელი კენკრის ტონებით. ალბათ, ყველაზე ძლიერი ვარდისფერია ქართულებს შორის.

როზე, თელავის მარანი 2008 - კონდოლის ვენახის საფერავიდანაა დაწურული, ღია ჟოლოსფერია, საკმაოდ მაღალმჟავიანი, ყვავილებისა და მწიფე საპობი ატმის ტონების შემდეგ წითელი ხილი და მცირედი მინერალურობაც იჩენს თავს.

დაბალი შეფასება მიეცა წარმოდგენილი ტვიშების საერთო დონეს. კლუბის წევრები არაერთხელ და ერთხმად აღნიშნავდენ, რომ ტექნოლოგია მიდრეკილია ღვინის ბუნებრივ დავარგებაში ჩარევით, ჩამოსხმებში ჭარბობს გოგირდის, ხშირად სპირტის გემო. უმეტესად დაკარგულია ან სუსტად არის გამოვლენილი ცოლიკაურის ბუნებრივი არომატი და გემო. ამ მხრივ გამონაკლისი აღმოჩნდა GWS-ის ტვიში (წელი მითითებული არ არის). ამ ჩამოსხმამ, რომელსაც დუღილი ჯერ დასრულებული არ ჰქონდა, უმრავლესობის მოწონება დაიმსახურა. კლუბის წევრთა აზრით, მხოლოდ GWS-ის ტვიში აღმოჩნდა ცოლიკაურის „ჭეშმარიტ ხასიათთან” ყველაზე მიახლოებული, „ორგანული სიტკბოთი, თაფლისა და ზაფხულის ყვავილობის ტონებით”. მეორე ადგილი თელიანი ველისა (2008) და მილდიანის (2005) ტვიშებმა გაინაწილეს.
ტვიში, GWS, წელი მითითებული არ არის - ჩალისფერი, უფრო თაფლისფერი ეთქმის. ყველაზე დაბალანსებული ტვიში იყო ამ დეგუსტაციაზე. ეფექტურ სურნელებსა და დაგემოვნებაში კარგად ჩანდა ცოლიკაურის ჯიშური ნიშნებიც.

ტვიში, მილდიანი 2005 - სხვებთან შედარებით ცოცხალი და მაღალმჟავიანი ტვიშია, თუმცა, ხურმის ჩირისა და ნაღების ტონებიც მოჩანს.

ტვიში, თელიანი ველი 2008 - თელიანი ველის ტვიში სულ ახალი ჩამოსხმულია, ორიოდე თვის. ლეჩხუმში, ტვიშის ზონაში მოყვანილი ცოლიკაურის ბოლო მოსავლის ღვინოა. უფრო ოქროსფერი ეთქმის, ვიდრე ჩალისფერი. ხასიათდება სასიამოვნო სურნელით. გამოირჩევა ლეღვისა და ანანასის ჩირის ტონები.

სტატიაში მოხსენებული ჩამოსხმების შეძენა შესაძლებელია ღვინის მაღაზია „ღვინის სამყაროში” (რ. ლაღიძის 2. ტელ: 98 95 84 ) ან ჰიპერმარკეტ გუდვილის ვაკისა და დიღმის ფილიალებში (ი. ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ: 24 33 02 / 03, ფარნავაზის გამზ. 2. ტელ: 24 36 70).






 

კომენტარები