ვიზიტი

დიდი სტუმრიანობა

კეტრინ ეშტონი

გასულ კვირას საქართველოს ეწვივნენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი და ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერი ჟან ასელბორნი. მანამდე თბილისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სტუმრობდა. უფრო ადრე კი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ შპინდელეგერი.
საგარეო ფრონტზე თითქმის წელიწადნახევრიანი სიმშვიდე ივნისში, საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში ოფიციალური მიწვევით დაირღვა. შემდეგ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს იუბილეზე ესტუმრა. შეხვდა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ყირიმში. შეხვედრის შემდეგ ლუკაშენკომ, რომელსაც ბოლო დროს კრემლთან ურთიერთობები დაეძაბა, თავის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლისაგან.
წინა კვირის ევროპული ვიზიტების ტალღა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ცხოვრების გამოცოცხლების ლოგიკური გაგრძელებაა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბერნარ კუშნერი, საქართველოს 14 ივლისს ეწვია და სადღესასწაულო ვახშამზე პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად აღნიშნა ბასტილიის დაცემის დღე. მომდევნო დილით კი ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ისაუზმა. განსხვავებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნისგან, რომელიც მაისის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა, კუშნერმა საუზმეზე რადიკალური პრორუსული ძალების წარმომადგენლებსაც უმასპინძლა. ნინო ბურჯანაძისა და პეტრე მამრაძის გარდა, შეხვედრაზე ირაკლი ალასანია და თინა ხიდაშელიც იმყოფებოდნენ. ბოლო არჩევნებზე მეორე ადგილზე გასული და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - საუზმეზე არ მიუწვევიათ.
პრორუსულ ძალებთან საუზმიდან „ევროპის სახლში” დებატებზე მისულმა კუშნერმა განაცხადა, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა რუსეთთან პირდაპირი დიალოგიაო. კითხვას, თუ რა ბაზისზე უნდა აიგოს დიალოგი მაშინ, როცა რუსეთი საქართველოს ე.წ. ახალ რეალობასთან - აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობასთან - შეგუებას სთხოვს, მინისტრმა პირდაპირი პასუხი არ გასცა.
სამაგიეროდ, დებატების მიმდინარეობისას ძალზე გულუბრყვილოდ თქვა: „მესმის, რომ 2008 წლის ომის შემდეგ თქვენთვის ამის გაკეთება ძნელია, თუმცა ეს აუცილებელია. ქართველები რუსებს უნდა ესაუბრონ, თუნდაც იმიტომ, რომ რუსები მიხვდნენ და დატოვონ საქართველოს ტერიტორია. თქვენ უნდა ესაუბროთ თქვენს დიდ მეზობელს, რადგან ისინი თქვენი მეგობრები და ჩვენი პარტნიორები არიან”. დიალოგის დაწყებაში კი ქვეყანას ევროკავშირის დახმარება აღუთქვა.
მეტიც, მან რუსეთთან ურთიერთობათა გადატვირთვის წარმატებულ მაგალითად პოლონეთ-რუსეთის დამთბარი ურთიერთობები მოიტანა. „თქვენ იცით, რომ რუსეთსა და პოლონეთს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო, რომელიც ისტორიიდანაც მომდინარეობდა. იქ იყო კატინის ტრაგედია და სხვა მსგავსი მაგალითები. თუმცა, მას შემდეგ, რაც სმოლენსკში ავიაკატასტროფა მოხდა და პოლონეთის ხელისუფლების წევრები დაიღუპნენ, რუსეთსა და პოლონეთს შორის კონსოლიდაცია მოხდა. რუსეთის ხელისუფლებამ ეს ტრაგედია გაიზიარა”, - განაცხადა მან. ამ მაგალითის არაკორექტულობა არავის აღუნიშნავს, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თორნიკე გორდაძემ, კუშნერს მიანიშნა, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის პარალელის გავლება არასწორია, ვინაიდან პოლონეთი - საქართველოსგან განსხვავებით - ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოა.
კუშნერმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი კვლავ ჯიუტად ითხოვს რუსეთისგან აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმების პირობების შესრულებას და ქართველებს მოთმინებისკენ მოუწოდა. ასეთი კონფლიქტების მოგვარებას 2 წელზე მეტი დრო სჭირდებაო - განაცხადა რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე ორასწლიანი დაპირისპირების შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან გაიხსენა, რომ ევროპული ქვეყნები საუკუნეების განმავლობაში ეომებოდნენ ერთმანეთს, ახლა კი მშვიდობიანად თანაცხოვრობენ.
კუშნერი, პრეზიდენტ სარკოზისთან ერთად, აქტიური შუამავალი იყო 2008 წლის აგვისტოს 6-პუნქტიანი ხელშეკრულების გაფორმებისას. მოგვიანებით, 10 ოქტომბერს, იგი საქართველოში რუსული ჯარების გაყვანის პროცესის შესამოწმებლადაც ჩამოვიდა და აღნიშნა, რომ რუსული მხარე შეთანხმებას მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებდა. 26 აგვისტოს „France 2”-თან სატელევიზიო ინტერვიუში კუშნერმა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რუკა აჩვენა, მიანიშნა ქალაქ ახალგორზე და განაცხადა: „ამ ღამით რუსული ჯარები შედიან იქ, ქართველებს იძულებით დევნიან საზღვრებს გარეთ, ეს ეთნიკური წმენდაა”.
თუმცა, ტერმინ „ოკუპაციასთან” დაკავშირებით, კუშნერმა აღნიშნა: მისი გამოყენება პრობლემა არაა, მაგრამ პალესტინის შემთხვევაში, ამ ტერმინის გამოყენებით კონფლიქტი არ მოგვარებულაო. მისი თქმით, საჭიროა სხვა უფრო მნიშვნელოვანი პროცესის - დიალოგის დაწყება.
კუშნერისგან განსხვავებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ, რომელიც თბილისს 12 ივლისს ეწვია, აღნიშნა, რომ პოლონელები უკვე იყენებენ ტერმინ „ოკუპაციას” საქართველოში რუსეთის ქმედებათა აღწერისას. „გარკვეული ხანია, რაც ამ სიტყვას ვიყენებთ და ეს არ შეიცვლება”, - განაცხადა მან. ასევე, კუშნერისგან განსხვავებით და კლინტონის მსგავსად, სიკორსკი მხოლოდ ბოლო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტიების ლიდერებს - ირაკლი ალასანიასა და გიორგი თარგამაძეს შეხვდა.
სიკორსკის ვიზიტს დამატებით მნიშვნელობას სძენდა ის, რომ პოლონეთში პოლიტიკური კლიმატი შეიცვალა. საქართველოს ერთგული მოკავშირის, ლეხ კაჩინსკის, ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოვიდა ბრონისლავ კომოროვსკი - იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების დათბობის მომხრეა. სიკორსკიმ საქართველოში დაადასტურა, რომ პოლონეთი, მიუხედავად შეცვლილი შიდა პოლიტიკური ვითარებისა, პრიორიტეტებს არ ცვლის. ისინი კვლავ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ხელს შეუწყობენ მას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებაში. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პოლონელები რუსეთზე ზეწოლისთვის დიპლომატიურ საშუალებებს გამოიყენებენ, რათა მან შეასრულოს აგვისტოს ომის დროს დადებული ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებაზეც, რომელიც მომავალში დაიდება.
სწორედ ამ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალური დაწყების ცერემონიისათვის ჩამოვიდა 15 ივლისს საქართველოში კეტრინ ეშტონი, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ეს შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას” ჩაანაცვლებს და საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემს.

 

კომენტარები