ახალი შეთავაზება - ნეიტრალური დოკუმენტები

საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს, იზოლაციის ნაცვლად, ჩართულობის პოლიტიკას სთავაზობს. ამ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი „ნეიტრალური პირადობის მოწმობისა” და „სამოგზაურო დოკუმენტის” შეთავაზებაა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის მიერ 3 ივლისს დამტკიცებულ „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში”.
სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ორი ტიპის „ნეიტრალურ დოკუმენტს” შეიმუშავებს, რაც ხელმისაწვდომს გახდის სოციალურ მომსახურებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის, ასევე გაუმარტივებს თავისუფალ გადაადგილებას. სიტყვა „ნეიტრალური” ამ შემთხვევაში ნიშნავს „ნეიტრალურს მოქალაქეობის მიმართ”. გეგმის თანახმად, პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემა-მიღება მხოლოდ პრაქტიკული მიზნებისთვისაა განკუთვნილი. ასეთი პრაქტიკული მიზნები კი, სამოქმედო გეგმის თანახმად, არის ის, რომ: აღნიშნული მოწმობა მიმღებ პირს უფლებამოსილს ხდის, მოითხოვოს ყველა ის სოციალური შეღავათი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქისათვის; ასევე აწარმოოს სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობა, დასაქმდეს კერძო და საჯარო სექტორში, მიიღოს გრანტები და შეღავათიანი კრედიტები და ასე შემდეგ. ამ საბუთის საფუძველზე კი შესაძლებელი იქნება „სამოგზაურო დოკუმენტის” აღება, რომელიც საშუალებას მისცემს მის მიმღებ პირს კანონიერად იმოგზაუროს მთელ მსოფლიოში. ასევე ისარგებლოს საქართველოს მოქალაქეების მიმართ არსებული და მომავალში მოსალოდნელი შეღავათიანი სავიზო რეჟიმებით.
საინტერესოა, რომ აფხაზური მხარე საქართველოს ხელისუფლების წინაშე მუდმივად სვამდა აფხაზური პასპორტებისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭების საკითხს, რუსული პასპორტების აღებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარტშიც, როცა თბილისსა და სოხუმს ცნობილი „ბოდენის გეგმის” ავტორი დიტერ ბოდენი ესტუმრა, სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას ეს მოთხოვნაც „დააბარეს” თბილისში.
თბილისი დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს იზოლაციიდან გამოსვლის მსოფლიოში აპრობირებულ მექანიზმს სთავაზობს. სრული ანალოგიით არა, თუმცა მოქალაქეობისადმი ნეიტრალური მიდგომის მექანიზმი გამოყენებულია ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. მაგალითად, ესტონეთში 1996 წლიდან არსებობს ე.წ. ნაცრისფერი ანუ „არამოქალაქის” პასპორტები, რომლითაც ესტონეთში მუდმივად მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთის მთავრობა ბოლო წლებში „არამოქალაქის პასპორტის” მფლობელებს უკვე თავადაც ურჩევს, გააკეთონ არჩევანი ან ესტონეთის მოქალაქეობის სასარგებლოდ - და დააკმაყოფილონ შესაბამისი პირობები (მათ შორის, ჩააბარონ ესტონური ენის ტესტი) - ან რუსეთის მოქალაქეობის სასარგებლოდ. რუსულენოვანი მოსახლეობა კვლავ არ ჩქარობს რუსული პასპორტების სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებას. ევროკავშირის წევრი ქვეყნის „არამოქალაქის” პასპორტი მათი უმრავლესობისთვის აშკარად უფრო მისაღებია, ვიდრე მათ ენაზე მოსაუბრე რუსეთისა. საინტერესოა, რომ მსგავსი, მოქალაქეობისადმი ნეიტრალური დოკუმენტები, გამოიყენება პალესტინაში, ავტონომიის მოსახლეობის მიმართ - სამგზავრო დოკუმენტის სახით. ეს გამოცდილება ქართულ „ნეიტრალურ პირადობის მოწმობასა” და სამოგზაურო დოკუმენტთან კიდევ უფრო ახლოსაა თავისი შინაარსით, აძლევს რა პალესტინის ავტონომიის მცხოვრებლებს ცივილიზებულ სამყაროში მოგზაურობისა და იზოლაციონიზმისგან გათავისუფლების ლეგალურ უფლებას. მსგავსი მიდგომები ქვეყნის ტერიტორიაზე, ავტონომიის მკვიდრს (მიუხედავად იმისა, რომ არ აღიარებს და არ იღებს ქვეყნის მოქალაქეობას), აძლევს საშუალებას ამ ქვეყანასთან სოციალური, კულტურული, ეკონომიკური კავშირების დამყარებისა, ცივილიზებულ მსოფლიოსთან თანაზიარობისა, რაც კარჩაკეტილი, შეზღუდული აზროვნებისგან თავის დაღწევის, დასავლურ ღირებულებათა გაცნობისა და გაზიარების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
სამოქმედო გეგმის თანახმად, „ნეიტრალური მოწმობებისა” და სამოგზაურო დოკუმენტების აღება ოკუპირებული ტერიტორიის მკვიდრთ შეეძლებათ მხოლოდ ოკუპაციის მიღმა არსებულ საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა განაცხადისა და შესაბამისი საბუთების წარდგენა შესაძლებელი იქნება ინტერნეტითაც. თავად მოწმობები იქნება ბიომეტრიული, რამაც ისინი გაყალბებისგან უნდა დაიცვას. ამასთან, ეს დოკუმენტები აფხაზეთის მოსახლეობისთვის იქნება სამ ენაზე - ინგლისურად, ქართულად და აფხაზურად (ანუ ერთ საერთაშორისო და ორ სახელმწიფო ენაზე), სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის კი ორ - ინგლისურ და ქართულ - ენაზე. მოწმობაში პიროვნების სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი ჩაიწერება.
ამ დოკუმენტების შეთავაზების ფაქტის კომენტირებისას, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად განმარტავენ, რომ მოწმობა თავისუფალია პოლიტიკური ქვეტექსტისაგან. ამბობენ იმასაც, რომ ამ მოწმობათა სანაცვლოდ, ხელისუფლება არ ითხოვს რუსული პასპორტების ჩაბარებას, რომელთა გაცემაც ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობისთვის, საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით, ისედაც უკანონოა.
რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების მმართველ ხელისუფლებათა ოფიციალურ და ღია პოზიციას, კოკოითის წარმომადგენელმა უკვე თქვა, რომ მსგავსი გეგმების განხილვას საერთოდ არ აპირებს და მაშინ, როცა მოსახლეობის დიდ ნაწილს უკვე რუსული პასპორტები აქვს, ასეთი შეთავაზება აზრს კარგავს. აფხაზეთის ლიდერმა კი საქართველოს ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ სტრატეგიის პრეზენტაციის შემდეგ, 2 თებერვალს განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ ამ თემაზე საუბარს და, პასუხად, ენგურზე საზღვარს გააძლიერებენ. სამოქმედო გეგმის გამოქვეყნების შემდეგ კი აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯილიამ განაცხადა, რომ საქართველოსთან უსარგებლო მოლაპარაკებებში ჩართვას აფხაზეთი არ აპირებს. თუმცა, აქვე მაინც დაასახელა მოლაპარაკებათა დაწყების წინაპირობა - კვლავ თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა.


 

კომენტარები