რატომ არ არის მიშა ლიბერტარიანელი

0 კომენტარი

ყველა პოლიტიკური თეორია, რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ ადამიანთა უმეტესობა უცოდინარია. თავისუფლებისთვის მებრძოლნი იმით განსხვავდებიან სხვებისგან, რომ უცოდინრებს მიაკუთვნებენ როგორც საკუთარ თავს, ისე ყველაზე ჭკვიანებს.
ფრიდრიხ ოგიუსტ ჰაიეკი

ალბათ მიხვდით, რატომ გადავწყვიტე ამ სვეტის დაწერა. ყოველი შემთხვევისთვის მაინც დავაკონკრეტებ: რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ლიბერტარიანელია, მაგრამ... სწორედ ეს „მაგრამ” არის ის, რაც მაძლევს წინადადების დასაწყისში გამოთქმულ მოსაზრებაში დაეჭვების საფუძველს.
დაწერა კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ დარწმუნებული ვარ, ასე მხოლოდ პრეზიდენტი არ ფიქრობს. იგივე რწმენა - საკუთარი ლიბერტარიანელობისა - აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების ბევრ სხვა წევრს აქვს. ლიბერტარიანელობა, თავისუფალი ბაზრის რწმენა, ზოგადად თავისუფლების იდეის „განდიდება” კარგ ტონად ითვლებოდა გარკვეულ წრეებში რამდენიმე წლის წინ, როდესაც ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება დაიწყო. დღეს ამ პროცესისგან მხოლოდ ინერციაღა დარჩა, ხოლო ლიბერტარიანული იდეებისგან - მხოლოდ ილუზია.

ლიბერტარიანიზმის უამრავი გაგება არსებობს, თუმცა მათ განსხვავებებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. დაახლოებით რომელი ტიპის ლიბერტარიანელად მიიჩნევს პრეზიდენტი თავს, ადვილი მისახვედრია, თუ გადავხედავთ მისი ერთ-ერთი საპარლამენტო გამოსვლის ტექსტს, რომელშიც, თავისუფლების აქტის წარდგენისას, რამდენიმე ლიბერტარიანელ მოაზროვნეს იხსენებს, კერძოდ კი: ჰაიეკს, როთბარდს და ფრიდმანს. ამ ადამიანთა შეხედულებებიც განსხვავდებოდა რიგ საკითხებში, მაგრამ ერთი რამ ცალსახად შეიძლება ითქვას სამივეზე - ისინი არ იყვნენ ე.წ. მემარცხენე ლიბერტარიანიზმის არც ერთი ფორმის მიმდევრები. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პრეზიდენტს, სულ ცოტა, სჯერა კერძო საკუთრების, ინდივიდუალური და ეკონომიკური თავისუფლების.

„სჯერა” არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი, უბრალოდ, პოზიტიურად უყურებს ამ ფასეულობებს; მას სწამს, რომ სწორედ ამ ფასეულობებზე - და მხოლოდ ამ ფასეულობებზე - დაყრდნობით, შეიძლება აშენდეს თავისუფალი, მდიდარი და პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება. მაგრამ სწამს კი?

საეჭვოა.

პრეზიდენტს სჯერა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა განვითარდეს და რეგიონებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი, მაგრამ... მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ენდობა ამ პროცესს და ნიშნავს საკუთარ გუბერნატორებს, რათა გაზარდოს აღმშენებლობის პროცესის ეფექტურობა.

პრეზიდენტს სჯერა, რომ მედია უნდა იყოს თავისუფალი, მაგრამ... მაგრამ სრული თავისუფლება მაინც საშიშია, ამიტომ უნდა არსებობდეს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, სადაც რამდენიმე ჩინოვნიკი გადაწყვეტს, ვინ უნდა მიიღოს მაუწყებლის ლიცენზია და ვინ - არა.
პრეზიდენტს სჯერა, რომ გადასახადები უნდა იყოს ცოტა და დაბალი, მაგრამ... მაგრამ რა ვქნათ, რომ ხარჯვა სასიამოვნოა? სხვისი ფულის ხარჯვა კი - ათმაგად სასიამოვნო. ამიტომ ჯერ ქონების გადასახადსა და აქციზს ვათავისუფლებთ არმიღებული თავისუფლების აქტის დამთრგუნველი პირობებისგან (განაკვეთის მომატება მხოლოდ რეფერენდუმის წესით), ხოლო შემდეგ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ გადასახადების განაკვეთების კლებას გადავავადებთ 2013 წლამდე.

პრეზიდენტს სჯერა, რომ მთავრობა უნდა იყოს პატარა, რადგან არც ერთი მთავრობის ნდობა არ შეიძლება, მაგრამ... მაგრამ რა ვქნათ, რომ გვჭირდება ახალი სამინისტროები? რა ვქნათ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი ჩვეულებრივ ნორმად იქცა? რა ვქნათ, რომ რთულია გაზულუქებული ბიუროკრატების სახელმწიფო უზრუნველყოფის შეწყვეტა?

პრეზიდენტს სჯერა, რომ იაფი და ხარისხიანი განათლება ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენციით მიიღწევა, მაგრამ... მაგრამ რა მოვუხერხოთ 80.000 მასწავლებელს, რომლებსაც ჩვენი გადასახადებით ვუხდით ხელფასს? მერე რა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ახერხებს ელემენტარული ცოდნის გადაცემას მოსწავლეებისთვის? გამოსავალი ერთია - ცენტრალური დაგეგმარება.

პრეზიდენტს სჯერა თავისუფალი არჩევანის აუცილებლობის, მაგრამ... მაგრამ თავისუფალმა ბაზარმა ვერ მოიტანა „ხელმისაწვდომი” ჯანდაცვა ყველასთვის. ამიტომ ნებისმიერი მოქალაქე იქ უნდა დაეზღვიოს და იქ უნდა იმკურნალოს, სადაც სახელმწიფო ეტყვის.

პრეზიდენტს სჯერა, რომ კონკურენტული პოლიტიკური გარემო მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ... რა ქნან ოპოზიციურმა პარტიებმა, თუ მათ არ შესწევთ უნარი, მოიპოვონ დაფინანსება? გადაშენდებიან. ეს კი სირცხვილია (რას იტყვის დასავლეთი?). ამიტომ უნდა გამოვართვათ მოსახლეობას ფული და დავურიგოთ გამორჩეულ დემაგოგებს, რათა მათი სახეები დიდხანს შემორჩეს ეროვნულ მეხსიერებას.
პრეზიდენტს სჯერა, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, თავად აირჩიოს, რომელ ვალუტას გამოიყენებს სავაჭრო ოპერაციებში, მაგრამ... მაგრამ ასე ხომ შეიძლება დავკარგოთ ლარი, ერის სიამაყე, ქართული იდენტობის ნაწილი? თანაც, ხომ შეიძლება დაგვჭირდეს ფულის ბეჭდვა? მერე რა, რომ ამ გზით ყველა მოქალაქე ზარალდება? ამიტომ უნდა გავაძლიეროთ ეროვნული ბანკი და დავამყაროთ საყოველთაო „ლარიზაცია”.

პრეზიდენტს სჯერა, რომ ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი, მაგრამ... მაგრამ თუ ბიზნესი ახერხებს დიდი მოცულობით ფულის აკუმულირებას, ხომ შეიძლება ის საშიში გახდეს? რა ვიცით, რაში გამოიყენებს თავისუფალ ფულს ბოროტი კაპიტალისტი? ამიტომ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის დროს, საგადასახადო უნდა შევიდეს ტოტალიზატორებში და დათვალოს დაგროვებული ფულის ოდენობა.
პრეზიდენტს სჯერა, რომ...

ალბათ, დიდხანს შევძლებ ასე გაგრძელებას. თუმცა, დასკვნა ერთია - სინამდვილეში პრეზიდენტს სჯერა, რომ ის და/ან მისი გარემოცვა, უფრო გონიერნი არიან, ვიდრე თავისუფალი ბაზარი; სჯერა, რომ პატარ-პატარა „კორექტირებანი” აუცილებელია ეფექტური წინსვლისთვის; სჯერა, რომ ეკონომიკის ცენტრალური მართვა აუცილებელია.

სოციალისტებსაც იგივე სჯეროდათ და სჯერათ. განსხვავება მხოლოდ „მართვის” დოზაშია. მაგრამ... როგორც პრეზიდენტის მიერ ხსენებული ჰაიეკი წერდა, ეს გზა ყოველთვის „ბატონ-ყმობისკენ” მიდის.

ამიტომ არ არის პრეზიდენტი ლიბერტარიანელი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები