საგადასახადო შეღავათები

ბევრი ქვეყანა საგადასახადო სტიმულებს იყენებს შიდა მრეწველობის წახალისებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდავად.
შიდა მრეწველობის წახალისების მიზნით, საქართველო სექტორულ შეღავათებს აწესებს. შეღავათების მხარდამჭერები ამბობენ, რომ მართალია, მოკლევადიან პერიოდში ბიუჯეტი კარგავს გარკვეული ტიპის შემოსავლებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში - მას შემდეგ, რაც ეს სფეროები განვითარდება და შეღავათები მოიხსნება - ბიუჯეტში გადასახადების სახით უფრო მეტი თანხა შევა.
საგადასახადო შეღავათები ხშირად ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკური (ზოგ შემთხვევაში, პოპულისტური) მოტივითაა განპირობებული.
თავისუფალ უნივერსიტეტში 18 ივნისს გამართულ საჯარო პრეზენტაციაზე ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა თქვა, რომ საბიუჯეტო დეფიციტის პირობებში, მთავრობამ საგადასახადო შემოსავლების ალტერნატიული წყაროების მოზიდვის მიზნით, გადასახადის წნეხის გათანაბრება გადაწყვიტა: რადგან ეკონომიკური თავისუფლების აქტი ახალი გადასახადის შემოღებას ან გადასახადის განაკვეთის გაზრდას კრძალავს, ამიტომ შეირჩა გადასახადები, რომლებზეც თავისუფლების აქტი არ ვრცელდება, და სფეროები, რომლებსაც გადასახადების ბაზა არ მოიცავს. მათ შორისაა განათლება და ჯანდაცვა.
საჯარო დისკუსიების შემდეგ მთავრობამ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა. თუმცა, რისკები, რომლებითაც მთავრობა ამ გადაწყვეტილებას ამართლებდა, კვლავაც რჩება. საქართველოს საბიუჯეტო დეფიციტი 6%-ია, რაც ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრულ ნიშნულზე ორჯერ მეტია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მთლიანი საგარეო ვალი 8.8 მილიარდი აშშ დოლარია ანუ მშპ-ს 80%, რაც ეკონომიკური თავისუფლების აქტით დადგენილს აღემატება 1.5-ჯერ. აქედან 2.9 მილიარდი დოლარი, მთლიანი ვალის მესამედზე ცოტა მეტი, სამთავრობო სექტორის ვალია. ერთ სულ მოსახლეზე ვალი 2000 დოლარია. დღეს სახელმწიფო ვალის მომსახურებას სახელმწიფო შემოსავლების 4% ხმარდება; 2013 წლისთვის საქართველოს თავის ვალებში სამნახევარჯერ მეტის გადახდა მოუწევს.
საშინაო ვალი იზრდება სახაზინო ვალდებულებათა გამოშვებით: ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე გასცემს რეფინანსირების სესხებს, შემდეგ კი კომერციული ბანკები სახაზინო ვალდებულებებს შეისყიდიან. შედეგად, იზრდება ფულის მასა და ინფლაცია. წელს ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 6%-ია, რაც შარშანდელს 1%-ით აღემატება. 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სახაზინო ვალდებულებათა გამოშვებით მისაღები საპროგნოზო მოცულობა შეადგენს 100 მილიონ ლარს.
ამდენად, სულ მცირე ორი მიზეზი მაინც არსებობს, ვიფიქროთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ზარალდება ყველა.
პირველი, სექტორული საგადასახადო შეღავათების გამო ბიუჯეტს აკლდება შემოსავლები; მთავრობა ვერ ფარავს ვალდებულებებს და, შესაბამისად, უწევს საშინაო და საგარეო ვალის აღება.
და მეორე, რადგან ზოგიერთი სფერო სარგებლობს შეღავათებით, სხვა კი არა, რთულდება ყველა გადასახადის შემცირება. სექტორული შეღავათების გამო - ანუ თუ ვიღაც არ იხდის გადასახადს და მის მაგივრად სხვა იხდის უფრო მეტს - საგადასახადო წნეხი არათანაბრად ნაწილდება. ახალი საგადასახადო კოდექსით, მაგალითად, მცირე ბიზნესი თავისუფლდება გადასახადებისგან. მეორე მხრივ, საგადასახადო წნეხის გათანაბრების მიზნით, ქონებისა და აქციზის გადასახადი, რომელზეც ეკონომიკური თავისუფლების აქტი არ ვრცელდება, გაზრდილია.
არსებობს მოსაზრება, რომ საგადასახადო შეღავათები დასაშვებია მაშინ, როცა ინვესტიციები აუცილებელია და მათი მოზიდვა სხვანაირად შეუძლებელია.
ამის მაგალითია თავისუფალი ეკონომიკური ზონა (თეზ): საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე ორგანიზაციებისთვის, რომელთაც საქართველოში არსებულ წყაროსთან შეხება არ აქვთ, ნებისმიერი ტიპის ეკონომიკური აქტივობა თეზ-ში თავისუფალია გადასახადებისაგან.
თეზ-ი ძირითადად გათვლილია კომპანიებისთვის, რომლებიც სხვაგვარად არ მოვიდოდნენ საქართველოში, რადგან აქაური ბაზარი არ აინტერესებთ: პროდუქციას აწარმოებენ მსოფლიოს ერთ ბოლოში და ყიდიან მეორეში. საქართველო, ამ მხრივ, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხელსაყრელი ადგილია.
საქართველოს ეკონომიკა ამ კომპანიების მოზიდვით მნიშვნელოვან ხეირს ნახულობს: მაგალითად, მსხვილი ფაბრიკის ამუშავება გაზრდის არა მხოლოდ ინვესტიციის მოცულობას, არამედ დასაქმებასაც. განვითარდება ის მომიჯნავე ბიზნესები, რომლებიც ფაბრიკას მიაწვდიან ნედლეულს და მოახდენენ მზა პროდუქტის დისტრიბუციას. ეკონომიკური აქტივობის მატება გაზრდის ქვეყნის მოქალაქეთა მხარჯველობით პოტენციალს, რაც, თავის მხრივ, გაზრდის მოთხოვნას ახალ საქონელსა და მომსახურებაზე. თუ თეზ-ში წარმოებული პროდუქტი საქართველოში იყიდება, მაშინ მწარმოებელი მოგების გადასახადს იხდის. გარდა ამისა, უცხოურმა ინვესტიციამ შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, განვითარებასა და გავრცელებას.
თუმცა, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისას - მათ შორის, ისეთი ინვესტორებისა, რომელთაც ადგილობრივი ბაზარიც აინტერესებთ და მზად არიან, მოგების გადასახადი იხადონ - პრობლემა საგადასახადო განაკვეთები კი არა, მათი ადმინისტრირების ბუნდოვანი და ორაზროვანი წესებია. ამ პირობებში ინვესტორების დაჯარიმება ადვილია.
მაგალითად შეიძლება გამოდგეს ახალი საგადასახადო კოდექსის 228-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც მხოლოდ ზოგადი ფორმულირებით შემოიფარგლება, როცა ამბობს, რომ საგადასახადო კონტროლის პროცედურებმა გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს პირის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა გააჩეროს მისი საქმიანობა. ახალ კოდექსში ისევ არ არის გაწერილი, რა შემთხვევაში და რა ვადით შეიძლება საწარმოს დალუქვა მის შესამოწმებლად.
ყველა რომ თანაბრად იბეგრებოდეს, მაშინ საგადასახადო განაკვეთის შემცირებაც გამარტივდებოდა: ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მეტი იქნებოდა, მეტი თანხა კი შესაძლებელს გახდიდა გადასახადების ან დეფიციტის შემცირებას, ან თუნდაც ვალის გასტუმრებას. შესაბამისად, წნეხი შემცირდებოდა ყველა გადამხდელზე.
სწორედ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდავად იგეგმებოდა საშემოსავლო გადასახადის შემცირება 20%-დან 18%-მდე და დივიდენდების - რომლებიც ახლა 5%-ით იბეგრება - გათავისუფლება გადასახადისაგან. თუმცა, ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, ამ ცვლილებებს 2013 წლამდე არ უნდა ველოდოთ.


 

კომენტარები