პროტესტი კატალონიაში

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ერთი დღით ადრე მილიონამდე ადამიანმა ბარსელონაში საპროტესტო მარში მოაწყო. კატალონიელებმა საკუთარი დროშით - სენიერათი ხელში გააპროტესტეს ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, შეკვეცოს რეგიონის ავტონომია.
მარტში ესპანეთის პარლამენტმა, მემარცხენე პრემიერის ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს ინიციატივით, მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც კატალონიის ადგილობრივ მთავრობას ენიჭებოდა გადასახადების აკრეფა-გადანაწილების უფლება. კატალონიელებს შეეძლოთ, ჰქონოდათ განსხვავებული საგანმანათლებლო და სასამართლო სისტემა, კატალონიურ ენას კი - აღმატებულება ესპანურზე. ადგილობრივი მთავრობის ხელისუფლების წყაროდ კატალონიის მოსახლეობა ცხადდებოდა. პრემიერ საპატეროს ესპანეთისთვის კატალონიის შენარჩუნების გზად კატალონიისთვის გაფართოებული უფლებების მინიჭება ესახება. კანონპროექტი კატალონიელებმაც მოიწონეს რეფერენდუმზე, მაგრამ ესპანეთის უმსხვილესმა ოპოზიციურმა სახალხო პარტიამ კანონის გასაუქმებლად სარჩელი შეიტანა უზენაეს სასამართლოში.
სასამართლომ კანონის 221 მუხლიდან 113 გააუქმა ან შეცვალა, ეროვნულ კონსტიტუციასთან შეუსაბამობის მიზეზით. დადგინდა, რომ რეგიონში კატალონიურ და ესპანურ ენებს თანაბარი სტატუსი ექნებათ. სასამართლომ მიუღებლად მიიჩნია კატალონიელების „ერად” მოხსენიება - ამ სიტყვას მხოლოდ კულტურული დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს და არა იურიდიულიო.
ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კატალონიაში საკუთარი ენისა და კულტურულ თავისებურებათა მიმართ ინტერესი ფრანკოს რეჟიმის მოშლის შემდეგ გაძლიერდა. 1939-1975 წლებში, დიქტატორ ფრანკოს მმართველობის დროს, აკრძალული იყო კატალონიურ ენაზე საუბარი და წიგნების ბეჭდვა. ვითარებას ამწვავებს ეკონომიკური მდგომარეობა. კატალონია ესპანეთის უმდიდრესი რეგიონია. კატალონიელთა შემოსავალი გაცილებით აღემატება კასტილიურად (ესპანურის მთავარი დიალექტი) მოლაპარაკე მოსახლეობის შემოსავალს. ამ უკანასკნელთ საერთოდ „ემიგრანტებად” მოიხსენიებენ.
კატალონიურ საზოგადოებას არ აქვს ერთიანი პოზიცია რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით. პროტესტის მიუხედავად, კატალონიელთა სამმა მეოთხედმა უყურა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს, ხოლო ესპანეთის ნაკრების გამარჯვების შემდეგ ესპანეთის დროშებიც გამოფინეს ქუჩებში. რადიკალები უკმაყოფილონი დარჩნენ მოვლენების ამგვარი შემობრუნებით. მათ უკვე დაიწყეს ავტონომიის ახალ პროექტზე მუშაობა.



 

კომენტარები