ჯაშუშთა გაცვლა

ვენის აეროპორტი, ჯაშუშებით სავსე ორი თვითმფრინავი
9 ივლისს ვენის აეროპორტში ორი მნიშვნელოვანი რეისი შესრულდა. ერთი - მოსკოვის მიმართულებით, 10 რუსი ჯაშუშით ბორტზე.ხოლო მეორემ ვაშინგტონისკენ გაამგზავრა ოთხი რუსი, რომლებსაც აშშ-ს სასარგებლოდ ჯაშუშობა ედებოდათ ბრალად. სულ აშშ-მ თორმეტი რუსი ჯაშუში გამოამჟღავნა (მათგან ერთი მიმალულია, ერთიც გაცვლის შემდეგ რამდენიმე დღეში დააკავეს. ამ უკანასკნელის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი).
აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ დაკავებულ რუსთაგან ყველა პროფესიონალი ჯაშუშია. მათ სანაცვლოდ კი კრემლმა რუსეთის ოთხი მოქალაქე, დისიდენტები და პოლიტპატიმრები გაათავისუფლა. მაგალითად, იგორ სიუტაგინი 90-იან წლებში სხვა მეცნიერებთან ერთად დააკავეს. მას ჟურნალისტური გამოცემების ანალიზი და ამ ანალიზის ამერიკელებისთვის მიწოდება ედებოდა ბრალად.

ცივ ომამდე ჯეროვანი დაზვერვის სისტემა არც რუსეთსა და არც აშშ-ს არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, საბჭოთა გულაგებში ათასობით ადამიანი იტანჯებოდა ჯაშუშობის ბრალდებით. პირველი „გაცვლა” მეორე მსოფლიო ომის დროს შედგა. 1941 წელს აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დააკავა „ცბიერ სომხად” ცნობილი გავკ ოვაკიმიანი. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ იგი საბჭოთა ჯაშუშების მთელ სისტემას ხელმძღვანელობდა. აშშ-მ ცბიერი სომეხი გაცვალა საბჭოთა კავშირში მცხოვრები ამერიკელი ჟურნალისტების ცოლებზე, რომელთაც სამშობლოში დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ. საბჭოთა კავშირში ჩაყვანისთანავე, ოვაკიმიანს გენერლის თანამდებობა უბოძეს.
მოგვიანებით, 1962 წელს, ამერიკაში ყალბი საბუთებით მცხოვრები КГБ-ს ოფიცერი, რუდოლფ აბელი, დააკავეს საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის და გაცვალეს სადაზვერვო თვითმფრინავის ამერიკელ პილოტზე, ფრენცის გარი პაუერსზე. ორიოდ წელიწადში, 1964 წელს, ბრიტანეთის სადაზვერვო სამმართველოს მიერ გაწვრთნილი გრევილ უანი, რომელიც ბრიტანელებსა და ამერიკელებს აწვდიდა ინფორმაციას კუბაში განთავსებული საბჭოთა იარაღის შესახებ, გაცვალეს რუს ჯაშუშზე - კონონ მოლოდიზე. 1969 წელს დასავლეთ გერმანიაში მომუშავე საბჭოთა ჯაშუში, ჰაინც ფელფე, გაცვალეს ამერიკის ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ გერმანელ სტუდენტზე. დასავლეთ გერმანიის კანცლერის, ვილი ბრანდტის დამხმარედ მომუშავე გუინტერ გუილაუმი, აღმოსავლეთ გერმანიის სტასის აგენტი, 13-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 1981 წელს, გაცვალეს დასავლეთ გერმანიის აგენტებზე. ამერიკელი ჟურნალისტი ნიკოლას დანილოვი გაცვალეს საბჭოთა ჯაშუშზე, გენადი ზახაროვზე (მოგვიანებით, რუსეთის ერთ-ერთი წარმომადგენელი გაეროში). ცივი ომის პერიოდის ჯაშუშთა გაცვლის ყველაზე მასშტაბური და „სარფიანი” გარიგება 1985 წელს შედგა. 23 ადამიანი დასავლეთის ბლოკიდან - რომლებიც აღმოსავლეთ გერმანიაში და პოლონეთში ჯაშუშობისთვის დააკავეს - გაცვალეს აღმოსავლეთ ბლოკის 4 ჯაშუშში. მათ შორის იყო მარიან ზახარსკი, პოლონეთის ყველაზე ცნობილი შპიონი.
1986 წელს გაათავისუფლეს საბჭოთა დისიდენტი ანატოლი შჩარანსკი (მოგვიანებით, შარანსკი, ისრაელის წარმატებული პოლიტიკოსი) და კიდევ სამი ადამიანი. შჩარანსკის დაზვერვასთან საერთო არაფერი ჰქონია. მაშინ იგი ერთი უბრალო ებრაელი დისიდენტი იყო. სანაცვლოდ, აშშ-მ საბჭოთა კავშირს გადასცა კარლ და ჰანა კოეხერები. კარლ კოეხერი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში მუშაობდა თარჯიმან-ანალიტიკოსად და КГБ-ს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა. რაც შეეხება ჰანას, მასთან შედარებით ანა ჩაპმანი ერთი უბიწო გოგონაა. ჰანას სქესობრივი კავშირი ჰქონდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და პენტაგონის რამდენიმე ათეულ თანამშრომელთან, ჟურნალისტებთან და ერთ სენატორთანაც კი. კოეხერები ირიცხებოდნენ მაღალჩინოსან სვინგერთა კლუბში „კაპიტოლიუმის წყვილები”.
ცივი ომის პერიოდში დაკავებულ ჯაშუშთა გაცვლა ორივე მხარისთვის მოგებიანი იყო: საბჭოთა კავშირის შემთხვევაში - ინფორმაციისთვის, რომელსაც ჯაშუშები ფლობდნენ. აშშ-ს შემთხვევაში კი ამ პრეცედენტებს იდეოლოგიური დატვირთვა ენიჭებოდა - ამერიკა ათავისუფლებდა დისიდენტებს.





 

კომენტარები