დროული ვიზიტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, აზერბაიჯანს 4 ივლისს ესტუმრა. ბოლო დროს ოფიციალურ ბაქოსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა გაცივდა. ვიზიტმა კი დაადასტურა, რომ ორივე ქვეყანა თანამშრომლობის აღდგენისკენ ისწრაფის.
ამერიკა და აზერბაიჯანი თანამშრომლობენ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და უსაფრთხოების საკითხებში. ბაქოს დახმარებით მოხერხდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის აშენება, საიდანაც წიაღისეული რუსეთის გვერდის ავლით მიემართება დასავლეთისკენ. აზერბაიჯანი ეხმარებოდა ამერიკას ერაყის, და დღეს უკვე ავღანეთის, ოპერაციებში. ნატო სარგებლობს აზერბაიჯანის საჰაერო და სატრანსპორტო კორიდორით.
ბოლო დროს ბაქოში გახშირდა ანტიამერიკული რიტორიკა მაღალი თანამდებობის პირებისგან. საეჭვოდ მიაჩნდათ ამერიკის ნეიტრალურობა მთიანი ყარაბაღის ვითარების დასარეგულირებლად შექმნილ ეუთოს მინსკის ჯგუფში. შეერთებული შტატების კონგრესს ადანაშაულებდნენ სომხური ლობის გავლენით ოფიციალური ერევნის მხარდაჭერაში, რაც გამოიხატა ამერიკის მიერ ყარაბაღისთვის დაახლოებით 8 მილიონამდე დახმარების გამოყოფის ინიციატივაში.
გარდა ამისა, ბარაკ ობამას ერთ-ერთი პრიორიტეტი - თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზება - ბაქოში მათი ინტერესების იგნორირებად აღიქმებოდა. ბაქო კარგავდა მთავარ პარტნიორს - თურქეთს - სომხეთთან პოლიტიკურ ბრძოლაში. იმოქმედა აზერბაიჯანში ამერიკის ელჩის პოსტის ვაკანტურობამაც 10 თვის განმავლობაში, სანამ თანამდებობას მეთიუ ბრაიზა ჩაიბარებდა. გარდა ამისა, ახალი ადმინისტრაცია ყურადღებას ამახვილებდა ილჰამ ალიევის რეჟიმის დემოკრატიულ ხარვეზებზე.
ფინალური აკორდი ამერიკელებმა 12-13 აპრილს აიღეს. ვაშინგტონში გამართულ ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე არ მიიწვიეს ილჰამ ალიევი. აზერბაიჯანმა ამერიკას მათი საერთო წვრთნების გაუქმებით უპასუხა და ალტერნატიული პარტნიორების ძებნა დაიწყო. იგი რუსეთისკენ და ირანისკენ გადაიხარა.
მეთიუ ბრაიზას აზერბაიჯანში გამწესება შერიგების პირველი სიგნალი იყო. ბრაიზას ახლო კავშირები აქვს ალიევის ოჯახთან და, ასევე, თურქ ლიდერებთან.
გასულ თვეს ამერიკის თავდაცვის მდივნის, რობერტ გეიტსის, ახლა კი ჰილარი კლინტონის ვიზიტით, ვაშინგტონმა აგრძნობინა ბაქოს, რომ მან გააცნობიერა აზერბაიჯანის სტრატეგიული მნიშვნელობა. სახელმწიფო მდივანმა ბაქოსა და ერევანს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდა, რადგან რეგიონის სტაბილურობა ამერიკისთვის უმნიშვნელოვანესია. ამერიკა კვლავაც აუცილებლად მიიჩნევს 2009 წლის ოქტომბერს ციურიხში სომხეთისა და თურქეთის მიერ ხელმოწერილი პროტოკოლის მიღებას, თუმცა ვიზიტისას არ მოუთხოვია ორი ქვეყნის პარლამენტების მიერ „უპირობო” რატიფიკაცია. როგორც ჩანს, დაასკვნეს, რომ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობისა და ყარაბაღის კონფლიქტის ცალ-ცალკე განხილვა შეუძლებელია - წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე პროცესი ჩაიშლება. როგორც ცნობილია, თურქეთმა აზერბაიჯანის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და პროტოკოლის რატიფიკაციის წინაპირობად სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაცლა დაასახელა. ამის გამო კლინტონმა პასუხისმგებლობა პროტოკოლის მიღების პროცესის შეჩერებაზე ანკარას დააკისრა, მაგრამ მოლაპარაკების წინ წასაწევად სომხეთსაც მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდა.
ოფიციალური პირების შეხვედრა არაფრით გამოირჩეოდა. ილჰამ ალიევის თქმით, ქვეყნის პრიორიტეტი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაა. კლინტონმა კი მას სამშვიდობო ინიციატივებში დახმარება აღუთქვა. მხარეებმა ვიზიტისას საჯაროდ ნაკლები აქცენტები გაკეთეს ენერგეტიკულ და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობაზე. თუმცა, Jamestown Foundation-ის ანალიტიკოსი ვლადიმირ სოკორი მიიჩნევს, რომ კლინტონის ვიზიტს მოჰყვება ამერიკის გააქტიურება სხვადასხვა სფეროში. მათ შორისაა ენერგეტიკული თანამშრომლობა და კონფლიქტის მოგვარების ახალი ინიციატივები, რომლებშიც, შესაძლოა, ევროკავშირიც ჩაერთოს. საბოლოოდ, ვიზიტი გახლდათ მინიშნება: ვაშინგტონს რეგიონში მოკავშირეების დაკარგვა არ სურს.



 

კომენტარები