კონფედერაციული ურთიერთობების პერსპექტივა კავკასიაში

მიხეილ სააკაშვილი და ილჰამ ალიევი
18 ივლისს ბათუმში პრეზიდენტმა სააკაშვილმა, აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ორ ქვეყანას შორის კონფედერაციული ურთიერთობების დამყარებაზე ისაუბრა.
„რამდენიმე წლის წინ მე ვსაუბრობდი, რომ კონფედერაციული ურთიერთობა უნდა ჩამოვაყალიბოთ; რეალურად, ქვეყნებს შორის არის ისეთი ურთიერთობები, რომლებიც აღემატება ჩვეულებრივ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს; ჩვენ ვართ ერთმანეთის გაგრძელება... ჩვენ ვართ ერთი ორგანიზმის ნაწილები,” - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ეს გასული წლის მაისშიც თქვა, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას. „ჩვენ, ფაქტობრივად, არაფორმალური კონფედერაცია გვაქვს”, თქვა მან პრესკონფერენციაზე ბაქოში.
მსგავსი წინადადებით სააკაშვილმა სომხეთის პრეზიდენტსაც მიმართა მიმდინარე წლის თებერვალში, სერჟ სარგსიანის საქართველოში ვიზიტის დროს. მაშინ პრეზიდენტები სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
აზერბაიჯანელი მკვლევარები ამ იდეას „საინტერესოს” და „პოზიტიურს” უწოდებენ. მათი აზრით, დღეისათვის ამ იდეის ხორცშესასხმელად ბევრი წინააღმდეგობა არსებობს, თუმცა პროცესის დაწყება შესაძლებელია. სომეხი პოლიტოლოგების რეაქცია უფრო ცივი იყო. ისინი ამ იდეას სერიოზულად არ აღიქვამენ.
ეს სამი ქვეყანა ორჯერ იყო ფედერაციაში გაერთიანებული. პირველი, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა, 1918 წელს, შექმნიდან ორიოდე თვეში დაიშალა. ამ ფედერაციის დაშლის შემდეგ მასში შემავალი ქვეყნები ბოლშევიკურმა რუსეთმა ერთიმეორის მიყოლებით დაიპყრო. მეორე ფედერაციამ - ამიერკავკასიის სოციალისტურმა ფედერაციულმა საბჭოთა რესპუბლიკამ, რომელიც ბოლშევიკებმა 1922 წელს შექმნეს, 1937 წლამდე იარსება. მისი შექმნის ერთ-ერთი მიზეზი ამ ქვეყნებში „კონტრრევოლუციური ძალების ნარჩენების განადგურება” იყო.
კონფედერაციული ურთიერთობები სამივე ქვეყნის ინტერესებშია. საქართველოს სწრაფი განვითარებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება. აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანია ენერგომატარებლებისა და ტვირთების ტრანზიტისთვის. კონფედერაციული ურთიერთობები ხელს შეუწყობს ამ ქვეყნების უფრო მჭიდრო ინტეგრირებას, სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, და გაუადვილებს მათ საერთო პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებთან ერთობლივად გამკლავებას.
 

კომენტარები