დამსახურებული ჯილდო

„ეს ჩემი სამწლიანი მუშაობის დაფასებაა, რისთვისაც მადლობელი ვარ”, - უთხრა ტაბულას ელინა ლანგემ, ლატვიის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა, იმ ღირსების ორდენის შესახებ, რომელიც მას 20 ივლისს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და მხარდაჭერისთვის.
2007 წელს, როცა საქართველოში სამუშაოდ ჩამოვიდა, ძალიან ზოგადი ინფორმაცია ჰქონდა ჩვენს ქვეყანაზე. როგორც ამბობს, ჩამოსვლისთანავე, საქართველომ და ქართველმა ხალხმა სასიამოვნოდ გააკვირვეს.
ახლა ელინა ლანგე ნატო-საქართველოს პროფესიონალური განვითარების პროგრამის მენეჯერია. სამი წლის განმავლობაში მან საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელშესაწყობად ბევრი პროექტი და ინიციატივა განახორციელა. ქალბატონი ლანგე საქართველო-რუსეთის ომის შესახებ პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის - „საქართველო ცეცხლში” - პროდიუსერიც არის.
აგვისტოს ომი მისთვის დიდი ემოციური სტრესი იყო. „ომმა ბალტიის ქვეყნების წარსული გამახსენა, მძიმე მოგონებები გამიცოცხლა. ეს, შესაძლოა, ჩვენთანაც მომხდარიყო,” - ამბობს იგი. მაშინ ელინა ლანგე აქტიურად აშუქებდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, აწყობდა ომის საწინააღმდეგო აქციებს რიგაში.
ქალბატონი ლანგეს თქმით, ლატვიისა და საქართველოს საერთო მძიმე წარსული, საბჭოთა ოკუპაცია, მის მოტივაციას - დახმარებოდა ქვეყანას „რეფორმების გატარებაში, მისწრაფებათა რეალიზებაში, განვითარებაში” - კიდევ უფრო ამძაფრებდა.
მას მიაჩნია, რომ საქართველოსთვის ლატვია და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები განვითარების კარგი მოდელებია. ისინი ერთმანეთს ჰგვანან, საერთო ღირებულებები და მისწრაფებები აქვთ, ამიტომ ბალტიისპირეთის ქვეყნები საკუთარ მოვალეობად მიიჩნევენ, საქართველოს დაეხმარონ. „გარდა ამისა, ჩვენ საბჭოური წარსული გვაკავშირებს”, - თქვა მან და მთელი გულით მოგვილოცა სტალინის ძეგლის ჩამოხსნა. „დიდხანს ველოდი ამ მომენტს. 2008 წელს გორში რომ ჩავედი, ემოციური შოკი მივიღე. ჩახვიდე ამ ქალაქში და ნახო ძეგლი იმ ადამიანისა, რომელმაც ლატვიელთა დიდი ნაწილი გააციმბირა, ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო”, - აღნიშნა ქალბატონმა ლანგემ.
 

კომენტარები