აფხაზეთი

აფხაზეთში მუსლიმი სასულიერო პირი მოკლეს

17 ივლისს გაგრაში მუსლიმი სასულიერო პირი, ემიკ ჩაჩმან-ოღლი მოკლეს. ერთი კვირით ადრე კი სალიხ კვარაცხელიას - სოხუმის მეჩეთის იმამის მოკვლა სცადეს. ჯერჯერობით პოლიცია ვერც დანაშაულის მოტივებზე საუბრობს და ვერც ეჭვმიტანილთა ვინაობას ასახელებს. არც ის არის ცნობილი, აქვს თუ არა საერთო ამ შემთხვევებს 2007 წლის აგვისტოს მსგავსი ტიპის მკვლელობებთან. 2007 წელს გუდაუთაში ჩაჩმან-ოღლის წინამორბედი იმამი, ხამზატ გიცბა მოკლეს, მანამდე კი - მუსლიმური სათვისტომოს წარმომადგენლები.
49 წლის ჩაჩმან-ოღლი, აფხაზეთის მუსლიმთა სასულიერო საბჭოს წევრი და ყოფილი პარლამენტარი, ქართულ-აფხაზურ ომშიც იბრძოდა. რადიო თავისუფლების ცნობით, საბჭოს წევრები მკვლელობას მის რელიგიურ საქმიანობას უკავშირებენ და პირად მოტივებს გამორიცხავენ. მათ ეს მკვლელობები დაგმეს, როგორც ტერორის მცდელობანი. გიცბაც, მსგავსად ჩაჩმან-ოღლისა, აფხაზეთის ომში იბრძოდა, მაგრამ როგორც ჩეჩენთა ამბოხებული საველე მეთაურის, შამილ ბასაევის რაზმის წევრი.
აფხაზური მედიის თანახმად, აფხაზეთის მოსახლეობის 30% მუსლიმია. აქ სულ 2 მეჩეთია - სოხუმსა და გუდაუთაში - მესამე მეჩეთის მშენებლობის დაფინანსების ინიციატივით კი ჩეჩნეთის მმართველი, რამზან კადიროვი გამოვიდა.
მუსლიმები საკუთარი უსაფრთხოების პრობლემებზე 2007 წლის მკვლელობების შემდეგაც საუბრობდნენ. მაშინ მუსლიმთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარე ტიმურ ძიბამ თქვა, რომ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ უშიშროების სამსახურს აცნობა ამ მოვლენამდე თვეებით ადრე, მაგრამ მათ არაფერი გააკეთეს. 2008 წელს ძიბამ ისიც განაცხადა, რომ აფხაზეთში მუსლიმების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ.
ბაღაფშის დაარსებული საზოგადოებრივი პალატა ამ სროლებს იმ ძალებს აბრალებს, რომელთაც აფხაზეთის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაცია და საზოგადოების გახლეჩა სურთ. სავარაუდოდ, ისინი გულისხმობენ საქართველოს, რომელიც აქტიურად ლობირებს თავის სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ჩართულობა თანამშრომლობის გზით.

კომენტარები