ნაბიჯი დემოკრატიისკენ

საქართველო დღეს არ არის სრულყოფილი დემოკრატია: მას ხშირად უწოდებენ „ჰიბრიდულ რეჟიმს” ანუ ნახევრად დემოკრატიას თუ ნახევრად ავტოკრატიას (ტერმინის არჩევა თითოეულის განწყობასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული). ამის მიზეზი ორია: ერთია კონსტიტუციური წყობა, მეორე - პოლიტიკური კულტურა ან საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარების არსებული დონე. თუ საქართველოს პარლამენტი არსებითად დაეთანხმა საკონსტიტუციო კომისიის მიერ 19 ივლისს მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, ამ ორიდან პირველი მიზეზი აღარ იარსებებს.

რა გვაკლია?
რატომ უჭირს დღევანდელ საკონსტიტუციო მოდელს დემოკრატიის თვალსაზრისით? განა ის ხალხის მმართველობას არ ითვალისწინებს? რა თქმა უნდა. მართალია, საქართველოში არჩევნები სრულყოფილად არ ტარდება, თუმცა, როგორც წესი, ხალხს შეუძლია აირჩიოს ის მთავრობა, რომელიც მისთვის უფრო მისაღებია (როცა არ მისცეს ამის საშუალება, რევოლუციაც მოხდა). მაგრამ ლიბერალური დემოკრატია გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ ხალხი ირჩევდეს ხელისუფლებას - მთავარია, ის არჩეული ხელისუფლება შეზღუდული, შებოჭილი იყოს. არ უნდა არსებობდეს თანამდებობის პირი ან სახელისუფლებო ორგანო, რომელიც ხალხის სახელით გააკეთებს ყველაფერს, რაც მოესურვება.

ამის მიღწევის ერთადერთი საშუალებაა ძალაუფლების დანაწილება ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის და მათი ურთიერთგაწონასწორების მექანიზმების შექმნა. თითოეული ინსტიტუტი უნდა იყოს საკმარისად ძლიერი, რათა თავისი ფუნქცია შეასრულოს, მაგრამ საკმარისად შებოჭილი, რომ თავისი უფლებამოსილება უკონტროლოდ არ გამოიყენოს და მოქალაქეთა თავისუფლებას საფრთხე არ შეუქმნას. ჯერჯერობით, მსოფლიოში თვისუფლების უკეთესი გარანტია ვერ მოიფიქრეს. ჩვენი დემოკრატიული დეფიციტის საკონსტიტუციო გამოხატულება არის ძალაუფლების კონცენტრაცია პრეზიდენტის, უფრო ზოგადად კი, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში. სწორედ ეს აქცევს ჩვენს პოლიტიკურ სისტემას ნახევრად ავტორიტარულად.

ამ მოდელს აქვს თავისი პლუსი: ძალაუფლების კონცენტრაცია აადვილებს გადაწყვეტილების მიღებასა და განხორციელებას. არა მგონია, ამ პირობის გარეშე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ასე მოკლე ხანში ასეთი წარმატებით ჩაეტარებინა საკმაოდ რადიკალური რეფორმები: დაემარცხებინა მასობრივი კორუფცია, მკვეთრად აემაღლებინა გადასახადების ამოღების დონე, კუთხეში მოემწყვდია ორგანიზებული დანაშაული, არსებითი ცვლილებები შეეტანა განათლების სისტემაში და ა. შ. ყველა ეს ცვლილება მტკივნეულად ურტყამდა კონკრეტული ადამიანების ინტერესებს; უფრო დაბალანსებულ დემოკრატიულ სისტემაში ეს ჯგუფები შეძლებდნენ ისეთი ბერკეტების ამოქმედებას, რომლებიც რეფორმების განხორციელებას, სულ მცირე, შეანელებდა და შეაფერხებდა.

რად გვინდა დემოკრატია?
მაშ, რატომ უნდა შევცვალოთ ეს სისტემა? იმიტომ, რომ ევროპელები გვაკრიტიკებენ და მათი გვრცხვენია? არა. საერთაშორისო პრესტიჟიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ვერ იქნება გადამწყვეტი არგუმენტი. მთავარია, მმართველობის როგორი მოდელი დაეხმარება უკეთ ქვეყნის განვითარებას. ნახევრად ავტორიტარულ საკონსტიტუციო გარემოში მოქმედ ხელისუფლებას შეუძლია, გაფართოებული უფლებამოსილება მოახმაროს ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების დაჩქარებას ან საკუთარი ჯგუფური ინტერესის მომსახურებას, შეიწყნაროს ოპოზიცია და განსხვავებული აზრი ან მისი სისტემური რეპრესია არჩიოს. ჩემი სუბიექტური შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მთავრობა პირველ ტიპთან გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე მეორესთან. მაგრამ თუ შევადარებთ ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანას, სადაც მართვის კონსტიტუციური სქემა ჩვენი მსგავსია, დავინახავთ, რომ ნახევრად ავტორიტარული მოდელის პირობებში უფრო დიდია იმის ალბათობა, გაცილებით ნაკლებ ლიბერალური და უფრო კორუმპირებული რეჟიმი გქონდეს.

არსებული სისტემის მეორე პრობლემა არამდგრადობაა. 2007-09 წლებში განვითარებულმა მოვლენებმა, რომლებსაც ხან პოლიტიკური კრიზისი ერქვა, ხან კრიზისის ზღვარზე ყოფნა, ძალაუფლების კონცენტრაციის რისკები თვალნათლივ აჩვენა. სადაც ძალაუფლება ერთ ადგილასაა კონცენტრირებული, ყველა აქტიური ადამიანი, ვისაც ძალაუფლების ცენტრთან მისადგომი არ აქვს და სიტუაციით უკმაყოფილოა, მთავრობის წინააღმდეგ ერთიანდება. თუ პოლიტიკურ თამაშში არსებობს ერთადერთი რეალურად ღირებული პრიზი - პრეზიდენტის თანამდებობა, ფსონი მეტისმეტად მაღალია და მოთამაშეები მოქმედებენ პრინციპით - „ყველაფერი ან არაფერი”. ეს ზრდის პოლიტიკური ცხოვრების პოლარიზაციისა და, შესაბამისად, პერიოდული კრიზისების საფრთხეს.

ზოგადად, ჰიბრიდული სისტემები შინაგანად არამყარია. ან რადიკალური და უპასუხისმგებლო ოპოზიცია (ასეთ რეჟიმებში ოპოზიცია ჩვეულებრივ ასეთია) გამოიყენებს არსებულ დემოკრატიულ თავისუფლებებს ახალ-ახალი კრიზისების პროვოცირებისთვის (რომლებიც ხან დამთავრდება ძალაუფლების შეცვლით, ხან არა), ან არასტაბილურობით გაბეზრებული მთავრობა იმ თავისუფლებებსაც შეკვეცავს და „ძლიერი ხელით” ნამდვილ ავტორიტარიზმს დაამყარებს. ბევრი ასეთი ქვეყანა (მაგალითად, ლათინურ ამერიკაში) ციკლურად ვითარდებოდა: ხან ანარქიული თავისუფლება, ხან წესრიგის აღდგენით ნაკარნახევი დიქტატურა.

ბოლო წლების საქართველოში სააკაშვილმა ძირითადად იმიტომ შეძლო სტაბილურობის შენარჩუნება, რომ ის და მისი პარტია პოლიტიკური უნარებით ოპოზიციაზე ერთი თავით მაღლა დგანან. უფრო სუსტი ხელისუფლებისა და უნარიანი ოპოზიციის პირობებში შედეგი შეიძლება საპირისპირო ყოფილიყო. მაგრამ ამ ოპოზიციის შეტევამაც აიძულა მთავრობა, თავდაცვით პოზიციაში გადასულიყო და ზოგი ჩაფიქრებული რეფორმა შეენელებინა ან გადაედო. ძალაუფლების კონცენტრაციის ძირითადი გამართლება - საჭირო, მაგრამ არაპოპულარული რეფორმების გატარების უნარი - ბოლო წლებში, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, რაც ხელისუფლების გულშემატკივართა წუხილსაც იწვევს. ესე იგი, სწრაფი და მტკივნეული რეფომებისთვის ძალაუფლების კონცენტრაციის პოლიტიკამ თავი ამოწურა.

ახალი ბალანსი
ახალ სისტემას ორი კითხვა უკავშირდება: რითაა ის უფრო დემოკრატიული და რა საფრთხეები უკავშირდება მას?

არსებულ სისტემაში პრეზიდენტს, ფაქტობრივად, შეუძლია შეუზღუდავად დანიშნოს ან გაათავისუფლოს ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი: ზოგი პირდაპირ (პრემიერ-მინისტრი, გუბერნატორები), ზოგი - მმართველ პარტიაზე კონტროლის მეშვეობით (პარლამენტის თავმჯდომარე, რაიონის გამგებლები). თავის მხრივ, მმართველ პარტიაზე პრეზიდენტის კონტროლი განსაზღვრულია იმით, რომ ის (ისევე, როგორც თითქმის ყველა ქართული პარტია) იმთავითვე შეიქმნა კონკრეტული პოლიტიკური ლიდერის გარშემო და (სავარაუდოდ) ერთიანობასაც არსებულ მმართველობით სტრუქტურაზე მიბმულობით ინარჩუნებს. სხვათა შორის, პირველი სერიოზული ცვლილება ამ სისტემაში 30 მაისს მოხდა: თბილისის მერი გიგი უგულავა პირველი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, ვისი გადაყენების საშუალებაც პრეზიდენტს არა აქვს. მაგრამ ეს ამინდს ვერ ცვლის.

ახალი სისტემა შერეულია, ანუ აღმასრულებელ ძალაუფლებას ყოფს პირდაპირ არჩეულ პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ პრემიერ-მინისტრს შორის. წარმოდგენილი მოდელით აშკარაა, რომ ქვეყნის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა პრემიერ-მინისტრია. ოღონდ ამ უკანასკნელს არა აქვს პირდაპირი მანდატი ამომრჩევლისგან, ის დამოკიდებულია საპარლამენტო უმრავლესობაზე. მმართველმა პარტიამ ან კოალიციამ ის შეიძლება არჩევნების გარეშეც შეცვალოს. ამდენად, უმაღლესი თანამდებობის პირი არ არის მთლად თავისუფალი არჩევნებს შორის პერიოდში - ის შეიძლება პარტიული პოლიტიკის მსხვერპლი გახდეს.

მეორე მხრივ, პრეზიდენტი, იმის გამო, რომ უშუალოდ ხალხისგან აქვს მიღებული მანდატი, ხელშეუხებელია შემდეგ არჩევნებამდე პერიოდში (იმპიჩმენტის ერთობ რთულ პროცედურას თუ არ ჩავთვლით). მისი უფლებამოსილება შეზღუდულია, მაგრამ მდგომარეობა - მყარი და ლეგიტიმაციის ხარისხი - მაღალი.

მოკლედ, სისტემა აღარ გულისხმობს, რომ არსებობს ერთი ფიგურა, ვის გარშემოც ყველაფერი ტრიალებს. ჩნდება, სულ მცირე, ორი პოლიტიკური ლიდერი და ეს გაორება ხსნის პოლიტიკური მანევრის სივრცეს, თუნდაც ერთი პარტიის შიგნით. მეტიც, ამ ორი ლიდერისგან უფრო ძლიერი კოლექტიურ ორგანოზე - პარლამენტზეა დამოკიდებული.

საფრთხეები
რა თქმა უნდა, ვერც ეს (ვერც რომელიმე სხვა) კონსტიტუცია, თავისთავად, ვერ მოგვცემს ქმედითუნარიანი და სტაბილური დემოკრატიის გარანტიებს. მეტიც, ის ახალ საფრთხეებს შექმნის. როგორც ვთქვი, დემოკრატიის დეფიციტის მეორე (შესაძლოა, უფრო ძირეული) მიზეზი საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველმყოფი ინსტიტუტების, ყველაზე თვალსაჩინოდ - პოლიტიკური პარტიების სისუსტეა. მმართველი პარტიებიც კი მხოლოდ მოჩვენებითადაა ძლიერი და ძალაუფლების დაკარგვისთანავე იშლება. სავსებით შესაძლებელია, ნაციონალურმა მოძრაობამ წინამორბედებს აჯობოს - სულ მცირე, ლიდერის შეცვლას და, მეტიც, ძალაუფლების დაკარგვასაც კი გაუძლოს. მაგრამ სანამ ამას ვერ დავინახავთ, გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით. ოპოზიციური პარტიები ქრონიკულად უპასუხისმგებლო, არამდგრადი და მოკლევადიან წარმატებაზე ორიენტირებულია.

საპარლამენტო სისტემა (რომელსაც ამ ცვლილებებით ვუახლოვდებით), ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ მთავრობა დამოკიდებულია პოლიტიკურ პარტიებზე. როდესაც გვაქვს ისეთი პარტიები, როგორიც გვაქვს, ეს საკმაოდ სარისკოა. მაგრამ, ერთი მხრივ, შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ როცა პარტიებს მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, რამდენადმე მაინც დაღვინდებიან და დაბრძენდებიან. მაგრამ რაკი ეს იმედი მთლად ბოლომდეც ვერ გვაქვს, საკონსტიტუციო მოდელში კომისიამ ჩადო მექანიზმები („უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი” და პრეზიდენტის ვეტო), რაც გაუძნელებს უპასუხისმგებლო და დესტრუქციულ პარტიებს, ადვილად ჩამოაგდონ მთავრობა, თუ მყარი ალტერნატივა არ ექნებათ მზად.

კარგად იმუშავებს ახალი სისტემა? დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი. მგონია, რომ ჯამში ის მეტ პოლიტიკურ მდგრადობას მოგვიტანს, თუმცა შეიძლება ვცდებოდე. ამას მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს. ერთია: როცა საქართველოში ამის შემდეგ დემოკრატიის დეფიციტზე ილაპარაკებენ, ვეღარავინ იტყვის, რომ პრობლემის ძირი კონსტიტუციაა. ევროპელები მაინც ვერ გვეტყვიან, რადგან კონსტიტუცია ნამდვილად მათი სტანდარტისა იქნება.

ნებისმიერ შემთხვევაში სასურველია გვახსოვდეს უინსტონ ჩერჩილის ცნობილი გამოთქმა: დემოკრატია ყოვლად უვარგისი პოლიტიკური სისტემაა და მხოლოდ ერთი გამართლება აქვს - ყველა ალტერნატივა კიდევ უფრო უარესია. ახალ საკონსტიტუციო მოდელსაც ასე უნდა შევხედოთ.

კომენტარები