ბუნებრივი გაზის პერსპექტივები

მეოცე საუკუნე ნავთობის საუკუნედ ითვლება. გასული საუკუნის პირველ ნახევარში ნავთობის პოლიტიკა სამხედრო გამარჯვებათა კატალიზატორი გახდა: პირველ მსოფლიო ომში ჩერჩილის მიერ ბრიტანული ფლოტის ნავთობზე გადაყვანამ ბრიტანულ გემებს, გერმანულთან შედარებით, დიდი უპირატესობა შესძინა, მეორე ნახევარში კი კაცობრიობა უძრაობის ტირანიისგან იხსნა: მეორე მსოფლიო ომში პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა უილიამ ქეისიმ და ამერიკის შუა აღმოსავლელმა პარტნიორებმა ნავთობის ფასი საბჭოთა კავშირის გასაკოტრებლად და ცივი ომის მოსაგებად გამოიყენეს. ოცდამეერთე საუკუნეს ნავთობი აღარ განსაზღვრავს. ასპარეზზე ახალი მოთამაშე - ბუნებრივი გაზი გამოჩნდა.
ასეთი მასშტაბური ცვლილებების გამოწვევა დღეს ორ რამეს შეუძლია: ბუნებრივი გაზის რეზერვებსა და ბიპი-ს ავარიას, როცა ოკეანეში დიდი რაოდენობით ნავთობი ჩაიღვარა.
სულ რაღაც ორი წლის წინათ მსოფლიოს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ამერიკაში და მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც ბუნებრივი გაზის მოპოვება შესაძლებელი გახდებოდა არატრადიციული რეზერვუარების, მაგალითად, ფიქლის ან ნახშირის პლასტების ათვისების გზით.
ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე აღმოაჩინეს: ბუნებრივი გაზის მისაღებად, ინჟინრები დღეს ორ მნიშვნელოვან ინოვაციას იყენებენ. პირველი, იმის ნაცვლად, რომ გაზის წყარო პირდაპირ სიღრმეში გაიბურღოს, ჭები ჰორიზონტალურად იბურღება: სიღრმის გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ ჭების კედლები გვერდებში ფართოვდება და უფრო დიდ არეალს ქმნის მეტი გაზის დაგროვებისთვის. მეორე ტექნოლოგიით, დიდი რაოდენობით წყლისა და ქვიშის ნაზავი მაღალი წნევის ჭავლი ფიქალს მრავალ ნაწილად ყოფს: ფიქალში მომწყვდეული გაზი თავისუფლდება და ჰორიზონტალურ ჭებში გროვდება.
ამ ორი პროცესის დახვეწისა და შეჯვარების შედეგად, ინჟინერიამ პრაქტიკულად არაფრისგან მიიღო ბუნებრივი გაზის ახალი რესურსები, რომლებიც მანამდე გამოუსადეგარ და სრულიად შეუღწევად ფიქლის დეპოზიტებად ითვლებოდა. უეცრად აღმოჩნდა, რომ ტეხასის, პენსილვანიის, ოჰაიოს, ნიუ იორკის, ჩრდილო დაკოტასა და სხვა ბევრ შტატში თუ მის გარეთ - მაგალითად, გერმანიაში, ჩრდილოეთ პოლონეთში, ავსტრიაში, შვედეთში, უნგრეთში, უკრაინასა და კიდევ ბევრ ქვეყანაში - არსებობს ათწლეულების განმავლობაში ბუნებრივი გაზით მომარაგების რეალური პოტენციალი.
რამდენად მნიშვნელოვანია ეს გარღვევა? დეკემბერში Exxon Mobil-მა განაცხადა, რომ მზად არის 41 მილიარდ დოლარად შეიძინოს XTO Energy და გაზის არატრადიციული რესურსების ათვისების მისეული გამოცდილება. ფრანგულმა ენერგოკომპანიამ - Total SA - უკვე გადაიხადა 2.2 მილიარდი დოლარი ტეხასური კომპანიის - Chesapeake Energy Barnett Shale – 25%-იანი წილისთვის. რუსული კომპანია - Gazprom - საკუთარი მონოპოლიური პოზიციის ერთადერთ საფრთხედ უკვე ღიად მიიჩნევს მხოლოდ ფიქლის გაზის მზარდ რესურსებს.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ბუნებრივი გაზის დადასტურებული რეზერვები 50%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს დინამიკა გაგრძელდება. ალბათ, გასაოცარი არცა არის, რომ სხვა ქვეყნები გეოლოგებს შეერთებულ შტატებში გზავნიან, რათა მათ კარგად შეისწავლონ არატრადიციული წყაროებიდან გაზის მიღების ტექნიკა. ჩინეთს, ინდოეთსა და ავსტრალიას - სამივე ამ ქვეყანას - ფიქლის გაზით მდიდარი უზარმაზარი რეზერვები აქვთ. მანჰეტენის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარის, მაქს შულცის შეფასებით, კიდევ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ფიქლის ციებ-ცხელება მხოლოდ ამერიკული ფენომენი არ იქნება და ის მთელ მსოფლიოს მოედება.
ციფრები ამ ვარაუდს ადასტურებს. 2010 წლის საერთაშორისო ენერგეტიკული პერსპექტივების კვლევის თანახმად, მოსალოდნელია ბუნებრივი გაზის მოცულობის ზრდა, განსაკუთრებით, ლათინურ ამერიკაში, ავსტრალიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში არსებული ფიქლის მარაგების გამო. ერთ-ერთი ანალიზით, პოლონეთის პრეზიდენტისა და თითქმის მთელი მთავრობის საეჭვო ავიაკატასტროფაში დაღუპვის მიზეზი, შესაძლოა, სწორედ ფიქლის გაზის პოლონეთში არსებული მდიდარი რეზერვებიც ყოფილიყო.
საერთაშორისო ენერგეტიკული პერსპექტივების კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიო მასშტაბით, არატრადიციული წყაროებიდან მიღებული გაზის მოცულობა 2008-2035 წლებში ყოველწლიურად 5.2%-ით გაიზრდება. ამავე წლებში გაზის მთლიანი მოცულობა მხოლოდ 1.4%-ით გაიზრდება.
რას ნიშნავს ეს? უახლოეს პერსპექტივაში, ბუნებრივი გაზი ჩაანაცვლებს ნახშირს ელექტროენერგიის სექტორში. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ნახშირბადის ემისიას. ბუნებრივ გაზს გავლენა ექნება განახლებად ენერგიაზეც: იაფი ბუნებრივი გაზი შეავსებს ჰიბრიდულ მზის სადგურებს, რომლებიც ელექტროენერგიის ეკონომიკური მიმზიდველობის გასაზრდელად, გამოიყენებენ როგორც მზის სინათლეს, ისე ბუნებრივ გაზს.
უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც უფრო ძვირდება ნავთობი და იაფდება ბუნებრივი გაზი, დიდი სტიმულიც გაჩნდება, რომ ტრანსპორტის სექტორში მეტი ბუნებრივი გაზი გამოიყენონ. კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე მუშაობას შეძლებენ ავტობუსები, საშუალო ზომის სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები.
პარადოქსია, მაგრამ დღეს შეერთებული შტატები, კომპრესირებული ბუნებრივი გაზის ტრასნპორტირების მიზნით გამოყენების მხრივ, დანარჩენ მსოფლიოს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. შარშანდელი მონაცემებით, მსოფლიო ლიდერი პაკისტანი იყო, კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე მომუშავე 2.4 მილიონი ავტომანქანითა და 3 ათასი გაზგასამართი სადგურით. შედარებისთვის, შეერთებულ შტატებს 100 ათასამდე ასეთი ავტომობილი და 1 300 სადგური ჰქონდა. ამის მიზეზი სახელმწიფო რეგულირებაა.
ტექნოლოგიური გარღვევაც მხოლოდ თავისუფალი ბაზრის მუშაობის სპეციფიკამ მოიტანა და არა მთავრობის ნებამ. ამ გარღვევის მზარდი ფინანსური პოტენციალი კი ბუნებრივი გაზის ალტერნატიული წყაროების ძიების პროცესს თვითმდგრადობით უზრუნველყოფს - ისევ და ისევ თავისუფალი ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე: ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ფიქლის გაზის გლობალური ბაზარიც თანმიმდევრულად ფორმირდება. ეს პოზიტიური სიახლეა.
ნეგატიური მხარე ის არის, რომ მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის მასშტაბმა შეიძლება საზოგადოებრივი აზრი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მოპოვების წინააღმდეგ მიმართოს.
წარსულშიც მოიძებნება ისეთი მაგალითები, როცა ენერგეტიკის სექტორში მომხდარ ავარიას ქვეყნების ენერგეტიკულ პერსპექტივაზე სერიოზული გავლენა ჰქონია. მაგალითად, 1986 წელს უკრაინის ქალაქ ჩერნობილში ატომური ენერგიის სადგურზე მომხდარმა ავარიამ ევროპაში ორი ათწლეულით გადაავადა მსგავსი სადგურის მშენებლობა. იგივე მოხდა უფრო ადრე, 1979 წელს, ამერიკაშიც.
დღეს ფიქლის გაზის წინააღმდეგ ერთადერთი გარემოსდაცვითი ბარიერი არსებობს - წყალი. აქტივისტები ამბობენ, რომ ფიქლის დაშლის პროცესში ჰიდროკარბონატები ან სხვა ქიმიური შენაერთები შეიძლება სასმელ წყალს შეერიოს. თუმცა, კვლევებით ეს საფრთხე არ დასტურდება, რადგან გაზის შემცველი და წყლის შემცველი ფენები ერთმანეთისგან დაცილებულია და მათ შორის ქანებისა და ქვების ბევრი შრეა.
ამ ფონზე მოსალოდნელია, რომ ბიპი-ს ავარია კიდევ უფრო მეტ კითხვასა და ეჭვს გააჩენს ბურღვის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. მუშაობის პრაქტიკისა და რეგულაციების გადახედვას, ალბათ, ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდება. აქ მთავარი საფრთხე ის არის, რომ უარყოფითმა საზოგადოებრივმა აზრმა და მთავრობის პოლიტიკამ, შესაძლოა, დიდი ხნით შეამციროს ინვესტიციები ამ სფეროში. კარგია, თუ სასწორის მეორე პინა სათანადოდ შეფასდება.
 

კომენტარები