ოზბორნის, ბიუჯეტისა და ფეისბუქის შესახებ

ჯორჯ ოზბორნი
ევროპის ქვეყნების უმრავლესობას უკვე დიდი ხანია აწუხებს ეკონომიკური პრობლემა. გადამეტებული სოციალური პროგრამები მათ ბიუჯეტებს ძირს უთხრის. ეკონომიკური პრობლემა აქვს გაერთიანებულ სამეფოსაც. მთავრობა ყოველ ოთხ დახარჯულ ფუნტზე ერთ ფუნტს სესხულობს. დავალიანება ისეთ კატასტროფულ ნიშნულს აღწევს, რომ ვალების დამატებით გადასახადზე უფრო მეტი იხარჯება, ვიდრე განათლების სისტემაზე. ბრიტანეთის ახალი ფინანსთა მინისტრი ჯორჯ ოზბორნი ცდილობს, ახალი ბიუჯეტის შემუშავებაში მოსახლეობა ჩართოს, ამისათვის კი ქვეყნის მთავრობა სოციალურ ქსელებს იყენებს.
მოსახლეობის მხარდაჭერა კი ბიუჯეტის შეკვეცის მტკივნეულ პროცესში ხელისუფლებას ჟანგბადივით სჭირდება. ბრიტანეთის მთავრობამ შექმნა ვებგვერდი (http://spendingchallenge.hm-treasury.gov.uk/ ), სადაც ხალხს საშუალება აქვს, ჩაერთოს ხარჯვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში. მომხმარებელს შეუძლია საიტზე აირჩიოს, თუ რომელ დარგში (მაგალითად, თავდაცვა, განათლება) მიაჩნია ხარჯების შემცირება აუცილებლად, შემდეგ კი თავისი იდეა წერილობითი ფორმით მიაწოდოს ხელისუფლებას. მთავრობაში აცხადებენ, რომ რაც შეიძლება მეტ იდეას გაითვალისწინებენ, მათ შორის საუკეთესოს კი ოქტომბერში, ხარჯვის გადახედვისას, რეფორმის სახით გაატარებენ. ოზბორნის განცხადებით, მათ უკვე 56 ათასი საჯარო სექტორში დასაქმებული პირი გამოეხმაურა ახალი იდეებით. გარდა ამისა, უკვე 2 თვეა, რაც ქვეყნის მთავრობას სოციალურ ქსელ ფეისბუქზე საკუთარი გვერდი აქვს (Democracy in UK). მოქალაქეებს შეუძლიათ, ხმა მიაწვდინონ პოლიტიკურ მმართველებს. პირდაპირი დემოკრატიის ეს თანამედროვე ფორმა ძალიან მოსწონს სოციალური ქსელის 26 მილიონ ბრიტანელ მომხმარებელს. საბიუჯეტო ინიციატივის ვებგვერდთან ერთად, ბრიტანეთის ხელისუფლებამ შექმნა საიტი (http://yourfreedom.hmg.gov.uk/), რომელიც მიმართულია არასაჭირო კანონების გაუქმებისკენ. ქვეყნის მოსახლეობას საშუალება ექნება, თავისით დაადგინოს საკუთარი თავისუფლების საზღვრები და თავიდან მოიშოროს უაზრო კანონები. სოციალურ ქსელებს ბიუჯეტის შეკვეცისათვის იყენებენ ამერიკელი რესპუბლიკელებიც. მათ უკვე რამდენიმე თვეა აქვთ ვებგვერდი (republicanwhip.house.gov/YouCut), სადაც ბრიტანული საიტის ანალოგიურად, მოსახლეობას საშუალება აქვს ხმა მიაწვდინოს კონგრესის წევრებს, თუ რომელი ხარჯების შემცირებაა საჭირო და რა სახის რეფორმებია გასატარებელი.
რამდენიმე დღის წინ გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა, ჯორჯ ოზბორნმა, ახალი ბიუჯეტი გამოაქვეყნა. ოზბორნმა გადაწყვიტა, დამატებითი ღირებულების გადასახადი 17,5%-დან 20%-მდე გაეზარდა და სოციალური დახმარებები შეემცირებინა. გაზრდილი საგადასახადო განაკვეთები წელიწადში დამატებით 13 მილიარდ ფუნტს მოუტანს ბიუჯეტს. კანონი ძალაში შევა მომდევნო წლის იანვრიდან. ორი წლით გაიყინება ბავშვთა დახმარება და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები. მოხელეთა ანაზღაურება, რომელიც 21 ათას ფუნტს აღემატება, შემდეგი 2 წლის განმავლობაში არ გაიზრდება, ხოლო უფრო პატარა ხელფასები მოიმატებს მხოლოდ 250 ფუნტით. საჯარო ხარჯები შემცირდება 25%-ით. გადასახადების ზრდა არ შეეხება ალკოჰოლს, თამბაქოსა და საწვავს. ამასთანავე, ოზბორნი გეგმავს, პენსიები ინდივიდუალურად დაუკავშიროს ადამიანის შემოსავლებს. 2011 წლიდან კი დაიბეგრება ბანკები, მათ შორის უცხოურიც, რაც წელიწადში 2 მილიარდ ფუნტს შემატებს ხაზინას.

კომენტარები