არჩევნები ავსტრალიაში

ჯულია ჯილარდი
19 ივლისს ავსტრალიის ახალმა პრემიერმა, ჯულია ჯილარდმა, წარმომადგენელთა პალატის არჩევენების თარიღი გამოაცხადა - 21 აგვისტო. არჩევნები, ჩანს, საკმაოდ დაძაბული იქნება. ორივე მთავარ პარტიას თითქმის თანაბარი რაოდენობის ამომრჩეველი ჰყავს. სავარაუდოდ, არჩევნების ბედს გადაწყვეტს სიმპათიები პარტიათა თავკაცების მიმართ.
ჯულია ჯილარდი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და ავსტრალიის პირველი ქალი პრემიერია. მან პოსტი ერთი თვის წინ გადაიბარა, პარტიის ყოფილი ლიდერის, კევინ რუდის მოულოდნელი გადადგომის შემდეგ. კევინ რუდის პრემიერობაზე წარმატებული არ ითქმის, თუმცა საგარეო პოლიტიკურ დონეზე მას ბევრი გავლენიანი მეგობარი ჰყავდა, მათ შორის, ბარაკ ობამა. რუდი პოპულარული იყო ხალხში, გაცილებით პოპულარული, ვიდრე მისი პარტიის სხვა წევრები, მაგრამ ქედმაღლური და, ამავდროულად, მერყევი ბუნების გამო ხშირად უფუჭდებოდა ურთიერთობა პარტიის წევრებთან, თანაც, ვერ ახერხებდა პოლიტიკური ნების გამოვლენას, ბოლომდე ვერ მიჰყავდა წამოწყებანი. უკანასკნელი ასეთი შემთხვევა იყო, როცა შეიმუშავა გეგმა გარემოს დაბინძურების კვოტებით ვაჭრობაზე და ცოტა ხნის შემდეგ ხელი აიღო განზრახვის განხორციელებაზე. საბოლოოდ, მის პოლიტიკურ კარიერას საძირკველი გამოუთხარა მაღაროების შესახებ კანონების გამკაცრებისა და მაღაროებზე გადასახადების გაზრდის სურვილმა. პარტიაში არაპოპულარულობის გამო რუდიმ არც კი ისურვა შიდა არჩევნებში მონაწილეობა ჯულია ჯილარდის წანააღმდეგ და პირდაპირ გადადგა. პრესკონფერენციაზე კი აცრემლებულმა განაცხადა, რომ ამაყობდა იმით, რაც ავსტრალიისთვის გააკეთა. ჯულია ჯილარდი ბრძოლის გარეშე მოექცა პარტიის სათავეში.
ახალი ლიდერი წარმოშობით უელსიდან არის. მშობლები 4 წლის ჯულიას ავადმყოფობის გამო გადმოვიდნენ ავსტრალიაში საცხოვრებლად. კევინ რუდის მოადგილედ ჯილარდი 2006 წელს დაინიშნა. ამჟამად, მემარცხენე ჯილარდს საკუთარი პარტიის კონსერვატული ნაწილის მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომ მოსალოდნელია, რომ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკოსად წარმოაჩინოს თავი. პრემიერ-მინისტრ რუდისგან განსხვავებით, ჯილარდს კომპრომისებზე წასვლა შეუძლია, რაც მას პარტიასთან ურთიერთობას გაუადვილებს. მისი ქორწინება არაოფიციალურია. ამასთანავე, ცნობილია, რომ პრემიერობის პირველი პრეტენდენტი უარს ამბობს შვილების ყოლაზე, რაც პოლიტიკური ოპონენტებისთვის ხშირად გამხდარა ხელმოსაჭიდი ბრალდება. წინამორბედისგან განსხვავებით, ახალი ლიდერი ათეისტია. იგი არ გამოდის აბორტის წინააღმდეგ და დიდი როლი მიუძღვის არჩევანის მომხრე ავსტრალიელ ქალთა კლუბის მოღვაწეობაში.
ჯილარდის კონკურენტი არის ტონი აბოტი - ლიბერალური პარტიის ლიდერი, ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც ახალგაზრდობაში სულიერი მოღვაწეობით იყო დაინტერესებული. ოპონენტები მას „ცოფიან ბერად” მოიხსენიებენ. აბოტი სკეპტიკურად უყურებს ეკოლოგიის თემას; ემხრობა მკაცრ კანონებს იმიგრაციის შესახებ; კონსერვატიული კათოლიკე იბრძვის აბორტზე კანონის შერბილებისა და ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ; ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შეცვლას იგი უაზრობად მიიჩნევს; მისი თქმით, ამ გადათამაშების შედეგად, არანაირ ცვლილებას არ უნდა ველოდეთ. ავსტრალიის პოლიტიკურ წრეებში „ცოფიანი ბერი” გამოჩნდა 1994 წელს, როდესაც სიდნეის რეგიონის ერთ-ერთი ნაწილის წარმომადგენლად აირჩიეს. მოსახლეობაში აბოტი შედარებით დაბალი მხარდაჭერით სარგებლობს.
არჩევნებამდე მთავარი თემებია იმიგრაციის პრობლემის მოგვარება და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა. მსოფლიო ეკონომიკურმა კატაკლიზმებმა ავსტრალიამდე ვერ მიაღწია, თუმცა ორივე კანდიდატი აპელირებს ეკონომიკაზე და ორ წელიწადში ეკონომიკურ ზრდას ჰპირდებიან ამომრჩეველს. ორივე კანდიდატისთვის ცხადია, რომ იმიგრაციის პრობლემა ავსტრალიაში მოსაგვარებელია, რადგან ქვეყანამ მეტისმეტად ბევრი ადამიანი შეიფარა. ჯილარდიცა და აბოტიც ამომრჩეველს იმიგრაციის კანონების გამკაცრებას ჰპირდებიან, თუმცა მცირე განსხვავება მაინც არსებობს: ჯილარდი აღმოსავლეთ ტიმორის იმიგრანტებისთვის ტრანზიტული ცენტრის აგებას აპირებს, აბოტი კი - გემების უკან გაბრუნებას.
გაზეთ ავსტრალიენის წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ლიდერობს ჯილარდი და ლეიბორისტული პარტია, მაგრამ განსხვავება მცირეა - 50% 32%-ის წინააღმდეგ. წარმომადგენელთა პალატაში, საიდანაც მთავრობა კომპლექტდება, ლეიბორისტული პარტია 16 ადგილით უსწრებს ლიბერალურ პარტიას. ამ არჩევნებზე ლიბერალებს 17-ით მეტი ადგილის მოპოვება სჭირდებათ, რათა მთავრობაში მოხვდნენ. ანუ, ოპოზიციას ლეიბორისტების ამომრჩეველთა 2.3%-ის გადმობირება მოუწევს. ეს რთული ამოცანაა. ლიდერის შეცვლის შემდეგ ლეიბორისტული პარტიის რეიტინგმა საგრძნობლად აიწია. არჩევნების ასე მოულოდნელად დანიშვნა ჯულია ჯილარდის პარტიას აძლევს ხელს. ოპოზიციას უახლოეს 20 დღეში მოუწევს მიმზიდველი საარჩევნო პროგრამის შემუშავება.
არჩევნებზე ავსტრალიელები სენატის 76 წევრიდან 40-ის ვინაობასაც დაადგენენ. მოსახლეობის მიერ არჩეულ მთავრობას დაამტკიცებს ელისაბედ მეორის წარმომადგენელი ავსტრალიაში.
 

კომენტარები