ბებერი მონარქია ცვლილებათა მოლოდინში

მეფე აბდულა
საუდის არაბეთი აბსოლუტური მონარქიისთვის დამახასიათებელ განსაცდელშია. მომრავლდა ხმები 86 წლის მეფე აბდულას ავადმყოფობის შესახებ. მემკვიდრის ვინაობა გაურკვეველია. სავარაუდოდ, ტახტს დაეპატრონება აბდულას ძმა - სულთანი, რომელიც აგრეთვე ავადმყოფობს. ბოლო დროს სამეფო ოჯახში განხეთქილებისა და დაპირისპირების ნიშნებს ხედავენ, რაც კარგს არაფერს უქადის რეგიონს და ხელს არ აძლევს ახლო აღმოსავლეთით დაინტერესებულ ქვეყნებს.
საუდის არაბეთში მეფეს განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს. ქვეყნის წყობილება მოძველებულია. მონარქი თავად არის პრემიერ-მინისტრის ვალდებულების შემსრულებელი. იგი ერთპიროვნულად ნიშნავს პარლამენტის წევრებს და განსაზღვრავს ტახტის მემკვიდრის ვინაობას.
სამეფო ოჯახი 5 ათასამდე ტიტულოვანი წევრისგან და ათობით პოტენციური მემკვიდრისგან შედგება. მნიშვნელოვანია აღიარება ვაჰაბისტი სასულიერო პირებისგან, რასაც მეფე მათთვის გაცემული სხვადასხვა ჯილდოსა თუ პრივილეგიის სანაცვლოდ იღებს. მშფოთვარე რეგიონში მდებარე საუდის არაბეთისთვის, 30 მილიონი მკვიდრითა და ისლამური წმინდა ადგილებით, ამგვარი პოლიტიკური სისტემა სტაბილურობის წინაპირობა ვერ იქნება.
საუდის არაბეთში წყლის ამღვრევის შემთხვევაში, მღელვარება მთელ რეგიონს მოედება. ქვეყანა მიმზიდველია ამერიკისთვის, ავღანეთისა და ერაყის გამო. გარდა ამისა, ეს ქვეყანა მსოფლიო ენერგორესურსების 20%-ს ფლობს. 420-მილიარდდოლარიანი ეკონომიკით საუდის არაბეთი წამყვანია ახლო აღმოსავლეთში. ქვეყნის საგარეო რეზერვების შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს უტოლდება. წინასწარი მონაცემებით, 2010 წლისთვის მთლიანი ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება.
ახალგაზრდა ისლამისტთა დაჯგუფებებმა სამეფო ექსტრემიზმის ბუდედ აქციეს. სწორედ ამ ჯგუფების პირმშოა ოსამა ბინ ლადენი და თვითმფრინავების გამტაცებელთა სამი-მეოთხედი 2001 წლის 11 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შეძლო ძალადობრივ რადიკალიზმთან გამკლავება, პოლიციის ძალისხმევითა თუ ეკონომიკურად გამართული საზოგადოების გულგრილობით რადიკალური ისლამისადმი.
საუდის არაბეთი მწყრალად არის განწყობილი სიახლეებისადმი. მკაცრ პატრიარქალურ საზოგადოებაში განსაკუთრებით იზღუდებიან ქალები. თუმცა, თანამედროვე სამყაროს უნივერსალური პრინციპები ნაბიჯ-ნაბიჯ იქაც იკიდებს ფეხს. ახალმა მთავრობამ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში 200 ათასი სტუდენტი გაუშვა საზღვარგარეთ სასწავლებლად. ეს რაოდენობა მანამდე დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების 20 წლის ჯამურ მაჩვენებელს აღემატება.
1992 წლის კანონის მიხედვით, საუდის არაბეთის სამეფო ტახტი და ქვეყნის სადავეები პირველი მეფის, აბდელ აზიზ იბნ საუდის შთამომავლებისგან „ყველაზე კვალიფიციურს” უნდა ერგოს. მუსლიმური ტრადიციით, სამეფო ხაზი ძმიდან ძმაზე გადადის, მაგრამ მონარქს შეუძლია, თავადვე აირჩიოს შემცვლელი.
საუდის არაბეთის პირველი მონარქი 1953 წელს გარდაიცვალა. მისი 45 მემკვიდრისგან დღეს 35-ია ცოცხალი. აქედან 16 შვილია, დანარჩენი - შვილიშვილები. მეფის ნახევარძმა, 74 წლის სულთანი, გვირგვინოსანი უფლისწულია. ეს ტიტული იმის მაუწყებელია, რომ მეფის სიკვდილის შემდეგ ტახტი მას დარჩება. სულთანი 1962 წლიდან თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს. აქამდე მაროკოში ცხოვრობდა, მაგრამ დეკემბერში სასახლეს დაუბრუნდა და ვალდებულების შესრულება განაგრძო. მემკვიდრეთა ხაზით, სულთანს მისი ძმა, 77 წლის ნაიეკი მოსდევს. 35 წლის განმავლობაში იგი შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ, თუმცა კონსერვატიულ შეხედულებათა გამო საუდის არაბეთის რეფორმისტულ ნაწილს ნაიეკი გულზე არ ეხატება.
სასახლეში შესაძლო დაპირისპირება ქვეყნის მოსახლეობასაც აშფოთებს. საგვარეულო ქიშპმა ორჯერ შეიწირა საუდის არაბეთის ემირატი XIX საუკუნეში. აბდელ საუდის გარდაცვალებასაც მოჰყვა ომი ძალაუფლებისთვის. მისი ორი შვილი ერთმანეთს დაუპირისპირდა. საბოლოოდ, 1964 წელს ფაიზალმა გაიმარჯვა, სუდაირების - აბდელ აზიზის ერთ-ერთი შვილის ძლიერი ჯგუფის დახმარებით. გამარჯვებულმა ფაიზალმა შვიდ სუდაირს მნიშვნელოვანი პოსტები ჩამოურიგა. მათგან უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრი ფადი, 1982 წელს ქვეყნის მმართველი გახდა. მისი შვილი, პრინცი მუჰამედი, ნავთობით მდიდარი აღმოსავლეთ პროვინციის გუბერნატორად დაინიშნა. სულთანს კი თავდაცვის მინისტრის პოსტი ერგო. რამდენიმე წელია სამეფო კარს მთლიანად სუდაირების კლანი უძღვება. ამან განაპირობა საუდის არაბეთის შიდაპოლიტიკური სტაბილურობა და სისტემის დღეგრძელობა. მაგრამ, მონარქის შეცვლის ჟამს, სხვა მემკვიდრეებმა გაერთიანებების შექმნა დაიწყეს გვირგვინის ხელში ჩასაგდებად.
სასახლეში განვითარებული ინტრიგები მეფე აბდულასაც არ გამოჰპარვია. ვითარების განსამუხტავად ოთხი წლის წინ მან ტახტის 35 კანდიდატისგან შემდგარი ორგანო „ერთგულების კომისია” დააარსა. მონარქის თქმით, ყველასთვის სასურველი კანდიდატის დამტკიცებასთან ერთად, „ერთგულების კომისია” ქვეყნის მოდერნიზაციასაც განაპირობებდა. კრიტიკოსების აზრით კი ინიციატივა მხოლოდ მონარქიის განმტკიცებას ისახავდა მიზნად. ეს პოზიცია გაამყარა შარშანდელმა მოვლენამაც, როცა მეფე აბდულამ პრინცი ნაიფი სულთნის მემკვიდრედ საბჭოს წევრებთან მოლაპარაკების გარეშე დაასახელა.
დღეისათვის საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებს - მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრსაც - ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. გვირგვინის მოსაპოვებლად, უფროსი თაობიდან სწორედ სულთანი და ნაიფი იბრძვიან. მრავალრიცხოვანი შვილიშვილებიდან კი გამოარჩევენ ნაიფისა და ფადის ვაჟებს.
სამეფო ოჯახი უარყოფს სასახლეში რამენაირი დაპირისპირების არსებობას, თუმცა მოსახლეობა ცვლილებებს ითხოვს. ისინი, მმართველი ოჯახის ჩამოგდების ნაცვლად, წყობის ტრანსფორმაციას უჭერენ მხარს. უკიდურესი ფუნდამენტალისტებიცა და დასავლეთში განათლებამიღებული ლიბერალებიც კონსტიტუციურ მონარქიას ემხრობიან.
 

კომენტარები