მთავარი პასუხის მოლოდინში

დინამო - გეფლე, თბილისელებმა შვედებს ორივე შეხვედრაში 2:1 მოუგეს
 ევროპის საკლუბო ტურნირებში საქართველო წლეულს ოთხი კლუბით წარდგა: ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის ოლიმპი ჩაერთო, უეფა-ს ევროპის ლიგის პირველ შესარჩევში - თბილისის დინამო და ზესტაფონი, ეტაპით გვიან კი - თბილისის ვიტ ჯორჯია.
საქართველოს ჩემპიონი ოლიმპი და ქვეყნის თასის მფლობელი ვიტ ჯორჯია პირველივე მეტოქესთან დამარცხდნენ, ზესტაფონმა და დინამომ კი ორ-ორი მოწინააღმდეგე ჩამოიშორეს და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააღწიეს.
ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.
ოლიმპი, როგორც მოსალოდნელი იყო, დამარცხდა. 2007-2008 წლების სეზონის მსგავსად, რუსთაველთათვის ყაზახური ბარიერი ამჯერადაც დაუძლეველი გამოდგა - ქართველი ფეხბურთელები სამი წლის წინ კუშტანაის ასტანასთან განადგურდნენ, ამჯერად კი აკტობესთან შერცხვნენ.
პირველ მატჩში ოლიმპი სტუმრად დამარცხდა 0:2, რუსთავში კი ფრედ - 1:1 ითამაშა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაიჩივლა ოლიმპის თავკაცმა თემურ მახარაძემ არაობიექტურ მსაჯობაზე და ამის თაობაზე ყაზახთა მწვრთნელს საჯაროდაც უსაყვედურა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი შეცდომაა. რუსთავში ხომ ნათლად გამოჩნდა სტუმართა უპირატესობა (განსაკუთრებით მეორე ტაიმში) და, კაცმა რომ თქვას, არც რუმინელ არბიტრს მოსვლია ისეთი შეცდომები, საბოლოო შედეგზე გავლენას რომ მოახდენდა.
ჩანს, ქართული კლუბების წაგებაში მსაჯი კიდევ დიდხანს იქნება „დამნაშავე”, ჩვენი ფეხბურთელები კი სეზონიდან სეზონამდე იტყვიან, რომ მოგება შეეძლოთ, მაგრამ არ გაუმართლათ.
ჩვენი მხრივ, მხოლოდ იმას ვიტყვით, რაც დავინახეთ: ოლიმპი ევროსეზონისთვის მზად არ აღმოჩნდა. არც კლუბის მესვეურები და არც ფეხბურთელები. პირველებმა არასწორად გათვალეს ყველაფერი, მოთამაშეებს კი ოსტატობა და ფიზიკური მომზადება არ ეყოთ. სამწუხაროა, მაგრამ კვლავ უნდა ვაღიაროთ, რომ ის, რაც საქართველოს პირველობის მოგებას ყოფნის, ევროპაში არასაკმარისია.
ჩემპიონის დარად, საქართველოს თასის მფლობელმაც დაასრულა ევროსეზონი: ვიტ ჯორჯიას მარცხს ჩეხეთის ბანიკთან მხოლოდ წაგებას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. თბილისელებმა გვიჩვენეს, როგორ არ უნდა ითამაშო ფეხბურთი - შინ ექვსი გოლის გაშვებას მოხერხება უნდა და, სამწუხაროდ, ვიტ ჯორჯიამ ეს შეძლო.
კაცმა რომ თქვას, სხვას რას უნდა ელოდე გუნდისგან, სადაც ფეხბურთელი მწვრთნელს სცემს?!
ცნობისთვის: ერთი გაშვებული გოლიც და ვიტ ჯორჯია ქართული ფეხბურთის ანტირეკორდს გაიმეორებდა - 1999 წლის 16 სექტემბერს, უეფა-ს თასის 1/64 ფინალში, თბილისის ლოკომოტივი ეროვნულზე საბერძნეთის პაოკ-თან 0:7 დამარცხდა. ისე კი, ვიტ ჯორჯიამ მეორედ წააგო შინ ექვსი ბურთის სხვაობით: 2004 წლის 27 ივლისს თბილისელები ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონეთის ვისლასთან (კრაკოვი) 2:8 შერცხვნენ...
რაც შეეხება ზესტაფონსა და დინამოს, მათ ორი ბარიერი დაძლიეს, თუმცა, სან მარინოს ფაეტანოსთან და სლოვაკეთის დუკლასთან, გნებავთ, ესტონეთის ფლორასთან და შვედეთის გეფლესთან გამარჯვება თავმოყვარე გუნდს ძნელად თუ დააკმაყოფილებს. ხსენებულ მეტოქეებთან წაგება უფრო ძნელია, ვიდრე მოგება. ასე რომ, მიღწეულით ტკბობას და სადღეგრძელოებს ისევ მომავალი პაექრობისთვის სათანადოდ მომზადება სჯობს.
ზესტაფონს 29 ივლისს უკრაინის კარპატი ელის, თბილისის დინამოს - ავსტრიის შტურმი.
5 აგვისტოს საპასუხო თამაშების შემდეგ, იმედია, ორივე თუ არა, ერთი ქართული კლუბი მაინც იასპარეზებს პლეი-ოფში. იქ უკვე ისეთი მეტოქეები იქნებიან, პლუსსა და მინუსს ზედმიწევნით კარგად რომ დაგანახებენ.
აი, მაშინ კი იმასაც მივხვდებით, წინ წავიწიეთ თუ კვლავ ერთ ადგილს ვტკეპნით.

კომენტარები